მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დაუჯერებელი გამოსვლა ზაგრების გრან პრიზე (ვიდეო)

ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა წყვილმა ხორვატიის დედაქალაქში ოქროს მედლები მოიპოვა

მარია კაზაკოვა და გიორგი რევიას წყვილმა, ზაგრების იუნიორთა გრან პრიზე, სპორტულ ცეკვებში, თავისუფალ პროგრამაში გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა და ოქროს მედლები მოიპოვა.

ზაგრების ყინულის არენაზე, 14 ქვეყნის 17 წყვილი მონაწილეობდა. ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა წყვილისთვის,  ეს სერიის მეორე ეტაპი იყო რიგაში გამართული ტურნირის შემდეგ.

ამ ეტაპის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გრან -პრის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად და 5-9 დეკემბერს იტალიის ოლიმპიურ ქალაქ ტურინში გასამგზავრებლად.

ზაგრებში, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ღირსეულად იასპარეზეს, სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს ორივე პროგრამაში და ჯამური 169 , 22 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ქართველი მოციგურავეების კარიერაში ეს პირველი ოქროს მედლებია გრან -პრის სერიის ეტაპზე, რაც ნათელი მაგალითია იმისი, რომ კაზაკოვა-რევიას წყვილი წლიდან წლამდე ვითარდება, სრულყოფს თავის ტექნიკურსა თუ საშემსრულებლო პარამეტრებს და მწვრთნელებთან ერთად, ხშირად თავგანწირვამდე მისული შრომითა და ეროვნული ფედერაციის მუდმივი მზრუნველობითა და მხარაჭერით რეიტინგულ შედეგებს აღწევს ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებზე.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის სპორტული ცეკვების ისტორიაში კაზაკოვა რევიას წყვილი , წელს უკვე მეორედ გახდა გრან -პრის ფინალისტი და სხვადასხვა ეტაპზე მონაწილე ფინალის საგზურის მაძიებელ 70 წყვილს შორის , სარეიტინგო 28 ქულით ისეთი სამი ქვეყნის 6 ფინალისტ წყვილს შორის ასპარეზობის უფლება მოიპოვა , როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი.

“სპორტულ წყვილებში მიღებულ ოლიმპიურ ლიცენზიასთან ერთად სპორტულ ცეკვებში გრან-პრის ფინალური საგზურის მოპოვება სერიოზული განაცხადია და სტიმული ქართველი მოციგურავებისათვის. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენ ქვეყანას და გავამართლოთ ფიგურული ციგურაობის მოყვარული ქართველი გულშემატკივრების მოლოდინი”, განაცხადა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

  • 17
  •  
  •  
  •  
  •