ავტომფლობელთა საყურადღებოდ – ჯარიმები იცვლება!

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება.

ნინო ჯავახაძის განცხადებით, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია – რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

საერთო ჯამში კი შსს გეგმავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები გაამკაცროს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.

გარდა ამ ცვლილებისა,  ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობაც. კერძოდ, თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •