ევრობასკეტ 2021-ის დარბაზით უზრუნველყოფის საკითხები ფიბა-ევროპის კომისიის სხდომაზე განიხილეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, რომელიც ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომისიის წევრია, სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ქალაქ მიუნხენში საშეჯიბრო კომისიის სამუშაო შეკრება გაიმართა, რომელსაც ფიბა-ევროპის პრეზიდენტი, თურგაი დემირელი და გენერალური მდივანი, კამილ ნოვაკი დაესწრნენ.

კომისიის სამუშაო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის ევრობასკეტისთვის მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები გახლდათ. მასპინძელი ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ დაისვა შესაბამისი კითხვები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ერთად 2021 წლის ევრობასკეტს ჩეხეთი, იტალია და გერმანია მასპინძლობენ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ფიბა-ევროპისა და მისი საშეჯიბრო კომისიის ხელმძღვანელებსა და წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ფიბა-ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ მთავარი მოთხოვნა შესაბამისი სტანდარტების დარბაზის უზრუნველყოფაა. პაატა გურასპაულის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია კოორდინებულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რომელმაც ევრობასკეტ 2021-ის სამასპინძლოდ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სტანდარტების დარბაზი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება.

ფიბა-ევროპის მესვეურთა დაინტერესების კიდევ ერთი სფერო გახლდათ ის ფინანსური ვალდებულება, რომელიც ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყნებს აქვთ კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ. ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების კალათბურთის ფედერაციების მხრიდან ფიბა-ევროპაში პირველი ტრანშის დაფარვის ბოლო ვადა 5 ნოემბერია, რაზეც პაატა გურასპაულის პასუხი ევროკალათბურთის მესვეურთათვის დამაკმაყოფილებელი იყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გეგმის ფარგლებში უძღვება ევრობასკეტ 2021-ის საორგანიზაციო საკითხებს და ფინანსური ვალდებულებაც დადგენილ ვადებში იქნება დაფარული.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში უკვე დაბრუნდა და ევრობასკეტის საორგანიზაციო სამუშაოებიც გეგმაზომიერად გრძელდება.

  • 3
  •  
  •  
  •  
  •