ქეთი მატაბელი: “გაგვთიშეს და ბატონობენ!”

როგორია დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რატომ დომინირებს მასში სიძულვილის ენა, რა დავაკელით თითოეულმა ჩვენგანმა ქვეყანას და რაშია გამოსავალი?  ცნობილი ქართველი მხატვარი, ქეთი მატაბელი ჩვენს რეალობასა და იმ მომავალზე, რომელსაც მისივე თქმით ერთმანეთის სიყვარული და ერთადყოფნა განკურნავს.

ქეთი მატაბელი:

ჩვენს საზოგადოებას იმის რწმენა აკლია, რომ შეგვიძლია ბევრად უკეთესი ქვეყანა გავხდეთ. უნდა დავიჯეროთ ეს და ასევე უნდა შევძლოთ ერთმანეთის შეყვარება. ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა მარტო კეთილი ურთიერთოებით შეიძლება გაძლიერდეს. აი, ეს სიკეთე და სიყვარული ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს საზოგადოებას დიდი დოზით.

არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც ქართული სისხლი აქვს, ან თუნდაც არა აქვს,  უბრალოდ აქ ცხოვრობს, რომ შეყვარებული არ იყოს ამ ქვეყანაზე და მისთვის ძვირფასი არ იყოს ეს მიწა. არ მეგულება არავინ, რომელსაც ამ ქვეყნის უკეთესად ყოფნის სურვილი არ ჰქონდეს. საქართველოში მცხოვრებთათვის ყველასთვის ერთნაირად ძვირფასია ეს მიწა, სხვადასხვა გამომჟღავნებებით.

– თუმცა, მთლიანობაში, ამ სიყვარულზე მეტად დღეს საქართველოში სიძულვილის ენა უფრო დომინირებს…

– ჩემი ძალიან ახლობელი იყო ზურა ჭავჭვაძე. ის  ჯერ კიდევ 9 აპრილამდე ამბობდა, – გაგვთიშავენ და იბატონებენო. ვიღაცებმა იმდენი გააკეთეს, რომ მართლაც გაგვთიშეს და ბატონობენ. სწორედ ეს მოხდა, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროგრამა, რომელსაც დღესაც ანხორციელებენ და თუ ჩვენ ამას არ მივხვდებით კიდევ ბევრად უფრო გართულდება ყოფა…

როდესღაც ხომ უნდა გავიგოთ რომ გავერთიანდეთ. რომ  გადავარჩინოთ ის რაც ასე ძვირფასია ჩვენთვის, – ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილები, ჩვენი ენა … ყვე–ლა–ფე–რი.

ყოველი უარყოფითიდან უნდა გამოიტანო დადებითი. თუ დადებითს არ გამოიტან, თუ ვერ მიხვდები თუ რატომ მოგეცა ეს დაბრკოლება გაკვეთილად,  ამ ცუდს ვერ შეცვლი, ვერ გარდაქმნი…. კიდევ ვამბობ თუ ამას ვერ გავიგებთ რომ ზემოქმედებენ რადგან დაგვყონ და იბატონონ, არაფერი გამოვა.

როცა ომი იწყება,მაშინ ყველა ერთიანდება. მაგრამ აუცილებლად ასეთი განსაცდელი უნდა დაგვატყდეს თავს, რომ გავერთიანდეთ?

არ შეიძლება ასე ერთმანეთი დავხოცოთ და ამასობაში შემოსეულია სხვა. ძალიან რთულია ამისი გამოსწორება, მაგრამ თუ გავერთიანდებით, თუ შევძლებთ ერთმანეთის შეყვარებას, (რაც საუკუნეებიდან მოგვსდევს, რომ ეს წარმოუდგენელი რამეა) იქნებ 21–ე საუკუნში შევძლოთ. ვის ვეომებით?… რწმენა არის საფუძველი სიყვარულის, მაგრამ ეს სიყვარული რომელიც გვაქვს პასუხისმგებლობაში უნდა გადავიდეს. პასუხისმგებლობა კი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აიღოს.

საქართველო ხომ მართლა საოცარი ქვეყანაა თავისი საკაცობრიო მისიით. ოქროს საწმისით თუ გრაალის თასით, რომელიც აქ ინახებოდა. არაფერს ვამბობ ჩვენს საოცარ დამწერლობაზე. ჩვენი ანბანი ხომ მთელი კოსმოსია.

ოქროს საწმისი, გარდა იმისა რომ ოქროს მოპოვების უნიკალური მეთოდით იყო ცნობილი, ეს იყო ასევე უდიდესი სიბრძნე. სიბრძნე, რომელიც დრეს ყველაზე მეტად გვჭირდება.

გვიკვირს ხოლმე ასეთები ვიყავით და ახლა რა გვჭირს? ახლა გვძინავს…

გვძინავს, – ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ. მე, მაგალითად როდესაც შემოქმედებით ნამუშევარს ვამთავრებ და მგონია, რომ მეორეს ეგრევე გავაკეთებ და თანაც ბევრად უკეთესად, პირიქით ხდება – ჩავარდნა მაქვს. ასეა ქვეყნის შემთხვევაშიც ალბათ. არ შეიძლება მეთორმეტე საუკუნეში რომ ვიყავით, სულ ისე ვიყოთ. რაღაც პერიოდში ნელდება ეს ყველაფერი და მერე ისევ იღვიძებს.

– საკმაოდ დიდხანს გაგვიგრძელდა ეს ძილი. არ დადგა გამოღვიძების დრო?

– მგონი უკვე დაწყებულია, ბევრ დადებითს ვხედავ. დრო სჭირდება…  და ამ დროსთან ერთად ყველაზე მთავარია ერთსულოვნება. სულ ამბობს ჩვენი პატრიარქი – გაერთიანდით. ჩემთვის ბედნიერი საქართველო ესაა, – გაერთიანებული საქართველო, ამ გაერთიანებამდე ერთმანეთის სიყვარული მიგვიყვანს. კი, თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ უნდა შევძლოთ ეს, რადგან ამის გარეშე ვერაფერს გავხდებით.

ავტორი: დეა თავბერიძე

  • 7
  •  
  •  
  •  
  •