ბადრი ჯაფარიძე: ,,ქართული ოცნება’’ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ  მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის”

"ლელო" საგანგებო განცხადებას აკეთებს

,,ქართულმა ოცნებამ’’ დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე, რომელმაც სხვა ლიდერებთან ერთად ,,ლელოს’’ საერთო პოზიცია გააჟღერა და აღნიშნა, რომ ერთადერთი გონივრული გამოსალი მომავალი არჩევნების  გერმანული საარჩევნო მოდელით ჩატარებაა.

,,დღეს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ მოხსნა არაადეკვატურობის და ცინიზმის ყველა რეკორდი. ნათელია, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რადიკალიზაცია და მეორე ნაწილის სრულ ნიჰილიზმში ჩაგდება. ამასთანავე, ხელოვნურად დაძაბულობის და არასტაბილურობის კერების შექმნა.

სავალალოა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’’, რომელმაც თავად შექმნა არსებული პოლიტიკური კრიზისი, დღევანდელი განცხადებით, განმუხტვის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. არ დატოვა კომუნიკაციის არანაირი სივრცე და არც კი განიხილა ჩიხიდან გამოსვლის ალტერნატიული გონივრული გზები. ფაქტია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ,,ქართული ოცნება’’ მზად არის, დაუპირისპირდეს საკუთარ  მოსახლეობას და გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის.

ვინაიდან ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა შეგნებულად დაარღვია, მოძრაობა „ლელო“ ამ ვითარებაში, ერთადერთ გონივრულ გამოსავლად მიიჩნევს მომავალი არჩევნების ჩატარებას გერმანული საარჩევნო მოდელით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას და არ საჭიროებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერას.

ამ მოთხოვნით „ლელო“ აგრძელებს მონაწილეობას საზოგადოების სამართლიან პროტესტში’’ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •