გიორგი გახარია: ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას განმარტებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დავით გარეჯის საკითხსაც, რადგან ასეთ მნიშვნელოვან საკითხს გვერდს ვერ აუვლიდნენ მხარეები.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია, ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს. სწორედ ამ საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • 12
  •  
  •  
  •  
  •