ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

როგორ შეიქმნა დოკუმენტური ფილმი "რაფსოდია ყანჩელზე"

გია ყანჩელს პირველად 2008 წლის გაზაფხულზე შევხვდი. „ჟურნალისტის დღიურისთვის“ დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდოდა. მაგრამ სურვილი, ერთი შეხედვით, აუხდენელი ჩანდა – იმ პერიოდში, ყანჩელი ინტერვიუზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და ჟურნალისტებისგან თავს შორის იჭერდა. მაინც ვცადე. საერთო ნაცნობს მასთან რეკომენდაციის გაწევა ვთხოვე და ანტვერპენში დავუკავშირდი. „ხომ იცით, არავითარი ინტერვიუ“, – ცივად მითხრა. ხანმოკლე დიალოგის შემდეგ კი მოულოდნელად შემომთავაზა: ამ დღეებში თბილისში ჩამოვდივარ და შევხვდეთ, ვისაუბროთო.

ყანჩელმა შინ დამპატიჟა, ტოვსტონოგოვზე. ვნერვიულობდი. თავიდან დუმდა და გამომცდელად მაკვირდებოდა, მერე ლაპარაკი დაიწყო – ხელოვნებაზე, თბილისზე, ევროპაზე, მის მუსიკაზე… რატომღაც ყველამ ჩემი კინომუსიკა იცის, თქვენ თუ იცნობთ ჩემს სიმფონიურ თხზულებებსო, – მკითხა. იმ დღეს მისი სახლიდან უამრავი დისკით ხელში გამოვედი.

ჩვენი დილის შეხვედრები დღეების და კვირების განმავლობაში გაგრძელდა. ზოგჯერ ჩის ვსვამდით, იშვიათად – ვკამათობდით. სანამ ვსაუბრობდით, მე უკვე მოვასწარი სხვა ფილმის გადაღება, ყანჩელს კი ისევ კამერის გარეშე ვხვდებოდი. ბოლოს გავუბედე: – ბატონო გია, იცით, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა, მაგრამ ამ ფილმს ვიღებთ თუ…

-როდის გნებავთ გადაღება, თამთა? – ისე მკითხა, თითქოს ამის შესახებ პირველად გაიგო.

– ხვალ, ბატონო გია, დილით!

ფილმი სულ 3 დღეში გადავიღეთ. აქედან, ნახევარი დღე – სასაფლაოზე გავატარეთ, დიდუბის პანთეონში… თბილისში ეს ჩემი საყვარელი ადგილია, იქ ჩემი მეგობრები არიან და იქ წავიდეთო…

ჰო, გადაღების ბოლო დღეს, როგორც კი ბინის კარი გამიღო, მითხრა:

– ვიცი, არ ელოდებოდით, მაგრამ თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. ხომ იცით, საჯაროდ არასდროს ვუკრავ. მაგრამ დღეს თქვენთვის, ჩემ შვილიშვილთან ერთად, პატარა მელოდიას დავუკრავო…

და გია ყანჩელმა დაუკრა – მარტივი და გენიალური, აქამდე უცნობი მელოდია.

ასე შეიქმნა „რაფსოდია ყანჩელზე“.

თამთა კოკელაძე

 

 

  • 84
  •  
  •  
  •  
  •