„პიარ კლუბი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ქართველი ექიმის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული გაერთიანება,  საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „პიარ კლუბი“ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მოუწოდებს აწარმოონ საზოგადოებასთან პროაქტიური კომუნიკაცია თუ  ვისთან, როდის და როგორ აწარმოეს მოლაპარაკება ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პიარ კლუბი“ საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწე ადამიანების პირველი და ერთადერთი პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ პროფესიონალს.

„პიარ კლუბის“ წევრები გამოვხატავთ ჩვენ აღშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ოკუპაციური რეჟიმის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გატაცებული იქნა ცნობილი ექიმი – ვაჟა გაფრინდაშვილი, რითაც უხეშად დაირღვა ყველა საერთაშორისო კონვენცია თუ შეთანხმება.

ვაჟა გაფრინდაშვილს უკვე მიუსაჯეს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ცხინვალის ციხეში, ხოლო წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას არ მიეცა საშუალება ენახა გატაცებული ექიმი და დოკუმენტურად დაეფიქსირებინა მისი არსებული მდგომარეობა.

მიგვაჩნია ის, რომ ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების მუდმივი გატაცება და სიცოცხლის ხელყოფა ემსახურება ერთ მიზანს – საქართველოს თითოეული მოქალაქის დემორალიზებას, ქვეყნის თავდაცვის უუნარობის დემონსტრირებას, მიტაცებული ტერიტორიების ოკუპირების ლეგიტიმაციას საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული ნაწილის აღქმაში.

ასევე, მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტით ხდება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და რეპუტაციის შელახვა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება იღებს გზავნილს იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება სარისკოა როგორც კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჰუმანიტარული მისიით მყოფი ქართველი და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის.

ვუცხადებთ სოლიდარობას ვაჟა გაფრინდაშვილს, მისი ოჯახის წევრებს, კოლეგებს და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისგან ველით ეფექტიან ქმედებებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ვთხოვთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, აწარმოონ საზოგადოებასთან პროაქტიური კომუნიკაცია და ყოველდღიურ რეჟიმში ამცნონ მას, ვისთან, როდის და როგორ აწარმოეს მოლაპარაკება ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

მზად ვართ ჩვენი რესურსი მოვახმაროთ სწორ საკომუნიკაციო კამპანიას, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, დიპლომატიურ მისიებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთობლივად საზოგადოების დროული ინფორმირება მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით.” – ნათქვამია პიარ კლუბის განცხადებაში.

  • 17
  •  
  •  
  •  
  •