დიპლომატიური სკანდალი – ლიეტუვის სასამართლომ საქართველოს ელჩი დააჯარიმა

ქართველ დიპლომატს ქირის გადაუხდელობას და ბინის განადგურებას ედავებიან

სკანდალში გაეხვა საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვაში, ხათუნა სალუქვაძე. ლიეტუვას სასამართლომ, ქართველ დიპლომატს, რომელმაც ვილნიუსის ცენტრში დაქირავებული ბინის დაგროვილი გადასახადები არ გადაიხადა და ამასთან, საცხოვრებელი ბინა დააზიანა, ფულადი სანქცია დააკისრა.

დამტვრეული ავეჯი, დაზიანებული ნივთები, დაგროვილი დავალიანებები –  ვრცელ და ხმაურიან სტატიას ადგილობრივი გავლენიანი გამოცემა აქვეყნებს.

ლიეტუვური გაზეთი lrytas.lt დიპლომატიურ სკანდალს დიდ პუბლიკაციას უძღვნის.

“დიპლომატიური იმუნიტეტი გახდა საბაბი აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის. ლიეტუვაში, საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამაც კი ვერ აიძულა, დაეფარა დაგროვილი დავალიანება. სალუქვაძე, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვას შორის კარგი ურთიერთობებით ამაყობს, დარწმუნებულია, რომ მისი დამსახურებაა გაძლიერებული ორმხრივი პარტნიორობა, მაგრამ ის არ სცნობს ლიეტუვას სასამართლოს განჩინებას, რომელმაც ვერ შეძლო ბინის მეპატრონის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება ვილნიუსში ყოფნის დროს და დააკისრა მას დავალიანებებისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდა.

2016 წლის სექტემბერში, ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ ხელი მოაწერა მანუელ რუიზ გარსიასთან, ვილნიუსის გამზირზე ფეშენებელური ბინის ქირავნობის ხელშეკრულებას.

დიპლომატი, საცხოვრებელ სახლში 2018 წლის 21 სექტემბრამდე ცხოვრობდა და ყოველთვიურად, ქირის სახით, 3050 ევროს იხდიდა. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, დიპლომატმა არ განაახლა ხელშეკრულება და ამასთან, უარი თქვა მეპატრონის ბინაში შეყვანაზე და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებით, მაინც დარჩა სახლში. მეპატრონეს ბინის კარი არც სალუქვაძის მეუღლემ, დავით ჭელიძემ არ გაუღო, როდესაც ის საკუთრების დასაბრუნებლად ადვოკატსა და აღმსრულებელთან ერთად მივიდა. ჭელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ის არ გადავიდოდა საცხოვრებელი ფართიდან და ვალს სრულად გადაიხდიდა.

სალუქვაძე და მისი ოჯახი ბინიდან მიმდინარე წლის აპრილში გადავიდნენ, როდესაც მისი ვადა ამოიწურა ელჩის პოსტზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მეპატრონებ ბინაში შესვლა, სადაც მძიმე ვითარება დახვდა. მიუხედავად იმისა, რომ გარსიამ დიპლომატს გასული წლის ნოემბერში სასამართლოში უჩივლა და ზარალის სრულად ანაზღაურება მოითხოვა, მოგვიანებით, სარჩელი შეცვალა და მხოლოდ გადაუხდელი ქირა მოითხოვა.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, სასამართლომ დააკმაყოფილა მეპატრონის სარჩელი და სალუქვაძეს ვალის, პროცენტისა და სამართალწარმოების ხარჯების გადახდა დაეკისრა, თუმცა, დიპლომატს, მიცემული სამი თვის ვადაში, მესაკუთრის ანგარიშზე ერთი ცენტიც არ დაურიცხავს. სალუქვაძე უარჰყოფს დავალიანებას და ირწმუნება, რომ არ ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ განჩინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გადმოგზავნილია. ბინის ესპანელი მეპატრონე კვლავ აპირებს სარჩელის შეტანას სასამართლოში. გარსიას განცხადებით, ბინა იმდენად არის განადგურებული, რომ მისი რემონტი 20 ათას ევრომდე დაჯდება.

გამოცემის ინფორმაციით, სალუქვაძეს ვალი არ უღიარებია და არც სასამართლოს მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდას აპირებს.

წყარო: lrytas.lt 

 

  • 13
  •  
  •  
  •  
  •