პროკურატურა, ამ ეტაპზე, მაკო გომურს დაზარალებულად არ ცნობს

პროკურატურა, 20 ივნისის აქციების დროს დაშავებულ მაკო გომურს, რომელმაც თვალი დაკარგა, ამ ეტაპზე დაზარალებულად არ ცნობს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილეა ცნობილი, თუმცა, მათ შორის არ არის მაკო გომური.

“მიღებული ინფორმაციის თანახმად: შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი;

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

საია აგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს საზოგადოებას”, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ფაქტზე, მედიასთან კომენტარი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა და განაცხადა, რომ დაზარალებულად ცნობას თავისი პროცედურები აქვს, როგორც კი ეს დასრულება, გომური დაზარალებულად იქნება ცნობილი.

  • 215
  •  
  •  
  •  
  •