2 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების შედეგი მსოფლიოზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა

2 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ასეთია საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების შედეგი 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც უნგრეთის დედაქალაქმა უპასპინძლა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ბუდაპეშტის პირველობა მეტად იღბლიანი აღმოჩნდა. ზურაბ ჭიღლაძის შეგირდებმა ორი ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. ოქროს მედლები და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები მირზა სხულუხიამ და ტარიელ გაფრინდაშვილმა დაიმსახურეს, ბრინჯაო კი – გიორგი სულავას ერგო.

უიღბლობა უნდა დაერქვას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების გამოსვლას. სოსო ჯაბიძის გუნდმა 4 ფინალი წააგო და შესაბამისად, 4 ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ყველაზე დიდი სენსაცია მსოფლიო ჩემპიონის, ნუგზარ წურწუმიას მარცხი გახდა, რომელმაც პირველივე დაპირისპირება აზერბაიჯანელ ალიევთან დათმო და ტურნირს გამოეთიშა. მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ კი ნახევარფინალში, სომეხ მეტოქესთან ორთაბრძოლა მტკივნეული ხელით დაასრულა და ფინალში ასპარეზობა ვეღარ შეძლო. ფინალები დათმეს გურამ ხეცურიანმა, ლევან ქავჟარაძემ და გიორგი მელიამ. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა რამაზ ზოიძე, ხოლო აივენგო რიკაძემ მესამე ადგილის დაკავება მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯაბიძის გუნდს ოქროს მედალი არ აუღია ბუდაპშეტის მსოფლიოზე, ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდა გუნდური პირველობის შანსს. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში, ირანმა საქართველოს მხოლოდ 1 ქულით აჯობა. 121 ქულით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, გუნდურ პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა და გასული წლის ოქრო, ვერცხლში გადაცვალა.

 

  • 166
  •  
  •  
  •  
  •