რა შეცდომები დაუშვა ტრამპმა ცნობილ სკანდალურ წერილში?

ინგლისურის მასწავლებლები პრეზიდენტს ენის ცოდნას უწუნებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ შეხედულებები კვლავ რადიკალურად განსხვავებულია: ზოგს ის მოსწონს, ზოგი მის გაპრეზიდენტებას შეცდომად თვლის. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ტრამპი, უბრალოდ, სასოწარკვეთილებაში აგდებს – ესენი თარჯიმნები და ინგლისურის მასწავლებლები არიან. ამ სასოწარკვეთილების მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი საკუთარი აზრების გამოთქმას – სიტყვიერად თუ წერილობით – ერთობ კრეატიულად უდგება. თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი გამოთქმები სხვა ენებზე მაინც ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება, რადგან თარჯიმნები, როგორც წესი, ცდილობენ გადმოსცენ ნათქვამის საერთო აზრი და არა ფორმა.

როდესაც ტრამპის წერილს, რომელიც მან თურქეთის პრეზიდენტს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს გაუგზავნა, ასეთი სკანდალი მოჰყვა (ერდოღანმა წერილის ტონი შეურაცხმყოფელად ჩათვალა და სანაგვეში მოისროლა), ერთ-ერთი ინგლისურის მასწავლებელი – ჯო ელენ ბერიმანი ნიუ-იორკიდან, აშშ-ის პრეზიდენტის წერილს ჩაუჯდა, ყურადღებით შეისწავლა და შენიშვნებითაც ააჭრელა.

აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის წერილის თითოეული ფრაზა სავსეა არა მხოლოდ გრამატიკული შეცდომებით, არამედ, არასწორი სიტყვათა შეთანხმებებით. არასწორად გამოიყურება ზოგიერთი ზმნაც და ცალკეული წინადადებების წყობაც.

შენიშვნებით აჭრელებული წერილი ბერიმანმა თავად გამოაქვეყნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი პედაგოგები პრეზიდენტს ინგლისური ენის ცოდნას უწუნებენ. 2018 წელს მასწავლებელმა ჯორჯიის შტატიდან ტრამპისგან წერილი მიიღო და მაშინვე მისი გასწორება დაიწყო – წერილში უამრავი გრამატიკული შეცდომა აღმოჩნდა.

წყარო: BBC

  • 4
  •  
  •  
  •  
  •