ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ძიუდოისტთა ნაკრებმა აგვისტოში, ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. სწორედ იმ დარბაზში, სადაც წელს პლანეტის პირველობა ჩატარდა, მომავალ წელს სპორტსმენები ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. სამწუხაროა, რომ ეროვნული გუნდის ლიდერები, გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს მედლების გარეშე დაემშვიდობნენ, თუმცა, ნაკრების თავკაცი, ნოდარ მეტრეველი, „ოლიმპიური დღიურებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ტრაგედია არ მომხდარა და ორივესგან, მომავალ წელს ოქროს მედალს ელოდება.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავდაჯერებულია და აცხადებს, რომ მის გუნდს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია ყველა წონაში ექნება, თანაც, ლიცენზიები ექნება არა ერთს, არამედ ერთ წონით კატეგორიაში –  რამდენიმეს, ტოკიოში კი წავა ის, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება.

რა ხდება დიდი განხეთქილებისა და დიდი შერიგების შემდეგ ქართველ ძიუდოისტებს შორის, სად  და როგორ მოემზადებიან ისინი და იქნება თუ არა ეროვნული გუნდი სრული შემადგენლობით ოლიმპიური ციკლისთვის მზადების პროცესში – ყველა ამ კითხვას ნოდარ მეტრეველი „რეკორდერთან“ ინტერვიუში პასუხობს.

მაგდა კლდიაშვილი

– მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დამაკმაყოფილებლად ჩათვალეთ ეს შედეგი?

– მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთება. ამის პოტენციალი, იცით, რომ ეროვნულ ნაკრებს აქვს. ვარლამ ლიპარტელიანზე დაგეგმილი გვქონდა და ვფიქრობდით, რომ საუკეთესოდ იასპარეზებდა და ოქროს შანსიც ჰქონდა, მაგრამ ორი კვირით ადრე მსოფლიომდე, ფეხი იტკინა და მას ვუკავშირდებთ მარცხს. თუშიშვილს რაც შეეხება, ჰქონდა რაღაც შეცდომები და ამან დაგვანახა, რომ უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება. ძირითადი აქცენტი ოლიმპიურ ციკლსა და თამაშებზე გვაქვს გაკეთებული, რათა ეროვნული გუნდი საუკეთესო ფორმაში იყოს. ტრაგედია არ მომხდარა. უფრო მეტი საშრომი და სამუშაო გვაქვს. ვფიქრობ, ოლიმპიურ თამაშებზე უკეთესად გამოვალთ.

– ჭიდაობამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ გაითამაშა ლიცენზიები, ძალოსნები ქულებს აგროვებენ სავალდებულო ტურნირებზე, თქვენთან როდის გაირკვევა საბოლოოდ ლიცენზიანტთა სია?

– ლიცენზიებს რაც შეეხება, ამ მსოფლიოდან დავიწყეთ ჩვენც უკვე ლიცენზიების გათამაშება და იცით, ლიპარტელიანი ქულებით პირველ ადგილზეა და ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა წონაში გვექნება. ამ ეტაპზე, ყველა წონაში არ გვაქვს, ჩავარდნებია გარკვეული, მაგრამ გამოვასწორებთ და აქაც ავიღებთ. ლიცენზიების პრობლემა ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ექნება.

ანუ  შვიდივე წონაში გვექნება ლიცენზიები?

– კი და უფრო მეტიც, იმედი მაქვს, რომ თითოეულ წონაში არამხოლოდ ერთ სპორტსმენს, არამედ რამდენიმეს ექნება ლიცენზია. თითო კატეგორიაში დიდი კონკურენციაა და ეს მაძლევს ამის თქმის საბაბს.

– თქვენთან ევროპის ჩემპიონატიც სალიცენზიო ტურნირია, ვინ წავა ოლიმპიურ თამაშებზე?

– ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე წონაში რამდენიმე ძიუდოისტის წაყვანა შეგვიძლია, ოლიმპიადაზე – მხოლოდ ერთის.  ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შევიკრიბებით მწვრთნელთა საბჭო და რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება, ის წავა ოლიმპიადაზე. ყველა ტურნირზე იასპარეზებს ის, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელოს.

– ლაშა შავდათუაშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა ბოლო ორი მსოფლიო და ევროპის  ჩემპიონატებზე შედეგები გააფუჭეს,  ოლიმპიადისთვის რისი იმედი შეიძლება გვქონდეს მათგან?

–  უკვე აღვნიშნე, რომ არის გარკვეული წონები, სადაც გვიჭირს. მაგალითად 90 კილოგრამში რამდენიმე წელია, ოფიციალურ ტურნირებზე შედეგი არ გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოლიმპიურ თამაშებზე გვექნება. სამწუხაროა ეს, რადგან 90 კგ წარმატებული წონა იყო ყოველთვის და ბოლო წლებია ჩავარდნები გვაქვს. არაუშავს, გამოვასწორებთ.

– სამი ძიუდოისტი ვახსენეთ, ღვინიაშვილმა ოპერაცია გაიკეთა და გასაგებია, რომ რეაბილიტაციის პროცესშია, დანარჩენებს რა პრობლემები აქვთ?

–  ლაშა შავდათუაშვილს რაც შეეხება, ყველა ტურნირი წარმატებით იასპარეზა. უბრალოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე ბადე ძალიან ცუდად დაუჯდა და იაპონელ სპორტსმენთან დამარცხდა, მაგრამ, ვფიქრობ, მეტის გაკეთებას შეძლებდა, ეს მეტოქე რომ არ შეხვედროდა. ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში გადასასვლელი შეხვედრა ძალიან ცუდად წააგო და მესამე ადგილი დაიკავა მინსკში. სიმართლე გითხრათ, მისი იმედი მქონდა მსოფლიოზე. ასე კონკრეტულად ვერავის  გამოვყოფ. ყველა წონაში გვქონდა შანსი, რომ ფინალი ეჭიდავათ და ოქროსთვის ებრძოლათ. სპორტია, ძიუდოა და ხდება. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭები ფსიქოლოგიურად იყვნენ ცუდად. საბრძოლო განწყობა ჰქონდათ, რასაც ვხედავდი და მხოლოდ მე არა. ერთი შეცდომა ამთავრებს ყველაფერს, მაგრამ მთავარი წინ არის. კიდევ გეუბნებით, ჩვენი მიზანი არის ოლიმპიური თამაშები, იაპონიაში.

– ახსენეთ, წილისყრა დაუჯდა ცუდადო. როგორი ბადე შეხვდებათ ჩვენს ძიუდოისტებს, ამისგან დაზღვეული არც ოლიმპიურ თამაშებზე ვიქნებით. უნდა იყოთ მზად თუ არა ყველაფრისთვის?

– გაგცემთ ამაზეც პასუხს. ჩვენ, მწვრთნელები იმისთვის ვართ, რომ სპორტსმენებთან ერთად ყველაფერი გავიაროთ. ძალიან ბევრი სამუშაოა, მინუსები იყო, როგორც ინდივიდუალურად, ისე ფიზიკურად და ტაქტიკურად. ძალიან ბევრი სამუშაო და მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს გასავლელი. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი შედეგს გამოიღებს და არანაირი სირთულე აღარ იქნება ბადეები და წილისყრა.

– ლუხუმ ჩხვიმიანმა მთელი მსოფლიო ჩემპიონატი საოცარი ხასიათით და საბრძოლო სულისკვეთებით ჩაატარა და ოქროს მედალიც მოიპოვა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ მას ხელის საკმაოდ რთული ტრავმა აქვს, როგორ მივა ის ოლიმპიურ თამაშებამდე, რეაბილიტაციას გაივლის თუ ოპერაციას მოასწრებს?

– ყველამ ვნახეთ, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ლუხუმ ჩხვიმიანს. პირველ რიგში, მას რაც კარგი აქვს, არის ხასიათი და ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად განეწყობა, როცა შეჯიბრზე გადის. ტრავმას რაც შეეხება, დიდი ხანია აწუხებს და ისე მოუწია ტურნირების მიყოლება, რომ დროც არ ჰქონდა, ოპერაცია გაეკეთებინა. მითუმეტეს, ოლიმპიადამდე 11 თვეა დარჩენილი. აზრი არ აქვს ოპერაციას, ძალიან დიდი ჩავრდნა ექნება, 6 თვე მაინც დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.

– ვარლამ ლიპარტელიანმა ძალიან ბევრი ფინალი წააგო, ამ მიმართულებით, მასთან ფსიქოლოგიური მიმართულებით ხომ არ მუშაობთ?

– პიქირით, „ლიპოს“ ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად არ უჭირდა. ყოველთვის საბრძოლველად და საჩემპიონოდ არის განწყობილი. უბრალოდ, სპორტული იღბალია. მქონდა იმედი მეც და სხვა მწვრთნელებსაც, რომ გავიდოდა ფინალში და მასაც გადალახავდა, რადგან ამ სპორტსმენს ნამდვილად ეკუთვნის არამხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა, არამედ ოლიმპიური ჩემპიონობაც. ვნახოთ, აქვს შანსი, წინა ოლიმპიური თამაშები და მჯერა მისი.

– ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე დებიუტანტი იყო, რომლებიც მომავალი წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვისაც იბრძოლებენ. ახალგაზრდებისთვის ეს ორმაგად საპასუხისმგებლო არაა?

– ახალგაზრდებმა, ვინც ევროპა და მსოფლიო იჭიდავეს, დაამტკიცეს, რომ თავისზე უფროსებში სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძიათ. ვფიქრობ, ისინი კიდევ ბევრჯერ გაახარებენ ჩვენს ქვეყანას. დიდი პოტენციალი აქვთ. ნახეთ, რამხელა კონკურენცია გაუწიეს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, თუნდაც 81 კილოში, გრიგალაშვილი, მძიმე წონაში – ზაალიშვილი. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და ჩვენს მომავალ თაობას დიდი შესაძლებლობა აქვს. ძიუდოს ოჯახისთვის ეს არის დიდი პლუსი. რაც მეტი კონკურენცია იქნება, მეტი დაინტერესება, მეტი წარმატება იქნება ძიუდოს ნაკრებში. საერთოდ, ჯანსაღ კონკურენციას უფრო მეტი შედეგი და მედალი მოაქვს ქვეყნისთვის. დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა წონაში, მხოლოდ 81-ში არა, ასეთი კონკურენცია იყოს და ამის მომხრეა ყველა მწვრთნელი.

– გელა ზაალიშვილი ახსენეთ. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრი მოიგო, თუმცა ამ წონაში, გურამ თუშიშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია. რამდენად შეძლებს ზაალიშვილი გაუწიოს კონკურენცია თუშიშვილს რამდენიმე უახლოესი წელი?

– ზაალიშვილი ახალგაზრდა სპორტსმენია, 19 თუ 20 წლის ბიჭია. კარგად იასპარეზა დიდების ტურნირებზე და ვფიქრობ, სერიოზულ კონკურენციას გაუწევს არა მხოლოდ გურამ თუშიშვილს, არამედ სხვა ლიდერებსაც, ამ წონაში. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენ გვყავს მსოფლიო ჩემპიონი და ლიდერი და მასთან კონკურენციაში ჩავაყენოთ ზაალიშვილი, გამიჭირდება. გურამ თუშიშვილზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

– 11 თვე დარჩა ოლიმპიურ თამაშებამდე, როგორია თქვენი მზადების გეგმა, რამდენი შეკრება გექნებათ და სად გაივლით მზადების პროცესს?

– ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი ოლიმპიურ თამაშებამდე. უკვე ვმუშაობთ მწვრთნელები, რომ დავიწყოთ მზადება. იცით, სულ სამი სალიცენზიო ტურნირია დარჩენილი, აბუ დაბიში, ტოკიოსა და ჩინეთში, ამ სამ ტურნირზე გამოვალთ და ახალი წლიდან შევუდგებით გეგმის განხორციელებას, თუ როგორ მივიდეთ ტოკიოს თამაშებამდე.

– ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს დაპირისპირება ნაკრებში, ორად გაყოფილი გუნდი, რომელიც ცალ-ცალკე მიემგზავრებოდა თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდი ხანია არ გვინახავს ნაკრების სრული შემადგენლობა ერთად ვარჯიშობდეს. თქვენი კანდიდატურაც იმიტომ შეირჩა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომ მეტ-ნაკლებად ორივე მხარესთან დალაგებული გქონდათ ურთიერთობა. ახლა როგორ იქნება, კვლავ ცალკე მოემზადებიან ძიუდოისტები თუ ერთად გაივლით შეკრებებს?

– ჩემს კანდიდატურაზე საუბარი არ მინდა. თამამად გეტყვით, რომ გუნდში არანაირი დაპირისპირება აღარ არის. ჩავაბარეთ წარსულს, რაც იყო. გუნდი არის ერთიანი. ამ ერთობით და შემართებით უფრო დიდ შედეგს მოვუტანთ ქვეყანას. თუ ერთობა და ერთსულოვნება არ იქნება, სხვანაირად ცუდი შედეგი დადგება. ეს ყოველთვის ასეა და ძიუდოს ოჯახი ყოველთვის იყო ერთიანი. გაყოფით რა შედეგიც მივიღეთ, ყველამ ვნახეთ დ ამას არ დავუშვებთ. შეკრებებს რაც შეეხება, შერიგების თემა რომ დასრულდა, გუნდი მას შემდეგ ერთად ემზადებოდა იაპონიაში თუ კორეაში. იყო ინდივიდუალური მომზადებები, რომლებიც სპორტსმენებმა პირად მწვრთნელებთან გაიარეს და ეს მისაღები და ნორმალურია. ისე რომ, გუნდი ცალ-ცალკე მოემზადოს და ცალ-ცალკე წავიდეს, ასე არ იქნება. მოვემზადებით და წავალთ ყველგან ერთად.

 

  • 29
  •  
  •  
  •  
  •