Unesco-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ, დღეს, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდი იუწყება, მსოფლიოს წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტმა, ეს რეკომენდაცია 2019 წლის ივნისში, შვეიცარიაში შეხვედრაზე გასცა.

ამ მოვლენის აღნიშვნა, მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, 2021 წლის 23 აპრილს დაიწყება.

იუნესკოს მიერ წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებული ქალაქები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა სოციალურ დონეზე, კითხვის პოპულარიზაციას და  ღონისძიებების დაგეგმვას მთელი წლის განმავლობაში.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქები 2001 წლიდან სახელდება. 2019 წელს მასპინძელი ქალაქი შარჯაა, 2020 წელს კი კუალა ლუმპური იქნება.

აქამდე ეს წოდება შემდეგ ქალაქებს ერგოთ:

მადრიდი (2001), ალექსანდრია (2002), ნიუ დელი (2003), ანვერსი (2004), მონრეალი (2005), ტურინი (2006), ბოგოტა (2007), ამსტერდამი (2008), ბეირუთი (2009), ლუბლიანინა (2010), ბუენოს აირესი (2011), ერევანი (2012), ბანგკოკი (2013), პორტი ჰარკორტი (2014), ინჩეონი (2015), ვროცლავი (2016), კონაკრი (2017) და ათენი (2018).

  • 169
  •  
  •  
  •  
  •