რა ბედი ეწევა და რა საფრთხე ემუქრება ოკუპანტების ტყვეობაში ქართველ ექიმს?

ვაჟა გაფრინდაშვილს შესაძლოა ბრალი დაუმძიმონ

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება – ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების სამსახური დღეს კიდევ ერთ  განცხადებას ავრცელებს.

ე.წ. უწყება ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ბრალის დამძიმებაზე მუშაობას განაგრძობს.

“არსებული მონაცემებით, ის არის შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი, რომელიც სამხედრო ექიმის რანგში 2008 წლის ომში იღებდა მონაწილეობას. დადგინდა, რომ გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, დილით თბილისიდან საზღვართან მდებარე სოფელ საკორინთლოში ჩამოვიდა. ამის შემდეგ კი, უკანონოდ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი. რადგან გაფრინდაშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გაფრინდაშვილს ლენინგორის სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას კანონის თანახმად დაენიშნა ადვოკატი,” – განაცხადა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. უშიშროების კომიტეტის სპიკერმა, ეკატერინა ბიაზროვამ.

ქართველ ექიმს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთსა და 2008 წლის ომში მონაწილეობას ედავება.

დღესვე სპეციალური განცხადება გაავრცელა ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფომ, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს მუშაობდა. როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, ექიმს საომარი მოქმედებების დროს საავადმყოფო არ დაუტოვებია და ის დაჭრილ-დაშავებულ ადამიანებს მკურნალობდა.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •