“ტოტენჰემს” ჟოზე მოურინიო გაწვრთნის

პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისში ბრუნდება

პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემს” გაწვრთნის.

ამის შესახებ ინფორმაციას Skysport ავრცელებს. ბრიტანულ კლუბსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის ხელშეკრულება 2023 წლის სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

“ჩვენ გვჯერა, რომ ჟოზე მინდორსა და გასახდელში გუნდს დიდ ენერგიას მისცემს”, – განაცხადა  “ტოტენჰემის” გენერალურმა დირექტორმა, დენიელ ლევიმ.

“ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ არგენტინელი მაურისიო პოჩეტინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გუშინ გაათავისუფლა. “სპურსი” მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება და პრემიერ ლიგაში, 14 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

მოურინიო პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს, სადებიუტო მატჩი კი, გასვლაზე “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ელის.

ჟოზე მოურინიო ინგლისში, სხვადასხვა დროს “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნიდა.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •