ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ლადო გეგეშიძე: ჩვენ სირთულეების წინაშე ვდგავართ და ვიღებთ ამ გამოწვევას

ვისაც მისი მუშაობა უნახავს, კარგი მოტივატორია. მოჭიდავეებს ხალიჩაზე ბევრს და სწორად კარნახობს, ქართველი მოჭიდავეების გამარჯვების შემდეგ კი, მათ საკუთარ საფირმო გდებასაც უსრულებს. წელს, ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი სამჯერ იხილა გულშემატკივარმა. 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველად მოიგო პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი, თანაც  – ორი, 17 წლიანი პაუზის შემდეგ კი გუნდური სამეული გააკეთა.

მას მედიასთან კონტაქტი არ უყვარს, ამიტომ, მის ინტერვიუებსაც ხშირად ვერ ნახავთ. არც იმ ბრალდებებს სცემს პასუხს, რომელიც მასთან დაკავშირებით გაჟღერებულა. ოპონენტები მას „რუხ კარდინალსაც“ ადარებენ და ამბობენ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ყველაფერს ის წყვეტს.

ვინ არის სინამდვილეში ლადო გეგეშიძე – “რუხი კარდინალი” თუ მხოლოდ კონსულტანტი, ვინ არიან მისი მოსწავლეები ეროვნულ გუნდში და რატომ არ იღებს ხელფასს ჭიდაობის ფედერაციიდან. ასევე, შეძლებს თუ არა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დარჩენილი ოთხი ლიცენზიის მოპოვებას – დღემდე პასუხგაუცემელ ყველა კითხვას ლადო გეგეშიძის  „ოლიმპიური დღიურებში” პასუხობს.

 მაგდა კლდიაშვილი

– 2007 წლის შემდეგ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია, გუნდური მესამე ადგილი კი 17 წლის განმავლობაში არ აუღია, მთლიანობაში, როგორი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი?

– მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაიარა დამაკმაყოფილებლად და არა კარგად. მეტი მედლისა და ლიცენზიის მოპოვება შეიძლებოდა. წონებს არ გამოვყოფ, მაგრამ ბიჭებისგან მოლოდინი გაცილებით მეტი გვქონდა. ზოგი დებიუტანტი იყო და იმედი მაქვს, მომავალში შედეგებს გააუმჯობესებენ. რაც შეეხება 12 წლიან პაუზას, 2 ოქროს მედალი, 1 ბრინჯაო და გუნდური მესამე ადგილი ავიღეთ და ძალიან სასიხარულოა. როგორც აღნიშნეთ, გუნდური სამეული 17 წელია არ ყოფილა. შემდეგი ეტაპი ევროპის ჩემპიონატია, მაგრამ ის ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. ახლა კონცეტრირებულები ვართ ლიცენზიების მოპოვებაზე, რომელიც ოთხი დაგვრჩა ასაღები.

– ორივე ოქროს მედალი არაოლიმპიურ წონებში მოიპოვეთ. ტოკიოს საგზურები მხოლოდ ორ ტურნირზე – ბუდაპეშტსა და სოფიაში გათამაშდება. უნგრეთის სალიცენზიო ტურნირი ევროპის ქვეყნებისთვის არის, ბულგარეთი კი – მსოფლიოსი, უნგრეთზე გაქვთ აქცენტი გაკეთებული?

– ოქროს მედლები არაოლიმპიურ წონებში კი მოვიპოვეთ, მაგრამ ეს მარტივი არ ყოფილა. 55 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში მონაწილეობდნენ შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონები თუ პრიზიორები. არანაკლებ ძნელია აქ ოქროს მოპოვება, ვიდრე ოლიმპიურ წონებში. ყველა წონაში კონკურენციაა და იბრძოდნენ.

– ნუგზარ წურწუმიაზე უნდა გკითხოთ, რადგან გულშემატკივარმაც გამოხატა გულისწყვეტა, რომ მისი წონა ოლიმპიური არ არის. უშვებთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ მომავალ წელს წურწუმიამ წონა შეიცვალოს და დარჩენილ ორ ტურნირზე ლიცენზიისთვის იბრძოლოს?

– ზოგადად, მაქსიმუმი, რაც ამ არაოლიმპიურ წონაში შეიძლება გააკეთო, მსოფლიო ჩემპიონობაა და ეს წურწუმიამ შეძლო. სპორტსმენის გადასაწყვეტია, აიწევს თუ არა ოლიმპიურ წონაში. ჩვენ, მწვრთნელები, ყველა მიმართულებით დავეხმარებით. ის მოსინჯავს ძალებს საქართველოს, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე. მან ყველაზე კარგად იცის საკუთარი ძალები. ჰყავს პირადი და არაერთი მწვრთნელი, რომლებიც ჩვენთან გაივლიან კონსულტაციას და ჩვენც რეკომენდაციას მივცემთ.

– როგორც ნაკრების კონსულტანტი, ფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეს წურწუმია ოლიმპიურ წონაში?

– ცუდი არ იქნება. მოსინჯოს. ჩემი აზრით, არავის არაფერს დაუთმობს და არც არავისზე ნაკლებია. ჭიდაობაში მთავარი ხასიათი, მომზადება და რეჟიმია, ეს ყველა კომპონენტი კი ნუგზარ წურწუმიას აქვს. გაივლის პირად მწვრთნელთან კონსულტაციას. მე თუ რჩევას მკითხავს, უნდა მოსინჯოს. მან მაქსიმუმი გააკეთა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მივესალმები, რაც უფრო ჯასაღი კონკურენცია იქნება ოლიმპიურ წონებში, მით უკეთესი, რადგან 4 ლიცენზია დაგვრჩა ასაღები. ვინც ძლიერი იქნება, ის წავა სალიცენზიო ტურნირებზე.

– დარჩენილ ორ სალიცენზიო ტურნირზე, წონებში რამდენიმე მოჭიდავის წაყვანის უფლება გაქვთ თუ მხოლოდ ერთის?

– სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი სპორტსმენის. თანაც, ადრე თუ მედლებს ვინც აიღებდა, ყველა ინაღდებდა ოლიმპიური თამაშების საგზურს, ახლა მხოლოდ ფინალისტებს ეძლევათ ლიცენზია. ძალიან გართულდა ლიცენზიების მოპოვება. მაშინ, ტურნირებიც უფრო მეტი იყო. სალიცენზიო შეჯიბრზე ორ ბრინჯაოს მედალოსანს ერთმანეთს აჯიბრებდნენ და რომელიც იმარჯვებდა, მისი იყო საგზური და წონაში სულ სამი ლიცენზია თამაშდებოდა. ახლა, ფინალში უნდა გახვიდე აუცილებლად, წააგებ თუ მოიგებ, მნიშვნელობა აღარ აქვს. ლიცენზიას მხოლოდ ასე აიღებ.

– ანუ თუ ფინალში არ გავიდა დარჩენილ ოთხივე წონაში ქართველი მოჭიდავე ორივე ამ ტურნირზე, ლიცენზიის გარეშე ვრჩებით კონკრეტულ წონაში?

– ძალიან რთული იქნება. აუცილებლად უნდა იჭიდაოს ფინალი. იქ შედეგს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ დროს.

 – შმაგი ბოლქვაძის მარცხი მინსკის თამაშების ფინალში იმედგაცრუება იყო, მსოფლიოზე ასეთი სტარტი კი –  დიდი სენსაცია. უმედლოდ და ულიცენზიოდ დარჩა. მას პრობლემები აქვს?

–  ძალიან კარგი შეკითხვაა, არამარტო თქვენ, არამედ ჩვენც იმედგაცრუებულები დავრჩით. შმაგისგან მეტი მოლოდინი გვქონდა, რადგან ის  არის ოლიმპიური და ევროპის პრიზიორი, 23 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი, მინსკის თამაშების ფინალისტი, თუმცა, მსაჯები მას იქ არაობიექტურად მოექცნენ და ეს ყველამ ვნახეთ. რომ გითხრათ, ჭიდაობის შიში აქვს-მეთქი, ასე არ არის. მას ოლიმპიურ თამაშებზეც უჭიდავია, მსოფლიოზეც და სხვა დიდ ტურნირებზეც. მზადება კარგად გაიარა, საკონტროლო შეხვედრებზე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. შეიძლება იმან განაპირობა ეს შედეგი, რომ მისგან ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვთ და ეს თავადაც იცოდა. ორი მსოფლიო აქვს წაგებული და განიცდიდა.

– ლომაძე-ჩხარტიშვილზეც უნდა გკითხოთ, შარშანდელი ევროპის შემდეგ, ყველას გვქონდა იმედი, რომ ამ ბიჭებს უფრო მეტი პროგრესი ექნებოდათ, რადგან ორივე მათგანს ჭიდაობის გამორჩეული სტილი აქვს. ჩხარტიშვილზე რჩება შთაბეჭდილება, რომ ემოციურად დაუბალანსებელია. რასთან გვაქვს საქმე?

– იური ლომაძეს რაც შეეხება, მას პრობლემები ჰქონდა და ეს ყველამ კარგად იცის, სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მაგრამ ეს უმნიშვნელო იყო. ჩემი აზრით, მარცხი განაპირობა იმან, რომ გარკვეული პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა და ოფიციალური ტურნირი მსოფლიომდე მხოლოდ ერთხელ იჭიდავა. პირველი შეხვედრა ძალიან ძლიერ ირანელ მეტოქეს მოუგო. მეორეც ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა, ცოტა თავდაჯერება დააკლდა. დათო ჩხარტიშვილმა იშრომა, მოემზადა, ყველა ვფიქრობდით, რომ მზად იყო. გითხარით, რომ მეტი მოლოდინი გვქონდა მისგანაც, შმაგისგანაც. დათუნას უფრო წონის პრობლემა აქვს და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებითაც.

– ჭიდაობაში მოპოვებული ლიცენზია ეკუთვნის არა სპორტსმენს, არამედ ქვეყანას, განსხვავებით სპორტის სხვა ოლიმპიური სახეობებისგან. შესაძლოა თუ არა, რომ მომავალში, ლიცენზიების თემა ნაკრებში განხეთქილების საფუძველი გახდეს? ვინც ლიცენზია მოიპოვა,  აუცილებლად წავა ოლიმპიადზე?

– ჩვენ, მწვრთნელები და ნაკრების წევრები დავსხედით და ვისაუბრეთ, ვინ წავიდოდა მსოფლიოზე. ვილაპარაკეთ ყველა სხვა მნიშვნელოვან თემაზე. საქართველოს ჩემპიონატს ვინც მოიგებს, აპრიორში ის არ მიდის ევროპის ჩემპიონატზე, მანამდე რამდენიმე ტურნირია და კონკურენციაში, ვინც უკეთეს შედეგს აჩვენებს, შემადგენლობაში ხვდება ის. ევროპის ჩემპიონი პირდაპირ მიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, სხვა შედეგის მქონე მოჭიდავე კი ებმება შიდაკონკურენციაში. ლიცენზია ვინც მოიპოვა, ის უპირატესი არ არის და ბიჭებმა ამის შესახებ იციან. ჩვენ ყველანი შევთანხმდით ამაზე.

– ანუ ეს მათთვისაც ცნობილია?

– რა თქმა უნდა. ჩვენ, პირველ რიგში, ვმეგობრობთ მოჭიდავეებთან და კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. როდესაც სალაპარაკოა, ვსხდებით და ყველა საკითხს ერთად გავდივართ.  წონაში შეიძლება სამი სპორტსმენი იყოს, ისინი მიდიან ტურნირებზე, ისინჯებიან. თუ ერთი მოჭიდავე იჭიდავებს ევროპას, მსოფლიოს ან ოლიმპიადას, მაშინ სხვამ შეიძლება თავი დაანებოს, ამიტომ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, მეტად ივარჯიშონ და მოინდომონ.  ვერ მოხვდებიან ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე და შემდეგ, შეკრებაზე აღარ უნდათ სიარული. ალბათ, საპატიო მიზეზები გააჩნიათ, ჩვენ მათ ვენდობით. ზოგი ამბობს, რომ ოჯახური პრობლემა აქვთ, ზოგს ტრავმა აწუხებს და გადამოწმებას ვერ  დავუწყებთ. ლიცენზიები მძიმე წონებში გაკეთდა, მაგრამ ვინც ლიცენზია აიღო, ის პირდაპირ ოლიმპიადაზე წავიდეს, ასე არ არის.

– შეკრებაზე არ ამოვიდნენო, ახსენეთ და თქვენთან შეკრებებზე სიარული ასე თავისუფალ ნებაზეა?

– არაა თავისუფალ ნებაზე. ზოგს ოჯახური პრობლემა აქვს. ვიღაც რომ დაგირეკავს და გეტყვის, ოჯახური პრობლემა მაქვს, ვერ მოვდივარო, ვერ დააძალებ. თუ ამბობს, რომ ტრავმა აქვს, ვერ ჩავალ და გადამოწმებას ვერ დავუწყებ. ზრდასრული ადამიანები არიან და ჩვენ მათი გვჯერა, მაგრამ როდესაც უკვე იციან, რომ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ვემზადებით, შეკრებასაც არ გამოტოვებენ და თავიანთ პრობლემებსაც გადადებენ გვერდზე.

– რობერტ კობლიაშვილზე ობიექტურად დარჩა განცდა, რომ მას უსამართლოდ მოექეცით. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილის მაგალითი რომ განვიხილოთ, მასაც ჩავარდნა ჰქონდა წელს, მაგრამ ნაკრების მწვრთნელებმა ის მანც დააყენეს მსოფლიოს შემადგენლობაში. კობლიაშვილმა ზედიზედ ორ მსოფლიოზე ბრინჯაო აიღო, შარშან ევროპა მოიგო. რატომ დადგა საერთოდ კითხივს ნიშნის ქვეშ მისი წასვლა-არწასვლის საკითხი რამდენად სამართლიანი იყო მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება?

– მადლობა ამ კითხვისთვისაც. დიახ, მან ზედიზედ ორ მსოფლიოზე აიღო მესამე ადგილი და შარშან მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ისევ ბიჭებმა და მწვრთნელებმა ერთად გადაწყვიტეს ეს საკითხი. ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ევროპის ჩემპიონი იქნებოდა კონკურენციისგან გათავისუფლებული და ის პირდაპირ მოხვდებოდა მსოფლიოს განაცხადში. მაგალითისთვის იაკობ ქაჯაიას მოგიყვანთ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალი იჭიდავა და მინსკის თამაშების წინ ისიც გაისინჯა და აჯობა ზვიად პატარიძეს. ამბობენ, ზვიად პატარიძეს რატომ არ აყენებთ ნაკრებშიო…

– რევაზ ნადარეიშვილთან დაკავშირებითაც არის იგივე კითხვები…

–  მასთან დაკავშირებით რა აინტერესებთ?

– რატომ გიორგი მელია და არა ის?

– კობლიაშვილით დავიწყოთ. იმ წონებში, სადაც ევროპის ჩემპიონი ვერ ხდება, ისინჯება ყველა სპორტსმენი. ასე მოხდა 97 კილოგრამშიც და მძიმე წონაშიც. იაკობ ქაჯაია იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, მაგრამ რადგან ჩემპიონი ვერ გახდა, ისიც კონკურენციაში ჩაერთო. ასე იყო ნათქვამი და ამას მივყვებით. ჩემი მოსწავლეა თუ სხვისი, აქ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც საუკეთესო იქნება, ის იჭიდავებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რომელიმე მოჭიდავე ფინალში გავიდეს და შემდეგ კიდე გავსინჯოთ, მაგრამ კონკურენციაა წონებში, პრეტენზია აქვთ სპორტსმენებს, რომ ევროპაზე, მსოფლიოზე ან ოლიმპიადაზე წავიდნენ, ამიტომ გავუშვით რუმინეთის ტურნირზე. მხოლოდ მელია ან ნადარეიშვილი არ წასულა 97 კილოში, იყვნენ მურვანიძე და კირცხალიაც. 77 კილოში მამუკაშვილი, ქავჟარაძე, ბოლქვაძე, გოგოლი და ძამაშვილი იბრძოდნენ, 72-ში, ზოიძე, ლომაძე, დავითაია, 87-ში კობლიაშვილი, ხეცურიანი და ა.შ. არ წავსულვარ მე. წავიდა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოჭიდავეებთან ერთად და იქ გაარკვიეს. ვინც უკეთესი შედეგი აჩვენა, ის წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

–  ერთ წელზე ნაკლები დროა დარჩენილი ოლიმპიურ თამაშებამდე. გარდა იმისა, რომ ოთხ წონაში ლიცენზიები გაქვთ მოსაპოვებელი, გაწერილი გაქვთ გეგმა, როგორ მოემზადებით ოლიმპიურ თამაშებამდე?

– გეგმა გაწერილია, მაგრამ მანამდე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გვაქვს. დაიწყო უკვე შეკრება და შემდეგ იქნება მსოფლიო. საქართველოს ჩემპიონატის ჩატარებას დეკემბერში ვფიქრობთ, რადგან თებერვალშია ევროპის ჩემპიონატი, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. იქნება რამდენიმე ტურნირი და ვინც ძლიერი იქნება და არა ვინმეს მოსწავლე და მეგობარი, ის იქნება ნაკრების შემადგენლობაში. ყველამ კარგად იცის ეს, არც ნუგზარ წურწუმიაა ჩემი მოსწავლე და არც იაკობ ქაჯაია.

– მოსწავლეების თემას რადგან შევეხეთ, ხშირად მოგვისმენია ბრალდებები თქვენი მისამართით, რომ თუ ლადო გეგეშიძის მოსწავლე არ ხარ, ნაკრებში ვერ მოხვდები.  ვინ არიან ლადო გეგეშიძის მოსწავლეები დღეს ნაკრებში?

– ლადო გეგეშიძის მოსწავლე, კონკრეტულად რომ ბავშვობიდან გამეზარდოს, არავინ არ არის. რეგიონებიდან არის ბევრი სპორტსმენი ჩამოსული და მათ პირადმა მწვრთნელებმა, არამხოლოდ მე, სხვებსაც მოგვანდეს ეს ბიჭები, რომ ყურადღება მივაქციოთ. რეგიონიდან რომ ჩამოვა სპორტსმენი, მას უნდა კონტროლი, ყურადღება. ვერავინ იტყვის, რომ ვინმესთან მივედი და მოვთხოვე, მწვრთნელად ავეყვანე.

– ზურაბ დათუნაშვილს ჰქონდა ზუსტად ეს ბრალდება, რომ თქვენ აწერინებთ მწვრთნელად თავს მოჭიდავეებს, რომ შემდეგ მათი შედეგებით გამომუშავებული პრემიები მიიღოთ, როგორც მწვრთნელმა.

– არ ვიცი კონკრეტული გვარები, ვის რა პრეტენზია ჰქონდა ჩემს მიმართ, მაგრამ გეუბნებით – ვერავინ მეტყვის, რომ მივედი რომელიმე მოჭიდავესთან და ვუთხარი, შენ ნაკრებში ვერ მოხვდები, თუ არ იქნები ჩემი მოსწავლე. ნუგზარ წურწუმიამ ერთი ამოსუნთქვით გაირა მსოფლიო, მთელი ქვეყანა აალაპარაკა, ჩემი მოსწავლე არ არის. ჩემი მოსწავლეები არ არიან იაკობ ქაჯაია, ლევან ქავჟარაძე, დავით ჩხარტიშვილი, იური ლომაძე. კიდევ ვინ გითხრათ? ბიჭებს ვკითხოთ დანარჩენი. ჩემთვის წარმოუდგენელია, 22-23 წლის ბიჭებს და მათ მწვრთნელებს როგორ უნდა აკადრო, პირველ რიგში, საკუთარ თავს, რომ მიხვიდე და ეს უთხრა. ჩვენი ორიენტირი არ არის, ვინ ვისი მოსწავლე იქნება, რომელი კუთხს და გვარის, ძლიერი უნდა იყოს, დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება პრემიას, ყველას, ვისი მოსწავლეც აკეთებს შედეგს, იღებს პრემიას. მე ან რომელიმე მწვრთნელი მივიდეს მოჭიდავესთან და პრემიაზე დაელაპარაკოს, ეს არის შეურაცხყოფა. 12 თვიდან 7-8 თვე სახლში არ ვართ, ამ ბიჭებთან ვართ 24 საათი და როგორ უნდა დაალაგო სპორტსმენთან ურთიერთობა და როგორ უნდა იმუშაო მასთან ერთად, თუ მიხვალ და ეტყვი, პრემია რომ ჩაგერიცხება, მე მომეციო. ჯერ ერთი, არავინ არაფერს მოგცემს და ღმერთმა დამიფაროს ამ მიდგომისგან. ბიჭებს კითხეთ, რომელი მწვრთნელი მისულა მათთან და პრემია მოუთხოვია. ჩემთვის და ამ სამწვრთნელო შტაბისთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.

– დათუნაშვილისგან ისიც მოვისმინეთ, რომ ნაკრებში ყველაფერს ლადო გეგეშიძე წყვეტს. “რუხი კარდინალის” როლში მოგიხსენიათ. ვინ არის სინამდვილეში ლადო გეგეშიძე?

– ლადო გეგეშიძე არის კონსულტანტი  ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ჩემს მოსაზრებას ვეუბნები მწვრთნელებსა და მოჭიდავეებს, ზოგს ითვალისწინებენ, ზოგს არა. თუ გადაწყვიტეს, რომ ეს არის ჯანსაღი და ნაკრებისთვის მომგებიანი, ამას გაითვალისწინებენ.

– ყოფილა შემთხვევა რომ თქვენი აზრი არ გაეთვალისწინებინოთ?

რა თქმა უნდა. მაგალითად, გიორგი მელია ჩემი მოსწავლე. მისი პირადი მწვრთნელი ზაზა ჯიბლაძეა, მაგრამ მას ხშირად არ აქვს დრო უფროსი ასაკის მოჭიდავეებთან მუშაობის და მე დამხმარე ვარ. ვისაუბროთ გიორგი მელიასა და რევაზ ნადარეიშვილზე. არ მეგულება მწვრთნელი, რომელსაც არ უნდოდეს თავისმა მოსწავლემ იჭიდაოს ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ევროპის თამაშების წინ, დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ძალიან მინდა, ჩემმა მოსწავლემ იჭიდაოს, მაგრამ ნაკრებისთვის როგორც უმჯობესი იქნება, ისე გავაკეთოთ. ორივე მათგანი იყო ყაზახეთში ტურნირზე, რადგან მელიამ ევროპის ჩემპიონატზე წააგო და კონკურენციაში სხვა ბიჭებიც ჩაერთვნენ. ყაზახეთში ვერცერთმა მათგანმა საპრიზო ადგილი ვერ დაიკავა. თავისუფლად შეიძლებოდა, გიორგი მელიას, როგორც საქართველოს ჩემპიონს ევროპის თამაშები ეჭიდავა, მაგრამ ვისი იმედიც მეტად ჰქონდათ მწვრთნელებს, წავიდა ის და ეს იყო რევაზ ნადარეიშვილი. მე რომ ვწყვეტდე ყველაფერს, ვიტყოდი, მინდა მელია და წავიდოდა ის.

– თქვენს ძმას, ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ უხელფასო მწვრთნელი ხართ. რა პრინციპული პოზიცია გაქვთ ანაზღაურებასთან დაკავშირებით და რატომ ხართ კონსულტანტი და არა მწვრთნელი? რატომ არ შეიძლება იღებდეთ ხელფასს ჭიდაობის ფედერაციიდან?

– ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ხელფასი ჰქონდეს კონსულტანტსაც. თუ დამინიშნავენ, დიდი სიამოვნებით ავიღებ. ამიტომ, ჩათვალეთ, გამომუშავებაზე ვარ. მწვრთნელები არიან და შტატი აღარ არის, ყველა იდეალურად ართმევს მოვალეობას თავს. ფედერაციის პრეზიდენტი ხელფასს ვერ ნიშნავს, ამას აკეთებს სამინისტრო. ნაკრების მწვრთნელებიც იღებენ პრემიებს იმ შედეგიდან, რასაც გუნდი აკეთებს და ეს ნაწილდება კონსულტანტზეც. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ დიდების ნაკრებს და არა 23-წლამდელებს ან ახალგაზრდებს. უანგარო არ არის, რასაც ვშრომობ, შესაბამის ანაზღაურებას ვიღებ. თუ არ ვიშრომე და შედეგი არ გაკეთდა, ვერაფერს მივიღებ მეც, ამიტომ ეს უფრო მეტი მოტივაციაა, რომ მეტი შედეგი იყოს, პირველ რიგში, ქვეყნისთვის და შემდეგ ყველა დანარჩენისთვის. ფაქტიურად, გამომუშავებაა. იმუშავებ, აიღებ. ვიძახო, კონსულტანტი ვარ და არაფერი გავაკეთო, ასე არ არის. მეც მწვრთნელი ვარ და ყველა თავისი შრომის შესაბამისად იღებს პრემიას, ყველა თანაბრად.

– ზურა დათუნაშვილის ირგვლივ ვნებათაღელვა ამ დრომდე არ ცხრება. რა ურთიერთობა გქონდათ თქვენ და  მას და ბოლოს როდის შედგა თქვენი კომუნიკაცია?

– ჩვენ  მოჭიდავეები ვართ, ერთი ოჯახი და ისევ  ჩვენში გაირკვევა ყველაფერი. ამ თემას თუ გვერდს ავუვლით, კარგი იქნება. ასეა თუ ისეა, ყველა მოჭიდავე ერთი ოჯახი ვართ. არიან ვეტერანები, მათ გარეშე არც გეგა წყვეტს არაფერს. თუ დადიხართ შეჯიბრებებზე ან შეკრებებზე ჩამოდიხართ, დაინახავთ, რომ ჩვენ, დღემდე ჭკუა-დარიგებას მათგან ვიღებთ და გვეამაყება ეს ხალხი. მათ თავზე ვარავინ გადაახტება და მათი გადასაწყვეტია ბევრი რამ. ვეტერანებმა მოიტანეს აქამდე ჭიდაობა. შეიძლება ბევრი მსოფლიოს, ევროპის ან ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს, მაგრამ მათი აზრია მნიშვნელოვანი პირველ რიგში. ჭიდაობის ოჯახი განიხილავს და გადწყვეტს.

– მე ვფიქრობ ეს პრობლემაც ოჯახში უნდა მოგვარებულიყო. 

– იცით, ყველაფერი ხდება. შეუცდომელი არავინ არის. ყველას რაღაც ეშლება, ზოგს პატარა, ზოგს დიდი დიდი დოზით. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ყველაფერი მოჭიდავეებს შორის უნდა გადაწყდეს.

– ევროპის ჩემპიონატზე თქვით, რომ მნიშვნელოვანი არ არის, რადგან იქ ლიცენზიები არ თამაშდება. ეს ნიშნავს, რომ მომავალი წლის თებერვალში, რომში გადახალისებულ შემადგენლობას ვიხილავთ?

– არც ეს არის გამორიცხული, რადგან ევროპა ტოკიოს ლიცენზიებს არ იძლევა და აქედან ერთ თვეში უკვე პირველი სალიცენზიო ტურნირია. გადაწყვეტილი არ არის, ვინ და სად იჭიდავებს, რადგან წინ უამრავი შეჯიბრია. დავსხდებით და ვისაუბრებთ, რა უკეთესი იქნება ქვეყნისა და ნაკრებისთვის, რათა მეტი ლიცენზია მოვიპოვოთ.

რამდენად რეალურია ოთხივე წონაში ლიცენზიის მოპოვება?

– ამას რამდენად მოვახერხებთ, ჭიდაობა და მზადება გვაჩვენებს. უნდა შევძლოთ. რეალურად ამის შანსი გვაქვს. აღნიშნეთ, რომ წურწუმიაზე მოწოდება იყო, წონა შეეცვალა. მან უნდა მოსინჯოს ძალები 60 კილოგრამში. თუ ვინმეს წონის მომატება ან დაკლება უნდა, საქართველოს ჩემპიონატზე უნდა დაამტკიცოს. ჩვენ ყველას შევუწყობთ ხელს, ვინც ქვეყანას ლიცენზიას მოუტანს. ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ ძლიერი ნაკრები წავიყვანოთ. ლიცენზიებს რაც შეეხება, რუსეთმა ამ მსოფლიოზე მხოლოდ სამი აიღო, თურქეთმა – ორი, აზერბაიჯანმა – ვერცერთი, ზოგმა მხოლოდ ერთი, იაპონიამ, სადაც ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, მხოლოდ ერთი. მთლიანობაში, ორი ლიცენზია ცუდი შედეგი არ არის. დანარჩენის მოპოვება იქნება რთული, მაგრამ ჩვენ ამ სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ვიღებთ ამ გამოწვევას.

– საზოგადოება ყოველთვის კითხულობს, ვინ არის მამაო, რომელიც ნაკრებს დაყვება? რა როლი აქვს მას გუნდში?

– ეს მამაო ჩვენს ნაკრებში ბევრი სპორტსმენისა და მწვრთნელის სულიერი მოძღვარია, ძალიან კარგი ადამიანი. ის ფაქტი, რომ ბიჭებს მამაო გვერდით ჰყავთ, მათზე დადებითად მოქმედებს, საბრძოლო განწყობას უმაღლებს. ის არ დადის ფედერაციის ან სამინისტროს ხარჯით, თავისი ხარჯით მოდის და გვეხმარება, როგორც სულიერი მამა და მოძღვარი. ბიჭებს უხსნის, თუ რა მნიშვნელოვანია მათი როლი საქართველოსთვის, სარწმუნოებისთვის, რომ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში და ამ მოჭიდავეების წარმატება მათ სიხარულს ანიჭებს და წუთიერად ავიწყებს ყველა პრობლემას. ყველა ადამიანმა უნდა გაიხაროს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, თუ ქვეყანა უყვართ, რადგან ამ ბიჭებმა საქართველოს ჰიმნი უნდა ააჟღერონ და დროშა უნდა აფრიალონ.

– თქვენ ხართ ასეთი პროექტის – “ღონიერი გონიერის” ავტორი. საჭიდაო დარბაზებში მოეწყო სამკითხველოები. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, თუმცა, გულწრფელად მაინტერესებს,  გჯერათ იმის, რომ საჭიდაოდ და სავარჯიშოდ დარბაზში მისული ან იქიდან გამოსული სპორტსმენი, წიგნს წაიკითხავს?

– აუცლებელი არ არის, გამოვიდეს და ვარჯიშის მერე წაიკითხოს. შეუძლია მივიდეს 1-2 საათით ადრე, წაიკითხოს.

– ყოფილა ასეთი შემთხვევები?

– არ ვიცი, ეს პროექტი შეწყდა და ვერ გეტყვით.

 

 

 

  • 970
  •  
  •  
  •  
  •