ბიძინა ივანიშვილი:”ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ”

ბიძინა ივანიშვილმა კონგრესს და აშშ-ს პრეზიდენტს შესაძლოა ღია წერილით მიმართოს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამერიკის ფულით დაფინანსებული ენჯეოები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ორგანიზაციებში თავისი ხალხი ჰყავს ჩანერგილი. – “არ გამოვრიცხავ, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ”, – განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა

„პირად შეხვედრებში ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას. ეტყობა არ არის ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკის ინტერესებს ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ნურავის ექნება ეიფორია და მეც არ დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინცდამაინც. ამერიკა ზესახელმწიფოა და უჩემოდაც კარგად ართმევს თავს განვითარებას. რა თქმა უნდა, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება. ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი მათ საწინააღმდეგოს რამეს აკეთებს. ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვიცავთ და ვატარებთ ამერიკულ ინტერესებს. აქ რაც ხდება, რომ ნაციონალების ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენჯეოებს, ესაა ძალიან სამწუხარო რეალობა“,-აცხადებს ივანიშვილი „იმედის“ ეთერში.

  • 73
  •  
  •  
  •  
  •