საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი ფორუმი მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია.

“მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას და დღეს, ჩვენ ამ სტუმრად გვყავს 2 000-მდე დელეგატს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან.

ისტორიულად საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში.

თანამედროვე ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის ინიციატივას „ერთი სარტყელი, ერთი გზის” შესახებ. ეს ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნასა და არსებულის გაუმჯობესების თაობაზეა, რომელიც ეფუძნება ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს და მისი მიზანია ჩინეთსა და პროექტის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.

საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რამაც უკვე თავისი შედეგიც გამოიღო – დღეს საქართველოს რესპუბლიკას და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას

დღევანდელი ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომლებიც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის ეფექტიანი რეალიზაციის საფუძველია. რა თქმა უნდა, განხილვის თემა იქნება ტრანსპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და მთავრობების მიერ განხორციელებული სავაჭრო რეფორმების საბოლოო ბენეფიციარი. შედარებით მცირე ადმინისტრაციული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ბარიერები, გამარტივებული და ჰარმონიზებული სავაჭრო პროცესები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებას.

მნიშვნელოვანია, რეგიონში არსებული მულტინაციონალური მოთამაშეებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოს შექმნა. არასატარიფო ბარიერების მოხსნა, საზღვრის კვეთის და სხვა ადმინისტრაციული პროცედურების შემსუბუქება.

ხაზგასასმელია, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის გამტარებელია, იმპორტირებული საქონლის 80%-ზე მეტი 0%-იანი იმპორტის გადასახადით იბეგრება. გამარტივებული საბაჟო პროცედურები და მინიმალურია არასატარიფო ბარიერები.

საქართველო, როგორც მხოლოდ 3.7 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, შესაძლოა ვინმემ მიიჩნიოს არა მიმზიდველად. თუმცა, თუ შევხედავთ საქართველოს, როგორც რეგიონულ ჰაბს, მნიშვნელოვან განსხვავებას მივიღებთ და ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ, როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, შემდგომ ევროპის და უფრო მსხვილ დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის.

ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოში თქვენ დაგხვდებათ საინვესტიციო პრეფერენციები, რომლებიც გაძლევთ საშუალებას, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომისთვის. ეს სამომხმარებლო ბაზრების ძირითადი ინფრასტრუქტურა იმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც დღეს საქართველოს უკვე აქვს. ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ჩინეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, ეს არის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ეს არის დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე თურქეთთან, უკრაინასთან. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის მოლაპარაკებები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინდოეთთან და ისრაელთან.

შესაბამისად, საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით ევროპასა და აზიას შორის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად.

ამასთან, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა.

დღევანდელ გლობალურ სამყაროში აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარება არამარტო შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაცაა, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციების კიდევ უფრო გაძლიერებისათვის როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ამ საკითხში, საქართველო დღეს წარმოადგენს სანდო და მყარ პარტნიორს. საქართველო ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის – ტრასეკას წევრია მისი დაარსების დღიდან. ამასთან, 2016 წელს შევუერთდით ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და მას შემდეგ, აქტიურად ვთანამშრომლობთ წევრ ქვეყნებთან. აზიისა და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად, საქართველო ასევე ჩართულია სხვადასხვა ინიციატივაში ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით, როგორიცაა შუა დერეფანი, ლაპის ლაზული და სხვა.

საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულობას. სწორედ აღნიშნულის მისაღწევად საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიც არის: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, მაღალ ჩქაროსნულ ავტოსაგზაო ინფრასტრუქტურაში სერიოზული ინვესტიციები. ასევე აღსანიშნავია, ყველაფერი რაც ხდება საქართველოს შავი ზღვისპირეთში. ჩვენი ნავსადგურები, როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თვალსაზრისით.

აქვე მსურს, ხაზი გავუსვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართვის მნიშვნელობას ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ,ეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, ერთის მხრივ, ჩინეთთან, მეორეს მხრივ, ევროკავშირთან, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონში არის უნიკალური, დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს.

ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დერეფნების განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცდილობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა გადათარგმნოს კონკრეტულ პროექტებში და შესაბამისად, შეასრულოს ენერგეტიკული დერეფნის როლი. აქედან საქართველო მიესალმება და მხარდაჭერას უცხადებს “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარებას, სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას, ასევე ტრანს-ადრიატიკული მილსადენისა (TAP) და ტრანს-ანატოლიური მილსადენის (TANAP) განვითარებას, რომელსაც „ენერგიის აბრეშუმის გზადაც” მოიხსენიებენ.

და ბოლოს, არ შემიძლია არ შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს – თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელზეც ჩვენ სხვადასხვა პანელებზეც გვექნება საუბარი.

21-ე საუკუნე აღიარებულია, როგორც ციფრული ერა და შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფი ტემპებით განვითარება უკვე მნიშვნელოვნად ახდენს მსოფლიოს ტრანსფორმაციას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

თუმცა, ამ მხრივ არსებობს სერიოზული გამოწვევებიც და რისკები, თუნდაც კიბერუსაფრთხოება, ადამიანის უფლებების, კონფიდენციალურობის და თუნდაც სამუშაო ადგილების რაოდენობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით.

დღევანდელი ფორუმი სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ საკითხებზე ვიმსჯელოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.

შეჯამების სახით ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ორდღიანი ფორუმი იქნება ეფექტური განხილვების ძირითადი პლატფორმა ჩვენი სტუმრებისთვის. დარწმუნებული ვარ ასევე, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი აბრეშუმის გზის პერსპექტივის განხორციელებაში და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს რეგიონს თქვენს თვალში წარმოაჩენს ახალი შესაძლებლობების და ახალი მიღწევების თვალსაზრისით.

გვჯერა, რომ ჩვენ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება, უფრო კარგად და ეფექტურად შევასრულოთ ჩვენი მისია – ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის ხიდი და ვიყოთ ის ადგილი, სადაც ეს ორი ცივილიზაცია ერთმანეთს ხვდება. ჩვენ ხომ საქართველოში ვართ ქვეყანაში, სადაც წარსული და ტრადიციები არის ის ფუნდამენტი, რომელზეც იქმნება ჩვენი მომავალი, ჩვენი ყველას მომავალი, მომავალი ჩვენი რეგიონის და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი ქვეყნების და მოქალაქეების კეთილდღეობის მიზნით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •