“ბარსელონას” ექიმები უკანონო პატიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

ესპანელი ექიმები: გთხოვთ, რომ ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ

ცნობილმა ესპანელმა მედიკოსებმა, რომლებიც საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” მუშაობენ, რამონ კუგატ ბერტომეუმ და მონსერატ გარსია ბალბეტომ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს თანადგომა გამოუცხადეს და კოლეგის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ესპანელი ექიმების წერილს, სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი – “თავისუფლება ვაჟა ექიმს” ავრცელებს.

“ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ.

ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ჩვენთვის ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილიც დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

როგორც ჩვენ გავიგეთ ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი ექიმის პროფესიით გახლდათ ნაკარნახევი და პაციენტის მონახულება იყო.

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განსაჯონ და გთხოვთ, რომ ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რათა მისი, მისი ოჯახის და მისი მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რითიც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.

გარწმუნებთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო”, ნათქვამია ესპანელი ექიმების წერილში.

საოკუპაციო რეჟიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა. ქართველი ექიმი, რომელსაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამ დრომდე საპყრობილეში რჩება.

 

  • 18
  •  
  •  
  •  
  •