ვინ იყო თამუნია – რეზო გაბრიაძის და გია ყანჩელის შემოქმედებითი მუზა

ვინ იყო თამუნია, რომელიც მხატვრულ ფილმ “შერეკილებში”, რეზო გაბრიაძისა და გია ყანჩელისთვის შემოქმედებითი მუზა გახდა.

ქუთაისელი გოგონას, თამუნია გენძეხაძის სილამაზით გაბრიაძემ ფილმის სცენარი  შექმნა, გია ყანჩელმა კი მას დაუვიწყარი მუსიკა მიუძღვნა.

თამუნია გენძეხაძეს ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე იხსენებს.

“ეჰ თამუნია, თამუნია…

ჩაგესმით ყანჩელისეული სევდიანი ჟღერადობა?

იცით, ვინ თამუნიას მისტირის რეზო გაბრიაძე და ვის გამოც შექმნეს ეს უმაგრესი მუსიკა?

ძირძველ ქუთაისელებს კარგად ემახსოვრებათ თამუნია გენძეხაძე…

ღმერთო, რა ლამაზი იყო ქალბატონი თამუნია. მე რომ მას ქუჩაში ავედევნებოდი უკვე 70 წელს იყო გადაცდენილი, მარამ ისეთი ლამაზი იყო, ისეთი არისტოკრატული, ისეთი ნაზი, ისეთი სათნო… ან რა ხმა ქონდა? რომ დაიწყებდა საუბარს ეგრევე გაჯადოვებდა. ან როგორ უხდებოდა სიგარეტი, ან როგორ სვამდა ჩაის 90-იანი წლების “ბისტროში” ზაირასთან ერთად.

– ქალბატონო თამუნია, წარმომიდგენია მაშინ რა ლამაზი იქნებოდით, როცა რეზო გაბრიაძემ მისი გენიალური ფილმის სცენარისთვის დაწერა თქვენზე, ან რა შთაგონება ექნებოდა გია ყანჩელს..

– დათო დედიკო, არ გაიმეორო ეგ, არ არის მართალი… უხერხულია ბატონ რეზოსთან…

– მართალია, მართალი – (დამიდასტურა ზაირამ) ულამაზეს თამუნიაზე მთელი ქუთაისი და თბილისი იყო შეყვარებული. ვერც რეზო გაბრიაძე დარჩა გულგრილი…

მერე ქალბატონი თამუნია გარდაიცვალა. ბოლომდე ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. ღმერთო მისი მომაჯადოვებელი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში. ზაირიკოც მოკვდა… ახლა ყანჩელის, ამ უდიდესი მაესტროს სიკვდილმა გამახსენა თამუნია გენძეხაძე.

ეჰ თამუნია, თამუნია”…

  • 13
  •  
  •  
  •  
  •