ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა Volvo Open Cup-ის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

საქართველომ, ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, სპორტული წყვილების კატეგორიაში, პირველი მედალი მოიპოვა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირზე, “Volvo Open Cup”-ზე, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყნის 200-დე მოციგურავე მონაწილეობს, ახალბედა ქართველმა სპორტულმა წყვილმა, ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ, მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

წლევანდელ ტურნირზე მედლების პირველი კომპლექტი, იუნიორთა შორის სპორტული წყვილების კატეგორიაში გათამაშდა, სადაც ასპარეზობდა ახალბედა ქართველი სპორტული წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა, რომლებისთვისაც რიგის ტურნირი მათ კარიერაში რიგით მესამე საერთაშორისო ასპარეზობა იყო პოლონეთისა და ხორვატიის გრან პრის ეტაპების შემდეგ. სადებიუტო სეზონის მიუხედავად, ქართველმა წყვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში და საერთო ქულათა ჯამით 156, 54 საპრიზო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ მხოლოდ რუს მოციგურავეებს დაუთმეს საპრიზო ადგილები და მათ, შორის 2019 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ სპორტულ წყვილს.

ამრიგად, საქართველომ ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, სპორტული წყვილების კატეგორიაში, პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც სერიოზული განაცხადია იმისა, რომ საერთაშორისო ტურნირებში საქართველო წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ერთეულთა და სპორტული ცეკვების, არამედ სპორტული წყვილების კატეგორიაშიც.

სწორედ ამ ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელები გახდა 2018 წელს, იუნიორ მოცეკვავე წყვილთა კატეგორიაში, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

  • 17
  •  
  •  
  •  
  •