სკანდალი გრძელდება  – ვის გამო ენგრევა პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო კარიერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2019 წლის 20 მაისს, პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. მათ შორის, საფეხბუთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” ხუთი ფეხბურთელი – გიორგი გეთიაშვილი, ნიკა მაისურაძე, ჯონი შეროზია, ნოდარ კიკნაველიძე და პაატა ღუდუშაური.

ხუთივე ფეხბურთელი სუს-ის თანამშრომლებმა, ბათუმში, ადგილობრივ „დინამოსთან“ დასრულებული მატჩის შემდეგ აიყვანეს, სასამართლომ კი ისინი 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

უმკაცრესი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება. სფფ-მ ყველა ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თუმცა ამ საქმეში რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება აუცილებლად იყო გასათვალისწინებელი.

პაატა ღუდუშაურის გარდა, რომელიც დაკავებულებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსია, ბრალი ყველა დანარჩენმა აღიარა, სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, სასამართლო პროცესსა თუ სოციალურ ქსელში. „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები აცხადებდნენ, რომ პაატა ღუდუშაურს საქმეში ფინანსური ინტერესი არ ჰქონია და ამბობდნენ, რომ ხუთიდან ოთხი ერთ მეგობარს დაეხმარა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი არ დაელოდა საქმის გამოძიების  და არც სასამართლო პროცესების დასრულებას და ყველა ფეხბურთელის მიმართ ერთნაირი განაჩენი დაადგინა.

მაგდა კლდიაშვილი

ძალიან საინტერესოა თავად სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების ოქმი, თუ რაზე დაეყრდნო კომიტეტი საქმის ძიებისას. როგორც ოქმიდან ვკითხულობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ამ საქმეში მტკიცებულებაა მაგალითად sportall.ge-სთან ნიკა მაისურაძის ინტერვიუ, გიორგი გეთიაშვილის მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერილი პოსტი, ტელეკომპანია „იმედის“ დილის ეთერში, ჯონი შეროზიას ინტერვიუ, სუსის მიერ გავრცელებული დამონტაჟებული ვიდეომასალა სტენოგრაფიული ჩანაწერით და სუსის მომართვა ვიდეოფირების თაობაზე, ასევე მათი პასუხი.

საქმის მასალების რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც ჩანს, ის დეტალურად არ შეუსწავლიათ და გადაწყვეტილება ყველას თანაბრად შეეხო. თუმცა, აშკარაა, რომ სფფ-სთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი და მტკიცებულება, დასკვნების გამოსატანად სოციალურ ქსელსა და ონლაინგამოცემებში გაკეთებული განცხადებები გახდა.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო სხდომაში მონაწილეობას ღუდუშაურის დედა, ხათუნა მწითურიც იღებდა, რომელმაც  შვილის თანაგუნდელები ყველას თვალწინ დაკითხა. როგორც გაირკვა, გეთიაშვილი და მაისურაძე პაატა ღუდუშაურზე დიდი ხნის განმავლობაში ზეწოლას ანხორციელებდნენ, რათა ორგანიზებულ დანაშაულში ჩაერთოთ და იმ კონსპირაციულ ბინაში მიეყვანათ, სადაც თამაშებზე მანიპულაციები იგეგმებოდა.

ღუდუშაურის ოჯახმა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, დადგენილ ვადებში ტრიბუნალში მაშინვე გაასაჩივრა, თუმცა უკვე სამი თვეა, ტრიბუნალს საქმე თაროზე აქვს შემოდებული.

„რეკორდერი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დავების განმხილველი ტრიბუნალის ხელმძღვანელს, ზურა ბიწაძეს დაუკავშირდა, რომელიც განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, ამ გადაწყვეტილების გარშემო შემოსული არცერთი საქმის განხილვა არ ჩანიშნულა. ბიწაძე ამბობს, რომ სხდომა, დებულებით, 180 დღის განმავლობაში შეუძლია არ ჩანიშნოს და გარემოებებიდან გამომდინარე, კიდევ გააგრძელოს.

“საქმეების განხილვა მიმდინარეობს და ხდება მათი შემოსვლის და სირთულის მიხედვით. ამ ეტაპზე, მაგ გადაწყვეტილების გარშემო შემოსული არცერთი საქმის განხილვა არ დანიშნულა”, – აცხადებს ბიწაძე.

კითხვაზე, არის თუ არა ამის მიზეზი სასამართლო, ან სხვა რომელ ბრალდებულს აქვს გასაჩივრებული სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება, ზურა ბიწაძე არ აზუსტებს რაოდენობას და ამბობს, რომ – რამდენიმეს.

“არა, სასამართლო პროცესი არაა მიზეზი. კლუბს და კიდევ რამდენიმეს აქვს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. კონკრეტულ საქმეზე მეკითხები და არ ვარ უფლებამოსილი. კომპეტენციას დავარღვევ”, – განაცხადა ბიწაძემ.

“რეკორდერის” ინფორმაციით, ტრიბუნალში სადისციპლინოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული მხოლოდ ღუდუშაურსა და საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას” აქვს, რომელიც 50 ათას ლარიანი ჯარიმის ანულირებას ითხოვს. საქმე იმაშია, რომ სფფ-ს ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და ის ვერ გასაჩივრდება, ამიტომ, თუკი დავების განმხილველი ორგანო სასამართლოს დაასწრებს და ღუდუშაურის მიმართ გამოტანილ სანქციას ძალაში დატოვებს, ხოლო სასამართლოზე მისი ბრალი გადაკვალიფიცირდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შესაძლოა დიდ სკანდალში გაეხვეს. დიდი ალბათობით, სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი იმის, რომ ტრიბუნალი საქმის განხილვის ჩანიშვნას არ ჩქარობს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში კი საქმის არსებითი განხილვა 23 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, პროკურატურამ არსებითი განხილვის გადადება სასამართლოს 8 ოქტომბრამდე სთხოვა. საქმის არსებითი განხილვის მოტივი ის არის, რომ სწორედ პაატა ღუდუშაური არ აღიარებს ბრალს და საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს და უფრო მეტიც, გამწესრიგებელმა  მოსამართლე ლელა კალიჩენკომ  საქმეში მტკიცებულებად მიიღო, ბრალდებულის დედის მოწმედ დაკითხვის ოქმი,  ხათუნა მწითურის მიერ სადისციპლინო კომიტეტზე ვიტ ჯორჯიას  ორი  ფეხბურთელის დაკითხვის აუდიოჩანაწერი. გარდა ამისა, დასაშვებ მტკიცებულებებად ცნო პაატა ღუდუშაურის ვიზიტი ენდოკრინოლოგთან შესაბამისი გამოკვლევებით, აგრეთვე  ვიზიტი  ფსიქოლოგთან, რომელიც დაკავებას უძღოდა წინ. ღუდუშაურის დედა, მომხდარის გარშემო განვითარებულ მოვლენებს “რეკორდერთან“ ქრონოლოგიურად იხსენებს.

– მაისში, ბათუმში, გვიან საფეხბურთო მატჩი ტარდებოდა, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ შორის. თამაშის დროს, რასაკვირველია, ტელეფონი გამორთული აქვს პაატას  და ველოდებოდი მატჩის  დამთავრებას, ტელეფონი ჩაერთო, დაერეკა და თქვა, მოვდივართო. ძალიან გაიწელა ეს დრო. შემდეგ დამირეკა  ქალბატონმა. ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი მოთამაშის დედამ, მეგობრობენ ის ბიჭი და პაატა. ეს მოთამაშე შესწრებია ამ სიტუაციას და დედამისისთვის დაურეკავს, შოკში ვარ, პაატა გამოიყვანეს ხელბორკილებითო. მირეკავს ეს ქალბატონი და მეუბნება, არ ინერვიულოთ, ასეთი სიტუაციაა. იცით, რა მეგონა? გულწრფელად ვამბობ, ვიფიქრე, ავტოავარია მოხდა, რადგან გზაში მოდიოდნენ,  უბედურება მოხდა და სიმართლეს ვერ მეუბნებიან მეთქი, ვერაფრით წარმოვიდგენდი. შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დაგვირეკა, თბილისში გადმოგვყავსო. რაც მაშინვე  გავაკეთეთ, ადვოკატს დავუკავშირდით და დილით, მოდულის შენობასთან მივედით. პირველი, რაც ყველაზე უცნაური იყო, შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატი ამბობს, რომ საქმის ხელმძღვანელი ლაპარაკობს, პაატასთან დაკავშირებით, სურვილიც კი გვქონდა გაგვეფრთხილებინა, ისეთი განსხვავებული როლით არის ამ საქმეშიო.

– პაატა რა როლით იყო ამ საქმეში?

– დაკავების მეორე  დღეს მოდულის შენობასთან,  პაატას თანაგუნდელი გიორგი გეთიაშვილის ადვოკატი მეძებს და მეუბნება, თქვენთან დამაბარა გიორგიმ, ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობ, პაატა ღუდუშაურიაო. ვერ მივხვდი თავიდან, რასთან მქონდა საქმე. საქმის მასალები გადმოსცეს ადვოკატს და 203-ე მუხლი წაუყენეს ბრალად, თამაშზე ზეგავლენის მოხდენა, სარგებლის მიღების კუთხით. ყველა ამ ხუთ ფეხბურთელზე იყო ასეთი ბრალი წარდგენილი და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სხვა დანარჩენებზე ვერ ვისაუბრებ, მხოლოდ „ვიტ ჯორჯიაზე“. ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და თავიდან აბსოლუტურად ვეთანხმებოდი. ეს ქმედება, ვიღაცას შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მძიმე შესაფასებელია. პირველი, რაც მოხდა, გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლაშა ფირცხალაიშვილი მოვიდა ჩვენთან ოჯახში და შანსი არ არის, მანდ რაღაც ხდება, პაატაზე ამას ვერასდროს დავიჯერებო. ადვოკატებს საქმის მასალები გამოვართვი და დავიწყე საქმის ძირეული შესწავლა, ძალიან დიდი მასალა იყო. ოპერაცია თებერვალის ბოლოს  იწყება, როდესაც ერთი პირი უკავშირდება „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელს, რომელსაც აქვს დიდი დავალიანება და მან ეს იცის, ითრევს ამ საქმეში. ერთი ადამიანი მათ შედეგს ვერ დებს და შემდეგ ის უკვე ჩართავს მეორეს, მესამეს და ა.შ. რამდენიმე მატჩში საჭირო შედეგი ვერ დადეს და ამასთან, მიდის ზეწოლა. ეუბნებიან ფეხბურთელებს, რომ „ქურდებმა“ იციან ეს ინფორმაცია და პრობლემები შეექმნებათ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმე მოსასმენი და საყურებელია ეს ყველაფერი. საქმეში ბოლოს რთავენ პაატას.

– ეს როდის მოხდა?

– სულ ბოლოს. ბოლო კადრში ჩანს ვიდეომასალაში. ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი  სატელეფონო  ზარები პაატას ერთი  თანაგუნდელის მხრიდან და მეორე მხრიდან ემოციურად ძალიან მძიმე ნათქვამი, რომ იმდენად ბევრი თამაში ვერ გაკეთდა და იმდენ თანხაზეა საუბარი, რომ სხვა გზა არ აქვს თავი უნდა მოიკლას და პაატას აბარებს, რომ მიხედოს მის დედას და მამას. ძალიან მძიმე აღსაქმელია, როდესაც 31 წლის ადამიანი თავის 21 წლის თანაგუნდელს ასეთ მდგომარეობაში აყენებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონსპირაციულ ბინაში  ერთ-ერთი შეხვედრის დროს სუს-ის წარმომადგენელს, დავით დოლაბერიძეს ეუბნებიან რომ პაატა ღუდუშაურს აქ მოიყვანენ, ეს ამბავი ამ დროს პაატამ საერთოდ არ იცის. მანამდე, ჯაყელია მთავარი, რომელიც გეთიაშვილს დაუკავშირდა, რეალურად, მას პაატასთან შეხება არ ჰქონია.  პაატას თანაგუნდელების, გეთიაშვილისა და მაისურაძის ზეწოლით და დამსახურებით მიიყვანეს იმ კონსპირაციულ ბინაში. ჩანაწერები უნდა ნახოთ, საოცარი საყურებელია. აშკარად ჩანს რომ  ეს პირველი შემთხვევა არ არის მათთვის, ექსპერტი არ  სჭირდება ამ დასკვნის გაკეთებას. ამის გამომწვევი მიზეზები რა არის, ცალკე თემაა და  ჩემი განსახილველიც არ არის.

– ამის მიზეზებზე საუბარი შეიძლება ან გამართლება აქვს მომხდარს?

არა, რა თქმა უნდა. უსაფრთხოების სამსახურის  ჩანაწერს დავუბრუნდები. იქ ეუბნებიან პაატას, რომ თუ ამ ამბავს ვინმეს ეტყვის, მათაც დიდი პრობლემა შეექმნებათ. პარალელურად კი, „დინამო თბილისი“ დაინტერესებულია პაატას გადაყვანით მათ გუნდში  და დავდივარ მე მათთან შეხვედრებზე. მოლაპარაკებაზე ვარ მისული გურამ რუხაძესთან („ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტი, ავტ.), რომელიც გაურკვეველ თანხებს ითხოვს, მაგრამ მაინც მოდის მოლაპარაკებაზე. დანარჩენებს ფეხბურთის თამაში დასრულებული აქვთ ფაქტიურად, ისეთ ასაკში არიან. ამ პერიოდში კი პაატას ვატყობ ცვლილებებს. მე ხომ ვიცი ჩემი შვილის ბუნება. საჭმელს ვერ ჭამს, ხელიდან უვარდებოდა ყველაფერი,  ღამით არ ძინავს  და შფოთავს. გაღიზიანებულია და რაც მთავარია მას 8 წლიდან  აქვს დაავადება ფსორიაზი და ეს დაავადება უმწვავდება.   შესაბამისად მწვრთნელს, ლაშა ფირცხალაიშვილს რამოდენიმეჯერ დავურეკე და ვკითხე, რა ხდება, ვერ ვცნობ პაატას  და იქნებ თქვენ იცით რა ხდება მის თავს მეთქი.  ლაშამ  დაძაბულობას მეც ვამჩნევ, მაგრამ არ ინერვიულოთ, უმაღლეს ლიგაში მეტი პასუხისმგელობა აქვს და ნერვიულობსო. ჩავწერე  ფსიქოლოგთანაც, რადგან სულ სხვა პაატას  ვხედავდი. მოსამართლემ ესეც მიიღო,რომ აღნიშნულ საქმეზე შესაძლოა მოახდინოს გავლენა,   როგორც პაატაზე ზეწოლის მტკიცებულება. სისხლის სამართლის კოდექსში ამაზე ჩანაწერიცაა. დანაშაული, რომელიც სხვანაირად არ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. როდესაც საქმეში არსებულ მასალებს გავეცანი, მოვითხოვე შეხვედრა სფფ-ს გენერალურ მდივანთან, დათო მუჯირთან, მინდოდა, რომ მათი წარმომადგენელი დასწრებოდა პროცესებს, მაგრამ სამწუხაროდ მათგან რეაგირებას ვერ ვხედავ. დანარჩენი ბრალდებული ფეხბურთელების, მათი ოჯახის წევრების განცხადებებს აბსოლუტურად ვემიჯნები. დახმარება ვიცი, როცა შენ შეგიძლია დამეხმარო, რითიც შეგიძლია და არა გუნდის ხარჯზე. პაატას ინციდენტი შეემთხვა. მცხეთაში ვარჯიშობდნენ. ტაქსით მოდიოდა, რომელიც გაზით იმართებოდა   და აფეთქდა. ბეწვზე გადარჩა. ხელები და სახე დაეწვა. ამიტომ, გადავწყვიტე შემეძინა  მცირელიტრაჟიანი ავტომანქანა. ამის შემდეგ ამ ავტომანქანით  მამამისი ატარებდა ვარჯიშემზე. რაღაც პერიოდის მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა, ჩემი მეგობრის ცოლს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ოპერაციის გასაკეთებელი ფული აკლდებათო. საუბარია გიორგი გეთიაშვილის მეუღლეზე. იმ მომენტში  სხვა საშუალება არ მქონდა, ამიტომ   ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ ისე გავყიდეთ მანქანა. ამის თქმა ნამდვილად უხერხულია ჩემგან, მაგრამ მე ვემიჯნები პაატას თანაგუნდელების ახლობლების ყველა განცხადებას მეგობრის დახმარების მოტივით რომ ხსნიან  და ესმით  მათი ქმედება.

– 21 წლის ადამიანი ბავშვი არ არის, რომ სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად მოექცეს, რით ხსნით ამას?

– გეთანხმებით. ბავშვი არ არის, მაგრამ მოქცეულია გავლენის ქვეშ. გეთიაშვილი ეუბნება, თუ არ დაეხმარება, ხეზე ნახავს ჩამომხრჩვალს. მაისურაძე ურეკავს ძალიან ხშირად, რომ უნდა ავიდეს კონსპირაციულ ბინაში, თორემ ყველას პრობლემა შეექმნება, რადგან უკვე დასახელებულია მათი მხრიდან და პაატას ფიზიკურ ნახვას ითხოვენ.  ფულთან პაატას შემხებლობა არ აქვს, არც დაინტერესება. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე მინდა ასე, ჩანაწერებშია. ყველამ აღიარა ბრალი და პაატა რატომ არ აღიარებს, სულელია?  მტკიცებულებებია სახეზე. თან მინდა გითხრათ, რომ არცერთი განცხადება არ ყოფილოა ჩვენი მხრიდან სანამ ყველა მტკიცებულებას არ გავეცანი, სანამ არ მოვუსმინე პაატას თანაგუნდელებს. ამის შემდეგ, როდესაც მივხვდი რომ პაატას საქციელმა მორალური უფლება მომცა რაიმე მეთქვა გავაკეთე კიდეც პირველი განცხადება, ისიც ფეხბურთის ფედერაციის სრულიად არამართლზომიერი გადაწყვეტილების შემდეგ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ შემთხევევიდან ძალიან მალე გეთიაშვილმა და მაისურაძემ მთხოვეს მოსულიყვნენ ჩემთან ოჯახში. რა თქმა უნდა მე გამოვთქვი მზაობა მათთან შეხვედრის. შევთანხმდით, რომ მოვიდოდა  ორივე ერთად, მაგრამ ნიკოლოზ მაისურაძე მარტო მოვიდა და მერე მივხვდი რატომ,  პაატას კუთხით, ყველაფერზე ხელის შეწმენდა გეთიაშვილისთვის უნდოდა. მტკიცებულებებით, რეალურად ყველაზე მეტად სწორედ ნიკა მაისურაძე აწუხებს და სწორედ მას აჰყავს კონსპირაციულ ბინაში. ძალადობა მხოლოდ ფიზიკურად გასწორება ხომ არ არის, ეუბნებიან, რომ თავს მოიკლავენ, ან მასაც მოკლავენ თუ ვინმეს ეტყვის და მათაც, ვისაც ამას მოუყვება. ვეღარც ვუსმენდი, შოკში ვიყავი.  თან იცით რა მაკვირვებს მეგობრის გადარჩენა და  თან ცალკე შენთვის ფული როგორ გინდა,  ვერ ვიგებ.

აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ  პაატა ღუდუშაურის ზემოთ დასახელებულ  ორ თანაგუნდელს  კიდევ აქვთ შანსი, ის რაც თავიდან თქვეს ჩვენთან ოჯახში და რაც მერე გადათქვეს და სხვანაირი მიმართულება მისცეს, რომ პაატა ღუდუშაური იმიტომ არ უნდა დაისაჯოს რომ ის არის  ნიჭიერი ფეხბურთელი და არის მხოლოდ 21 წლის, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, სასამართლოზე კიდევ ერთხელო დააფიქსირონ, ანუ თქვან  სიმართლე.  კი ბატონო წავიდნენ საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურასთან და აღიარონ ის რაც ჩაიდინეს, ოღონდ ცალსახად გამოყონ მათი როლი პაატას კუთხით და აღიარონ. ჯერ ის არ ეყოთ, რომ იძულებული გახადეს მიეყვანათ იმ ბინაში, და ახლაც არ ამბობენ სიმართლეს, მე ამის შემდეგ თავისუფალი ვარ მათი კუთხით მორალურ წიაღსვლებში და თუ ისინი ამას არ იზამენ,  ჩვენ ავღძრავთ ცალკე საქმეს მათი მხრიდან პაატა ღუდუშაურზე ზეწოლის გამო. პაატა  ღუდუშაურს საქმეში არსებული  მტკიცებულებებით არანაირი ფინანსური ინტერესი  არ გააჩნია და შესაბამისად 203- ე მუხლთან არანაირი კავშირი არა აქვს. თვითონ პაატას დამოკიდებულებაც ასეთია, ის არ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია.

– პაატა დაკითხეს უკვე?

– არა, ჯერ არა, მაგრამ ყველა კითხვაზე აპირებს პასუხის გაცემას. ჩემი შვილი ქუჩაში თავისუფლად დადის. ვერავინ დამაჯერებს, რომ მაისურაძეს ეშინოდა და იმის ილუზია ჰქონდა, ვინმე მოკლავდა. 21 წლის ადამიანს რომ აიძულებენ იქ ასვლას, როგორ აფასებენ თავის საქციელს? მაგრამ ადამიანები ჩავდივართ შეცდომებს, და თუ ამ შეცდომების აღიარება და გამოსწორება შეგვიძლია, ჩვენს სულგრძელებაზე მეტყველებს.

– “სახელის გატეხვას, თავის გატეხვა ჯობიაო”, ნათქვამია. ერთხელ თუ უკვე მოექცა გავლენის ქვეშ პაატა, როგორც დედა, სხვა დროს იგივე რომ განმეორდეს, ამას გამორიცხავთ?

– დიახ, გამოვრიცხავ. მისთვის ეს კარგი გაკვეთილია. მორალური რეაბილიტაცია გავლილი აქვს. სამ დღეში, ხუთი ათასი ხელმოწერა შეგროვდა პეტიციის სახით. ხელს აწერენ ფეხბურთელები, ვეტერანები და ა.შ. მაპატიეთ, მაგრამ ერთი ადამიანისთვის, ძალიან დიდი საქმეა ეს. რატომღაც, მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია არ რეაგირებს. ყველამ ყველაფერი იცის. პაატას აბსოლუტურად არ აქვს მორალური პრობლემები. ერთადერთი, რაც უნდა ექნა, შესაბამისი უწყებებისთვის უნდა ეცნობებინა.

– ელოდებით, რომ სასამართლო მას გაამრთლებს?

– იცით ძალიან დიდი  იმედი გვაქვს. გარდა ამისა, პაატას ქმედება  შესაძლებელია განიხილოს როგორც შეუტყობინებლობა, მაგრამ 203- ე მუხლთან  სისხლის სამართლის კოდექსში არა არის შეუტყობინებლობის კავშირი, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, საქმეში არსებული მასალებით საიდანაც დასტურდება, რომ   პაატა ღუდუშაურის ქმედება, ისიც სულ ბოლოს ერთ ეპიზოდში,  განხორციელდა მხოლოდ ზეწოლის შედეგად და მას არანაირი ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღება არ  უნდოდა  და თუ არ დაეხმარებოდა მათ,  ის  თვლიდა რომ წირავდა ადამიანს, რომელსაც  წინა დღეებში,  მისივე თქმით განზრახული ქონდა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, სამართლებრივად სრულიად კანონიერია პროკურატურამ გაიტანოს, ან/და გადახედოს  პაატა ღუდუშაურის საქმეს.

– სადისციპლინო კომიტეტის წევრებს შესწავლილი ჰქონდათ საქმის მასალები გადაწყვეტილების გამოტანამდე?

– არა, საქმის მასალა იმხელაა, რომ მეც დიდი დრო დამჭირდა. მათ მხოლოდ „ფეისბუქის“ განცხადებებით და საჯარო სივრცეში გავრცელებული მასალებით იმსჯელეს. მეეჭვება, რომ შესწავლილი ჰქონოდათ, რადგან არარელევანტური  გადაწყვეტილება მიიღეს. შეკითხვა არ უნდა გასჩენოდათ? მიაფუჩეჩეს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რა განცხადებებიც კობიაშვილმა გააკეთა, იმ ნარატივს გაჰყვნენ. 21 წლის ადამიანის ცხოვრება საერთოდ არ აინტერესებთ.

– პაატა რას აკეთებს ახლა?

– ვარჯიშობს ინდივიდუალურად და ბევრს. მწვრთნელმა მითხრა, რომ პრობლემები არ აქვს. მისი ცხოვრების აზრი არის ფეხბურთი. მე მას არ ვამართლებ, ალბათ არის ყოველთვის სხვა გამოსავალი, მაგრამ ვერ შევეგუები და არ დავუშვებ, რომ  მისი ქმედება შესაბამისად არ შეფასდეს. ვინმე თუ მეტყვის,  რომ ორგანიზატორები, დამგეგმავები, ფულის მომთხოვნი, ამღებნი, დანაშაულებრივი ჯგუფის შემქმნელი, ზეწოლის განმხორციელებლები  და ზეწოლის ქვეშ მყოფი და დაშინებული ერთნაირად უნდა დაისაჯოს, მაშინ არ ვიცი.  ვეტყვი  რომ ისინი ფუნდამენტურად ცდებიან.

– კლუბს რა პოზიცია აქვს, გქონდათ მათთან საუბარი?

– სადისციპლინომ „ვიტ ჯორჯია“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა, რომელსაც არ ვეთანხმები. აქედან ორი კვირის შემდეგ, ფოსტით მომდის ბრძანება კლუბის, სადაც წერია, რომ „ვიტ ჯორჯია“ პაატა ღუდუშაურს 10 ათასი ლარით აჯარიმებს. პაატას თაანაგუნდელებთანაც გაუგზავნიათ, ხუთზე გაყვეს 50 000 ლარი. ეს საერთოდ  არასერიოზულია და რა თქმა უნდა გავასაჩივრეთ.  მე ვხვდები, ეს რატომ გააკეთეს, თუმცა ეს საკითხი აქ განსახილველი არ არის, ისე  ნამდვილად საინტერესოა.

 

  • 46
  •  
  •  
  •  
  •