გრეტა თანბერგის ემოციური გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

16 წლის შვედმა ეკოაქტივისტმა სამიტის მონაწილეებს ცრუმარქვიები და უსაქმურები უწოდა

16 წლის შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა თანბერგმა ნიუ-იორკში, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან კლიმატური სამიტის მონაწილეებს უმაქნისობაში დასდო ბრალი, ცრუმარქვიები უწოდა და განაცხადა, რომ მათ მისი ბავშვობა და ოცნებები მოიპარეს. მისი თქმით, სანამ ხელისუფლებებს მხოლოდ ფული და ეკონომიკური ზრდა აინტერესებთ, მსოფლიოში ადამიანები იღუპებიან და ეკოსისტემა ნადგურდება:

“მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თქვენ თვალს მიგადევნებთ. ეს ყველაფერი არასწორია. მე ახლა აქ არ უნდა ვიყო. მე ახლა სკოლაში უნდა ვიყო, ოკეანის მეორე მხარეს. თქვენ მოგვიწოდებთ ჩვენ, ახალგაზრდებს, იმედისკენ. როგორ ბედავთ?! თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები, ჩემი ბავშვობა… თქვენი ფუჭი სიტყვებით. მე უფრო გამიმართლა. ადამიანები იტანჯებიან, ადამიანები კვდებიან, მთელი ეკოსისტემები ინგრევა. ჩვენ მასობრივი განადგურების ზღვარზე ვდგავართ. და თქვენ მხოლოდ ფულზე საუბრობთ და ჰყვებით ზღაპრებს მარადიულ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ?!”

15 თანასკოლელთან ერთად, თანბერგმა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში 5 ქვეყნის: არგენტინის, ბრაზილიის, თურქეთის, გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ახალგაზრდა ეკოაქტივისტი თვლის, რომ ეს ქვეყნები არასაკმარისად ეფექტიანად ებრძვიან გლობალურ დათბობას და ამით ბავშვთა უფლებების კონვენციას არღვევენ.

მისმა ემოციურმა გამოსვლამ ინტერნეტში ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გამოიწვია. ბევრმა ეჭვი შეიტანა გოგონას გულწრფელობაში და ჩათვალა, რომ მის უკან ცინიკოსი ლობისტები დგანან.

“ის ისე გამოიყურება, როგორც ძალიან ბედნიერი, ახალგაზრდა გოგონა, ნათელი და ბრწყინვალე მომავლით. სასიამოვნოა ამის ნახვა”, – ასე გამოეხმაურა თანბერგის გამოსვლას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “ტვიტერით”. ტრამპის ეს მოსაზრება ზოგმა არაორაზროვნად შეაფასა და გადაწყვიტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გოგონას “ტროლავს”. გრეტამ ხომ თქვა, რომ მას ტრამპთან შეხვედრა არ აინტერესებს და ტრამპმაც მას საკმაოდ მშვიდად ჩაუარა გვერდით სამიტის კულისებში, ისე რომ ყურადღებაც არ მიუქცევია.

სამაგიეროდ, გასულ კვირას თანბერგს ტრამპის წინამორბედი, ბარაკ ობამა შეხვდა და მისი მისამართით კომპლიმენტებიც არ დაიშურა. “მას გააზრებული აქვს, რომ მის თაობას განსაცდელის წინაშე დგომა მოუწევს, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება. ამიტომ მას არ ეშინია, მოითხოვოს რეალური ცვლილებები”, – დაწერა ობამამ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც ჩათვალა, რომ გრეტასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა შექებას იმსახურებს და საზოგადოება დაარწმუნა, რომ საფრანგეთი არ აპირებს ჩადოს ფული იმ პროექტებში, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. “ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ ვუყუროთ, როგორ აწყობს ჩვენი ახალგაზრდობა პარასკევობით საპროტესტო აქციებს კლიმატის ცვლილებების გამო და ვუპასუხოთ: ყევლაფერი კარგადაა, ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ჩვენ მიზნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ”, – განაცხადა მაკრონმა. მან აქვე დასძინა, რომ გაეროს კომიტეტში შეტანილ საჩივარს ეფექტურად არ თვლის და ეკოაქტივისტებს მოუწოდა, პროტესტი გამოხატონ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებმაც ევროკავშირის ინიციატივა  ნახშირბადის ნეიტრალიტეტის თაობაზე დაბლოკეს, მაგალითად, პოლონეთში.

 

 

  • 4
  •  
  •  
  •  
  •