სახალხო დამცველი ჭიდაობის ფედერაციის მხრიდან ზურაბ დათუნაშვილზე დისკრიმინაციას არ ადასტურებს

ომბუდსმენი: სახალხო დამცველი, მტკიცებულებათა არარსებობოს გამო, მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს დისკრიმინაციის ფაქტი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხრიდან, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მიმართ დისკრიმინაცია ვერ დაადგინა და სპორტსმენის განცხადებაზე საქმისწარმოება შეწყვიტა.

ზურაბ დათუნაშვილმა სახალხო დამცველის აპარატს განცხადებით 2019 წლის 3 მაისს მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხრიდან, მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას განსხვავებული ნიშნით.

როგორც 18 ნოემბრით დათარიღებულ დასკვნაშია ნათქვამი, განმცხადებელს წერილობით ოთხჯერ ეთხოვა საკუთარი პოზიციისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, ფედერაციის მიერ მოწოდებულ არგუმენტებთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, სახალხო დამცველი წარმომადგენლები არერთხელ დაუკავშირდნენ მას და მის მეგობარს ინფორმაციის მოწოდების მიზნით. აღნიშნულის მიუხედავად, სამწუხაროდ, სახალხო დამცველს, საქმის შესწავლისთვის არსებითი მნიშვნელობის ინფორმაცია და მტკიცებულებები არ მიეწოდა“, – ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში.

განსახილველი საქმის ფარგლებში, სახალხო დამცველი ორ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას – წონის ცვლილებასა და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

„წონითი კატეგორიის ცვლილებასთან დაკავშირებით, განმცხადებელი მიუთითებს, რომ 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა 77 კგ წონით კატეგორიაში, 2017 წელს კი, საქართველოს ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე – 80 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. 2018 წელს კი, 82 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა კარტოზიას ჩემპიონატზე, ვინაიდან ჭიდაობის გაერთიანებამ 80 კგ წონითი კატეგორია, 82 კგ-ით ჩაანაცვლა. განმცხადებლის განმარტებით, წონითი კატეგორიის ცვლილებაზე მწვრთნელები შეზღუდვას ვერ დააწესებენ, ვინაიდან ცვლილება სპორტსმენის ორგანიზმზეა დამოკიდებული. საპირისპიროს აცხადებს მოპასუხე მხარე, რომელმაც განმარტა, რომ სპორტსმენთა სპორტულ ასპარეზობაზე დაშვება ხდება მწვრთნელის მიერ, წონითი კატეგორიის გათვალისწინებით და არა თავად სპორტსმენის სურვილით. 77 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობისთვის კი, განმცხადებელს რეალური წონიდან უნდა დაეკლო, რასაც ერთი მხრივ, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოეწვია და მეორე მხრივ, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა სხვა სპორტსმენებს. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, განმცხადებელს არ მოუწოდებია საკუთარი პოზიცია/მტკიცებულებები.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს, წონითი კატეგორიის ცვლილების მოთხოვნის გამო, ტურნირების გამოტოვება განპირობებული იყო ზურაბ დათუნაშვილის მხრიდან 2018 წლის ზაფხულში გამოხატული კრიტიკით თუ რეალური ობიექტური გარემოებებით“, – წერს სახალხო დამცველის აპარატი თავის დასკვნაში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებას, სახალხო დამცველი გაეცნო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების რეგულაციასა და წესებს, რომელიც ორგანიზაციას ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ მიაწოდა, რომელიც სპორტსმენთა და ეროვნული ფედერაციებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელ აქტებს წარმოადგენს.
ის პროცედურები, რომელსაც ეს რეგულაციები მოიცავს, არ შესრულებულა და უცხო ქვეყანას, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისთვის დათუნაშვილის ტრანსფერის საკითხზე ოფიციალურად არ მიუმართავს, შესაბამისად, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, ზურაბ დათუნაშვილს სხვა ქვეყნის ასპარეზობაზე, უარი ან თანხმობა არ მიუღია, რადგან, მოთხოვნა ოფიციალურად არცერთი ქვეყნიდან არ განხორციელებულა.

ამ ნაწილშიც, სპორტსმენს მტკიცებულება სახალხო დამცველის აპარატისთვის არ წარუდგენია.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საქმეში ცალსახად იკვეთებოდა განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციის ვარაუდი.

„სათანადო და ობიექტური დასკვნის გამოტანისთვის, სახალხო დამცველს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებები არ მიეწოდა. ამდენად, სახალხო დამცველი, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, მოკლებულია შესაძლებლობას, დაადასტუროს დისკრიმინაციის ფაქტი.

შესაბამისად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, N4535/19 განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყვეტილია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში.

  • 36
  •  
  •  
  •  
  •