პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი წესების შემუშავებამდე, შეწყალებაზე საუბარი რთულია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი წესების შემუშავებამდე, შეწყალების საკითხზე საუბარი რთულია.

საქართველოს პრეზიდენტმა, მედიასთან დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ისაუბრა. ზურაბიშვილის განმარტებით, შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, პრეზიდენტის ბრძანებულება უახლოეს მომავალში გამოიცემა.

“შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც ჰქვია შეწყალება. აქაც ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ახალგაზრდები ელოდებიან, რა იქნება ამ კუთხით. მემგონი, არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული. როცა იქნება აღნიშნული წესები, გეტყვით და გაეცნობით”, – გნაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოში, 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს, შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

  • 19
  •  
  •  
  •  
  •