დავით ხუციშვილი ქვიშის პირველი თამაშების ჩემპიონია

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა ქვიშის პირველ თამაშებზე გამოსვლა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ქვიშის პირველ თამაშებზე, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

დავით ხუციშვილმა საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა, მამუკა კორძაია კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ქართველი ფალავანი ასპარეზობას A ჯგუფში შეუდგა. პირველ შეხვედრაში ჩილიელი მარსელო ანტონიო კასტრო კუმსილე 3:0 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით მოუგო ესპანელ დავიდ დე ხესუს პერეს კუინტანას. მესამე შეხვედრა 0:0 დაასრულა აზერბაიჯანელ იბრაჰიმ იუსუბოვთან, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით გამარჯვება დავით ხუციშვილს დარჩა. 3:0 მოუგო რუმინელ ვასილ მადალინ მინზალას და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ხუციშვილს ნახევარფინალში მეტოქედ ერგო B ჯგუფში მეორე ადგილზე გასული თურქი ეფე სამი უნალი, რომელსაც ასევე 3:0 მოუგო და ფინალში კვლავაც აზერბაიჯანელ იბრაჰიმ იუსუბოვთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. ქართველმა ფალავანმა მეტოქე ამჯერად 5:1 დაამარცხა და ჩემპიონობაც იზეიმა.

რაც შეეხება მამუკა კორძაიას, მან პირველ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა რუმინელი რარეს დანიელ ჩინტოანი, 4:1 – აზერბაიჯანელი ოიან ნაზარიანი. 1:0 მოუგო ესპანელ ხოსე კუბა ვასკესს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფის ქართველი ლიდერი ნახევარფინალში A ჯგუფის მეორე ადგილოსან თურქ უფუკ ილმაზთან 0:1 დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა მიეცა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კორძაიას მეტოქე აზერბაიჯანელი ოიან ნაზარიანი აღმოჩნდა, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 4:1 მოუგო, ამჯერად კი 1:1 დაასრულა შეხვედრა, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით მესამე ადგილი ქართველ ფალავანს დარჩა.

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა ქვიშის პირველ თამაშებზე გამოსვლა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. პირველ საშეჯიბრო დღეს, ოქროსა და ვერცხლის მედლები ლევან ქელეხსაშვილმა და დათო მარსაგიშვილმა აიღეს.

  • 277
  •  
  •  
  •  
  •