ლევან ქელეხსაშვილის ოქრო და დათო მარსაგიშვილის ვერცხლი ქვიშის პირველ თამაშებზე

მსოფლიო ქვიშის პირველ თამაშებზე საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველივე საშეჯიბრო დღეს ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

კატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ საინაუგურაციო მსოფლიო ქვიშის თამაშებზე, სადაც საქართველოს ნაკრები ოთხკაციანი გუნდით ქვიშის ჭიდაობაშია წარმოდგენილი, დებიუტშივე წარმატებას მიაღწია.

14 ოქტომბერს მედლების კომპლექტი გათამაშდა 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ორივე შემთხვევაში ფინალებამდე გაიკვალეს გზა ლევან ქელეხსაშვილმა და დათო მარსაგიშვილმა.

ქელეხსაშვილმა (70 კგ), რომელიც A ჯგუფში გამოდიოდა, პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი პანაჰ ილიასლი 1:0 დაამარცხა, შემდეგ მასპინძელი აბდულრაჰმან იბრაჰიმი – 3:0. ამავე ანგარიშით გაუმკლავდა ბრაზილიელ ჟოა ვიქტორ დოს სანტოს სილვას; 2:2 დაასრულა შეხვედრა უკრაინელ სემენ რადულოვთან, მაგრამ ბოლოს აღებული ქულის წესით გამარჯვება ქართველს დარჩა. ლევან ქელეხსაშვილმა ნახევარფინალში ბერძენ ნიკო არუზმანიდისსაც მოუგო – 3:1, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი პირველ წრეში ძლეულ პანაჰ ილიასლის შეხვდა, კვლავაც 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონობა იზეიმა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა დავით მარსაგიშვილს (90 კგ), რომელმაც მსოფლიო ქვიშის სამივე სერია ჩემპიონობით დაასრულა.  ქვიშის პირველი თამაშების ვიცე ჩემპიონმა, A ჯგუფის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი კანან ალიევს 3:0 მოუგო, მეორე შეხვედრაში პაკისტანელ მუჰამად ინამთან კი ყველასთვის მოულოდნელად 1:1 დაასრულა შეხვედრა, ამასთან ბოლოს აღებული ქულის წესით გამარჯვება მეტოქეს დარჩა. მარსაგიშვილმა მესამე შეხვედრაში პორტუგალიელ ადაო რაფაელ ანდრადე და სილვას 3:0 მოუგო, შემდეგ თურქ მურატ ოზკანს 3:1; ნახევარფინალში 4:0 დაამარცხა რუმინელი მიჰაი ნიკოლაე პალაგია, ფინალში კი სწორედ მას შეხვდა, ვისთანაც ჯგუფის მეორე შეხვედრაში დამარცხდა. მარსაგიშვილმა პაკისტანელზე რევანში ვერ აიღო. 2:5 დამარცხდა და საინაუგურაციო ქვიშის თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღეს მედლებისთვის ბრძოლას შეუდგებიან დავით ხუციშვილი (80 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).

  • 161
  •  
  •  
  •  
  •