“ნუ იქნები სულელი!” – ერდოღანმა ტრამპის წერილი სანაგვეში მოისროლა

"ნუ ითამაშებ მაგარ ტიპს. ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ,"  - წერს აშშ-ის პრეზიდენტი თურქეთის ლიდერს

თურქეთის ლიდერმა, რეჯებ ტაიმ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილი ნაგვის ურნაში ისროლა, – იტყობინება BBC-ის კორესპოდენტი თურქეთიდან.

წერილი ტრამპმა ერდოღანს სირიის ქურთთა ტერიტორიაზე თურქეთის არმიის შეჭრის წინ, 9 ოქტომბერს გაუგზავნა, თუმცა კონფიდენციალური გზავნილის ტექსტი ცნობილი მოგვიანებით გახდა. წერილის ნამდვილობას თეთრი სახლი ადასტურებს.

გზავნილში უხვადაა ტრამპისთვის დამახასიათებელი ტერმინები, რასაც ის საუბრის დროს ხშირად იყენებს:

“ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო: მოდით, კარგი გარიგება დავდოთ! თქვენ არ გინდათ, რომ დაგადანაშულონ ათასობით ადამიანის სიკვდილსა და განადგურებაში; მე კი არ მინდა, პასუხისმგებელი ვიყო თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე – თუმცა მე ეს შემიძლია”, – წერია წერილის პირველივე აბზაცში.

დასასრულს, ტრამპი ერდოღანს ურჩევს: “ნუ ითამაშებ მაგარ ტიპს. ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ”. 

ანკარის სამთავრობო წრეებში ჩათვალეს, რომ წერილი “მოკლებულია დიპლომატიურ თავაზიანობას”. წყარომ BBC-ის კორესპოდენტს დაუდასტურა, რომ ერდოღანმა გზავნილი მიიღო, წაიკითხა და “სანაგვე ურნაში მოისროლა”.

პასუხად, ერდოღანმა ბრძანება გასცა, თურქეთის არმიას სირიაში ოპერაცია დაეწყო. ოპერაციის სახელწოდებაა “მშვიდობის წყარო”.

პირველად, ინფორმაცია პრეზიდენტის წერილის შესახებ ტელეკომპანია Fox-ის ჟურნალისტმა, ტრიშ რიგანმა “ტვიტერის” გვერდზე გამოაქვეყნა.

ტრამპი გზავნილში ასევე წერს, რომ მან ქურთების გენერლის, მაზლუმისგან წერილი მიიღო, სადაც ვაშინგტონს თურქეთთან მოლაპარაკებაში დახმარებას სთხოვენ. როგორც ჩანს, მაზლუმის კონფიდენციალური წერილი ტრამპმა ერდოღანს ასევე გადაუგზავნა.  

გასულ კვირას, თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიელი ქურთების მიერ კონტროლორებად ტერიტორიაზე შევიდნენ – თითქმის მაშინვე, რაც დონალდ ტრამპმა, მოულოდნელად, ამერიკელების სირიიდან გამოყვანის ბრძანება გასცა. აშშ-ის ყოფილმა მოკავშირებმა – ქურთებმა, თურქული არმიისგან დასაცავად, დამასკოს და ვლადიმირ პუტინს მიმართეს, რაც გავლენიანმა მიმომხილველებმა ბაშარ ასადისა და პუტინის დიდ პოლიტიკურ გამარჯვებად შეაფასეს.

ტრამპის მოულოდნელ ნაბიჯს კონგრესში მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. 16 ოქტომბერს, წარმომადგენლობითმა პალატამ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი არა მარტო დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმაც დაუჭირეს. ამის შემდეგ, კონგრესის დემოკრატი ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ, მაგრამ საუბარი სკანდალით დასრულდა: კანონმდებლებმა შეხვედრა ნაადრევად დატოვეს და ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ტრამპს “ნერვული შეტევა” ჰქონდა, რომ ის უყვიროდა 79 წლის სპიკერს – ნენსი პელოსს და მას  “მესამეხარისხოვან პოლიტიკოსს'” ეძახდა.  თავის მხრივ, ტრამპმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, რომ “ნერვული შეტევა თავად ნენსის ჰქონდა”.

გარდა ამისა, კრიტიკოსების საპასუხოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს იმის საწინააღმდეგო, თუ რუსული არმია სირიაში იმ პოზიციებს დაიკავებს, სადაც ორიოდე კვირის წინ ამერიკელები იდგნენ: “ეს არ არის ჩვენი საზღვარი – დროა, შინ დავბრუნდეთ”, – განაცხადა მან და დასძინა: “სირია, შესაძლოა, იღებს დახმარებას რუსეთისგან, მაგრამ ეს ნორმალურია. რაც უნდა იყოს, იქ მხოლოდ ქვიშაა – ძალიან ბევრი ქვიშა”.

ტრამპა ასევე აღნიშნა, რომ ქურთები “ანგელოზები არ არიან”, თუმცა ისინი იყვნენ მთავარი მოკავშირეები აშშ-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კოალიციისა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდა. მოგვიანებით კი მან განაცხადა, რომ ქურთისტანის მშრომელთა პარტია (გასამხედროებული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ქურთისტანის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის) – ისლამურ სახელმწიფოზე “უარესი ტერორისტია”.

წყარო: BBC

 

  • 3
  •  
  •  
  •  
  •