როუზ გოტმიოლერი: საქართველო გახდება ნატოს წევრი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ყოფილმა მოადგილის, როუზ გოტმიოლერის განცხადებით, საქართველო გახდება ნატოს წევრი და ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია.

ეს განცხადება გოტმიოლერმა, ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ბრიუსელიდან ვიდეომიმართვისას გააკეთა.

“სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავ კონფერენციას ვერ ვესწრები, თუმცა მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ჩამოვსულიყავი. ჩვენი ვიზიტიც ბათუმში გაიმართა და უბრალო დამთხვევა არ არის, რომ ამ კონფერენციასაც ეს შესანიშნავი ქალაქი მასპინძლობს. ამით ჩვენ გვსურდა, ხაზი გაგვესვა ალიანსისთვის ზოგადად შავი ზღვის რეგიონის და კერძოდ, საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობისთვის. ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოსთან განსაკუთრებულია და რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება. პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია – საქართველო გახდება ნატოს წევრი! წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას”, – განაცხადა გოტმიოლერმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვიდეომიმართვაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და ოქტომბერში, ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე ისაუბრა.

“ამჯერად, თანამშრომლობის ამ უმთავრესი ინსტრუმენტის განახლებასა და გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რათა SNGP კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმი გავხადოთ როგორც საქართველოსთვის, ისე ნატო-სთვის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარს უჭერს მეტ საქართველოს ნატო-ში და მეტ ნატო-ს საქართველოში! საქართველო ნატო-ში მეტად არის წარმოდგენილი დიალოგის, ერთობლივი წვრთნებისა და სწავლებების მეშვეობით, ხოლო ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) სახით. ნატო-ს წევრი ქვეყნის ათეულობით ექსპერტი იმყოფება საქართველოში ან ხშირად სტუმრობს საქართველოს და მუშაობს ისეთ კონკრეტული პროექტებზე, როგორიცაა საზღვაო უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია და სხვა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რათა განვავითაროთ თავდაცვითი შესაძლებლობები და ეს არ არის ცოტა, რადგან საქართველო სამაგალითო პარტნიორია. თქვენ ძალიან კარგად იყენებთ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც გეხმარებათ საბოლოო გაწევრიანებისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებით, მდგრადობისა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობის გაძლიერებით. ურთიერთთავსებადობა გვეხმარება ავღანეთის მისიაში, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის მესამე მიმართულებაა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეულად და შეუპოვრად მსახურობენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება თქვენი სამხედროებისა და მთელი ქვეყნის მიერ საერთო უსაფრთხოებისთვის გაღებული მსხვერპლი. ეს იყო ჩემი ბოლო ოფიციალური მივლინება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის რანგში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ოქროს საწმისის ორდენის მიღება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან. ეს მე მახსენებს საქართველოს საამაყო ისტორიას. ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს ახალგაზრდები გვახსენებენ, რომ საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ საამაყო. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ამ კონფერენციის ფარგლებში და ასევე, ალიანსსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას”, – განაცხადა როუზ გოტმიოლერმა

  • 5
  •  
  •  
  •  
  •