საგანგაშო სტატისტიკა – როგორ ამოვიცნოთ დეპრესია და ვებრძოლოთ მას?

ხასიათის ცვალებადობა და მოწყენილობა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მნიშვნელოვანი არასასიამოვნო და ნეგატიური მოვლენები იწვევს ყურადღებისა და მადის დაქვეითებას, ენერგიის დაკარგვას, ძილის პრობლემებს. ეს სიმპტომები განსხვავებულია ყველა ადამიანის შემთხვევაში. თუკი ის გრძელდება ორ კვირაზე მეტ ხანს და ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში, ეს შესაძლოა კლინიკური დეპრესიის ნიშანი იყოს.

რა არის დეპრესია?
დეპრესია ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც ხასიათდება მუდმივი მოწყენილობით, ღრმა მწუხარებით, უენერგიობითა და ინტერესის დაკარგვით აქტივობების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანს, და ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უუნარობით. დეპრესია გულისხმობს ნორმალური ფუნქციონირების ზოგად დაქვეითებას და მისი სიმპტომები ვლინდება კოგნიტურ, ემოციურ, ქცევით, სხეულებრივ და მოტივაციურ დონეებზე. კოგნიტური ცვლილებები ვლინდება ყურადღების კონცენტრირების, აზროვნების, ინფორმაციის გადამუშავების, მეხსიერებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითებაში. ემოციური გამოვლინებებია სევდა და გაღიზიანებადობა, დანაშაულის გრძნობა, თვითბრალეულობა იმის გამო, რომ საკუთარი თავი უზნეო პიროვნებად მიაჩნია. სხეულებრივ დონეზე თავს იჩენს სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი სომატური სიმპტომები. გუნებ-განწყობის დაქვეითებისას ადამიანს აღარ სიამოვნებს ისეთი რამის კეთება, რაც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა და, საბოლოო ჯამში, ყველა ცვლილება იწვევს ყოველდღიური ფუნქციონირების გაუარესებას ან შეუძლებლობას.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?
• ენერგიის დაკარგვა;
• მადის დაქვეითება ან გაძლიერება;
• წონის ცვლილება – მატება ან კლება;
• ზედმეტი ძილიანობა ან უძილობა;
• შფოთვა და გადაჭარბებული წუხილი;
• დაღლილობა;
• ადვილად გაღიზიანებადობა;
• მოძრაობის, საუბრის ტემპის შენელება; კონცენტრაციის გაძნელება;
• მერყეობა;
• მოუსვენრობა;
• განცდა, რომ გამოუსადეგარია;
• თვითბრალდებისა და დანაშაულის განცდა;
• უიმედობისა და უსუსურობის განცდა;
• თვითდაზიანების მცდელობები ან სუიციდური აზრები.

დეპრესიის მქონე ადამიანები შეიძლება არ ავლენდნენ დეპრესიის ყველა სიმპტომს, ზოგიერთს გამოხატული აქვს მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი, ზოგიერთს- უფრო მეტი. სიმპტომების სიმძიმე, სიხშირე და ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები ხშირად განიცდიან დეპრესიის სიმპტომების ანალოგიურ ფსიქოლოგიურ სირთულეებს, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მათ დეპრესია აქვთ. დეპრესიის მდგომარეობის განხილვისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ პიროვნებას არა მხოლოდ სიმპტომები აღენიშნება, არამედ ამ სიმპტომებით გამოწვეული ყოველდღიური ფუნქციონირების გართულებაც. დეპრესია შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს. დეპრესიის მკურნალობა და პრევენცია შესაძლებელია.
რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია?
დეპრესიის განვითარებას შესაძლოა მრავალმა ფაქტორმა შეუწყოს ხელი. ამ ფაქტორების დაყოფა შეიძლება შემდეგ კატეგორიებად:

რამდენად გავრცელებულია დეპრესია?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, გლობალურ დონეზე 322 მილიონ ადამიანს აღენიშნება დეპრესია, რაც მსოფლიო პოპულაციის 4.4%-ის შესაბამისია. დეპრესიის მქონე ადამიანების სრული რიცხვი 2005 და 2015 წლებს შორის გაზრდილია 18.4%-ით.
დეპრესიის გავრცელების მაჩვენებელი განსხვავდება ასაკისა და სქესის მიხედვით. დეპრესია უფრო მეტად გავრცელებული ქალებში (5.1%), ვიდრე კაცებში. მისი პიკი დგება მოზრდილობის ასაკში (7.5%-ზე მეტი 55-75 წლის ქალებში და 5.5% მეტი კაცებში). დეპრესია ასევე ვლინდება ბავშვებსა და 15 წლის ქვემოთ მოზარდებში, მაგრამ უფრო ნაკლებად არის გავრცელებული.
როგორ მოვიქცეთ და არ მოვიქცეთ, თუკი დეპრესიის სიმპტომები აღმოაჩნდა ჩვენს მეგობარს ან ახლობელს?
როგორ მოვიქცეთ?
1. მოუსმინეთ განსჯისა და რჩევის გარეშე, ეცადეთ იყოთ თანამგრძნობნი, მიმღებნი თქვენი მეგობრის ემოციებისა.
2. მოუსმინეთ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, მნიშვნელოვანია თქვენმა მეგობარმა გაიგოს, რომ თქვენ მართლაც გესმით მისი მდგომარეობის სირთულის.
3. დაეხმარეთ სპეციალური სერვისებისა და პროფესიული დახმარების მოძიებაში, დააკავშირეთ სპეციალისტს.
4. არ აიღოთ თქვენს თავზე თერაპევტის როლი, იცოდეთ თქვენი შესაძლებლობების საზღვრების შესახებ, ნუ გექნებათ საკუთარი თავისგან ძალიან მაღალი მოლოდინები.

როგორ არ მოვიქცეთ?
1. არ უთხრათ: „თავი ხელში აიყვანე, ძლიერი უნდა იყო, ნუ ტირი, თავი ნუ გეცოდება, ნუ ხარ უმადური“ – ამის თქმა მათ უკეთესად თავს არ აგრძნობინებს, როგორც წესი – პირიქით. 2. არ შეგეშინდეთ ჰკითხოთ, თუ აქვთ სუიციდური აზრები. ამის მოსმენა თქვენთვის არ იქნება მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანია აგრძნობინოთ თქვენს მეგობარს, რომ ეს ხშირია დეპრესიის შემთხვევაში. ასევე, უნდა აუხსნათ, რომ სუიციდი გამოსავალი არ არის და არ უნდა მიიღოს სამუდამო გადაწყვეტილება დროებითი პრობლემის გადასაჭრელად. აუცილებლად დააკავშირეთ სპეციალისტთან.
2. არ დააკნინოთ და გააუფასუროთ ის მწუხარება და ტანჯვა, რასაც გადის თქვენი მეგობარი. მისი მდგომარეობის აღიარება ეხმარება მას, რომ უარესად არ იგრძნოს თავი იმის გამო, რომ ასეთ „მცირე პრობლემას“ ვერ უმკლავდება.
3. თუკი თქვენი შესაძლებლობები ამოწურეთ და თავს ზემოთ ძალა აღარ არის, უთხარით ამის შესახებ და კიდევ ერთხელ დააკავშირეთ სპეციალისტს. არ უგულებელყოთ თქვენი პირადი ემოციები. პირველ ყოვლისა, თვითზრუნვა და თვითემპათია განივითარეთ.

როგორ მოვიქცეთ, თუკი დეპრესიის სიმპტომები აღმოგვაჩნდა ჩვენ?
იმ შემთხვევაში, თუკი შეამჩნიეთ ზემოთ აღწერილი სიმპტომები საკუთარ თავს, შეგიძლიათ სცადოთ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ მას თვითდახმარების შემდეგი სტრატეგიების მეშვეობით:
შეიქმენით მხარდამჭერი გარემო ადამიანებთან, რომლებიც ზრუნავენ თქვენზე და ვისთანაც დაცულად გრძნობთ თავს – ადამიანები რომლებიც მოგისმენენ ყურადღებითა და თანაგრძნობით, განსჯის გარეშე;
უპირატესობა მიანიჭეთ პირისპირ ურთიერთობებს – მობილური ზარები, სოციალური ქსელები, შეტყობინებები, კარგი საშუალებაა, რომ მუდმივად გქონდეთ კონტაქტი ადამიანებთან, მაგრამ ეს ვერ შეცვლის უშუალო, ცოცხალ, ემოციურად გაცვლით ურთიერთობებს, რომ ესაუბროთ ადამიანს, თუ როგორ გრძნობთ თავს;
შეეცადეთ დაკავდეთ სოციალური აქტივობით, მაშინაც კი, თუ ამის სურვილი არ გაქვთ – დეპრესიის დროს კომფორტულია საზოგადოებისაგან გამოცალკევებულად ყოფნა, მაგრამ თუ იქნებით ადამიანების გარემოცვაში, ნაკლებ დეპრესიულად იგრძნობთ თავს;
იზრუნეთ შინაურ ცხოველებზე – მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებს, შინაურ ცხოველებს შეუძლიათ მხიარულება შემოიტანონ თქვენს ცხოვრებაში, გაგიწიოთ კომპანიონობა და დაგეხმაროთ, თავი არ იგრძნოთ მარტო, ცხოველებზე ზრუნვა, ასევე, გაგრძნობინებთ თქვენს მნიშვნელოვნებასა და საჭიროებას.
დაკავდით თქვენთვის სასიამოვნო აქტივობით – დეპრესიის დასაძლევად დაგეხმარებათ აქტივობები, რომლებიც ენერგიით აგავსებთ და განტვირთვაში დაგეხმარებათ, მაგალითად:
• გააკეთეთ ჩამონათვალი, რა მოგწონთ თქვენს თავში; წაიკითხეთ თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა; ნახეთ სახალისო ფილმი ან სატელევიზიო შოუ; მიიღეთ ხანგრძლივი თბილი აბაზანა;
• ისეირნეთ ბუნებაში;
• მეტი დრო გაატარეთ შინაურ ცხოველებთან ერთად;
• ესაუბრეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს;
• მოუსმინეთ მუსიკას;
• გააკეთეთ რაიმე სპონტანურად;
• თუკი უკვე იღებთ გარკვეულ მკურნალობას, გახსოვდეთ, რომ შედეგის დადგომას დრო სჭირდება; ეცადეთ, ფიზიკურად აქტიური იყოთ;
• შეინარჩუნეთ კვებისა და ძილის რეგულარული ციკლი.
• თუკი აღწერილი ტექნიკები საკმარისი არ არის და დეპრესიის სიმპტომებთან გამკლავება კვლავ რთულია, მნიშვნელოვანია პროფესიული დახმარების დროული მოძიება.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •