“ქართული ოცნების” დეპუტატი: აბორტი არის ადამიანის მკვლელობა

ალექსანდრე ერქვანია: ცინიზმია, როდესაც ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია, სახელმწიფო მშობლებს კანონით ანიჭებდეს უფლებას საკუთარი შვილების სიკვდილით დასჯის

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ალექსანდრე ერქვანია აბორტს სიკვდილს ადარებს.

ამ თემაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობებს შორის განსხვავება არ არსებობს.

“შემცირებულია შობადობა, ინტენსიურდ მიმდინარეობს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება, იზრდება განოქრწინებულთა რაოდენობა, სერიოზული პრობლემებია მიგრაცია-ემიგრაციის მხრივ, მზარდია უცხოეთში ახალგაზრდების გადინება, იცლება სოფლები. ყოველდღიურად, 500 ათასამდე, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანი ჩართულია აზარტულ თამაშებში. ყოველწლიურად ხშირია არასრულწლოვანთა ნარკომანიისა და პროსტიტუციის ფაქტები. ყოველწლიურად, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 30 ათასამდე აბორტი კეთდება, არარეგისტრირებულ აბორტთა რიცხვი კი, სპეციალისტთა აზრით, ბევრად მეტია. ცინიზმია, როდესაც ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აკრძალულია, სახელმწიფო მშობლებს კანონით ანიჭებდეს უფლებას საკუთარი შვილების სიკვდილით დასჯის.

აბორტი არის ადამიანის მკვლელობა, რადგან ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშვება, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია, მუცლად მყოფი ბავშვი, ჩასახვის მომენტიდან სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია. ნაყოფის მოკვდინებასა და სხვა სახის მკვლელობას შორის, განსხვავება არ არსებობს. მეტიც, მშობლების მიერ საკუთარი უმწეო და უდანაშაულო შვილების დაჩეხვა-დანაწევრება მკვლელობის ყველაზე ამაზრზენი ფორმაა. საკითხი აბორტის დაშვებულობის შესახებ, მეტყველებს თითოეული ჩვენგანის განსაცვრიფრებელ უგრძნობელობაზე, ადამიანის სიცოცხლის მიმართ. სანამ ამ საშინელ ბოროტებას ხელისუფლება უმოქმედობით, ხოლო საზოგადოება დუმილით დაუჭერს მხარს, არანაირი წინსვლა, განვითარება და კეთილდღეობა არ გვექნება. ცინიზმია, ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად ადამიანი და მასზე მზრუნველობა იყოს გამოცხადებული და მშვიდად უყურებდე ასიათასობით მუცლადმყოფი ბავშვის დაღვრილ სისხლს. ნარკოტიკებით და აზარტული თამაშებით გაუბედურებულ უამრავ ოჯახს, პროსტიტუციაში ჩამბულ ახალგაზრდებს და შემდეგ აღფოთებული ვსაუბრობდეთ გაზრდილ ძალადობასა და გაზრდილ თვითმკვლელობებზე”, – განაცხადა ერქვანიამ.

  • 50
  •  
  •  
  •  
  •