10 განსხვავებული ტრადიცია იღბლიანი ქორწინებისთვის

იმისთვის, რომ ქორწინება იღბლიანი იყოს, მსოფლიოში, შეყვარებული წყვილებისთვის სხვადასხვა ტრადიცია არსებობს. გთავაზობთ 10 ყველაზე გამორჩეულ რიტუალს, რომელსაც, დროის მიუხედავად, აქტუალობა არ დაუკარგავს – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრადიცია ამართლებს.

მთავარი თარიღია

პირველი, რაზეც ჩინელი წყვილი ქორწინების წინ ფიქრობს, თარიღია: სწორად შეარჩიეთ ქორწინების დღე და ის აუცილებლად მოგიტანთ იღბალს! არასწორად შერჩეული თარიღი კი ქორწინებას საფრთხეს შეუქმნის! – ასე თვლიან ჩინეთში და კონსულტაციისთვის ბერებს, წინასწარმეტყველებს ან ჩინურ კალენდარს მიმართავენ.

 

თუ ქორწილის დღეს გაწვიმდება, იღბალი გარანტირებულია

ინდური ქორწილი, ტრადიციულად, ფერადი და მხიარულია. თუმცა, ინდოელები თვლიან: იმისთვის, რომ ეს დღე იდეალური გახდეს, დასველება აუცილებელია. წვიმას ინდოელი წყვილისთვის იღბალი მოაქვს და რაც მეტად გაილუმპებიან ბედნიერების წვიმით, მით უკეთესი. მაგრამ თუ არ წვიმს, ინდოელები გამოსავალს მაინც პოულობენ და ახლადდაქორწინებულ წყვილს ყვავილების წვიმას აყრიან.

 

თითო იღბლიანი ნაკუწი ყველას

ახლადდაქორწინებული ესპანელები ბედნიერებას უახლოეს მეგობრებს უნაწილებენ. ბედნიერება და იღბალი კი სიძის ჰალსტუხის ნაკუწებს მოაქვთ – ამიტომ მას ნაწილებად ჭრიან და ანაწილებენ. ზოგჯერ, იგივე ბედი ეწევა პატარძლის ქამარსაც.

 

ყოველთვის ზემოთ იცქირება

ზურმუხტოვანი კუნძულის მკვიდრნი, უკვე მრავალი საუკუნეა, ერთ საქორწინო ტრადიციას მისდევენ: ცხენის ნალი ირლანდიელი პატარძლის საქორწინო ტანსაცმლის აუცილებელი ატრიბუტია. შეგიძლიათ, ეს ნალი კაბაზე უკნიდან მიამაგროთ, ან თაიგულში ჩამალოთ. მთავარია,  U ყოველთვის ზემოთ იცქირებოდეს.

 

ქორწილი უკვალოდ არ ჩაივლის

ეგვიპტელი პატარძლისთვის ქორწილი თავის კვალს ტოვებს – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. საერთოდ, ქორწინება, როგორც წყვილის კავშირი, სათავეს სწორედ ძველი ეგვიპტიდან იღებს. თუმცა, საბედნიეროდ, ეგვიპტური საქორწინო ტრადიცია მთელს მსოფლიოში არ გავრცელებულა – ქორწილის დღეს პატარძალს ყველა მდედრობითი სქესის სტუმარმა სათითაოდ უნდა უჩქმიტოს. შედეგი – დალურჯებული, მაგრამ ბედნიერი პატარძალია.

 

ობობას ქსელი ბედნიერებისთვის

ინგლისში, თუ არაქნოფობია გაქვთ, უიღბლო ქორწინებასა და მარტოხელა ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ობობა, რომელიც პატარძლის კაბაზე მიცოცავს, იღბლის მომტანია. ამიტომ ინგლისურ ქორწილში ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც ამაზე აუცილებლად იზრუნებს.

 

Sai Sin – იღბლიანი თეთრი ძაფები

ტაილანდში შეყვარებული წყვილი ქორწილისთვის მთელ რიტუალს იცავს. თავდაპირველად, ისინი საგულდაგულოდ არჩევენ ქორწილის დღეს და საათს, რისთვისაც რჩევას ასტროლოგებს ეკითხებიან. ქორწილის დროს მათ ბერი ლოცავს და ბედნიერებას უსურვებს, რის შემდეგაც წყვილმა საქორწინო შემოწირულობა უნდა გაიღოს. ცერემონიის შემდეგ, სტუმრები ახლადდაქორწინებულებს მაჯებზე თეთრ ძაფებს უკეთებენ და მათ ერთმანეთზე აბამენ – ითვლება, რომ წყვილმა ეს სამაჯურები სამი დღის განმავლობაში არ უნდა მოიძროს.

 

პატარძლის საიდუმლო  

საქორწილო რიტუალები მექსიკაში ღრმად რელიგიურია, ხოლო პატარძლები ყოველთვის ატარებენ მხოლოდ თეთრს. ამის მიუხედავად, მათ ერთი ფერადი საიდუმლო აქვთ – მექსიკელი ქალები, ქორწინების წინ, საცვლებზე სამი ფერის ბაფთას იმაგრებენ: წითელს – რაც ვნებას ნიშნავს, ლურჯს – ფინანსური სტაბილურობისთვის და ყვითელს – კეთილდღეობისთვის. ითვლება, რომ ეს ბაფთები არავინ უნდა ნახოს, რა თქმა უნდა, სიძის გარდა.

 

მწვანე კაბა და კენტი კანფეტები

ბევრი იტალიელი ქალი წინასაქორწინო უძველეს რიტუალს დღემდე იცავს, რაც, მათი რწმენით, მომავალი ბედნიერი კავშირის წარმატებას განაპირობებს. ქორწილის წინა დღეს, საპატარძლოები მწვანე კაბას იცვამენ და სიძეს ემალებიან. საღამოს ისინი ოჯახის წევრების გარემოცვაში ატარებენ. ქორწილის დღეს კი, პატარძლები სტუმრებს მცირე საჩუქრებს ჩუქნიან – ძირითადად, ეს კანფეტებია – confetti bomboniera, პატარა ქისებში ჩადებული შაქრიანი ნუში. თითოეულ ქისაში კენტი რაოდენობის კანფეტი უნდა იდოს, მაგალითად, 7 ან 9. თუ შემთხვევით წყვილი რაოდენობა აღმოჩნდა, ნამდვილი უიღბლობის ნიშანია.

 

წითელი ქორწილი

არავითარი თეთრი ფერი! ვიეტნამში ქორწილის დღეს ყველაფერი წითელია – დეკორიც და ჩაცმულობაც. ეს ფერი ვიეტნამელებისთვის წარმატების სიმბოლოა. ტრადიციულად, სიძის ოჯახის წევრები პატარძლის სახლში მიდიან, ღვინით, ხილით და ნამცხვრით, რომელიც წითელ ქაღალდშია შეხვეული და ეს ყველაფერი წითელ ლანგარზე დევს.

 

წყარო: bebride.ge

  • 5
  •  
  •  
  •  
  •