იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია, რომელმაც მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა, ოქროს მედალს მიიღებს.

ქაჯაია ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა, იმ ფინალური შეხვედრის გამარჯვებულად გამოაცხადა, რომელიც ქართველმა ფალავანმა ბელარუსის დედაქალაქში დათმო.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად უკვე შეატყობინა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურმა მდივანმა, რაფაელე პანიოციმ.

EOC-დან მიღებული წერილის თანახმად, მძიმე წონის მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადებული ბელარუსი სპორტსმენი, კირილ გრიშჩანკა მხილებულია აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში და ჩამოერთვა ევროპული თამაშების ჩემპიონის წოდება. შესაბამისად, თამაშების ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მიეკუთვნა იაკობ ქაჯაიას.

ამ ახალი გარემოების თანახმად, შეიცვალა თამაშებში მონაწილე ქვეყნების საბოლოო სატურნირო ცხრილი. საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ოქროს 7, ვერცხლის 9 და ბრინჯაოს 14 მედლით ერთი საფეხურით წინ წაიწია და მეექვსე ადგილი დაიკავა (აქამდე მეექვსე პოზიციაზე იყო გერმანიის ნაკრები, რომელმაც მინსკში სულ 26 მედალი აიღო – 7 ოქრო, 6 ვერცხლი და 13 ბრინჯაო).

  • 97
  •  
  •  
  •  
  •