Exclusive – მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია წონას იცვლის და ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს

ლადო გეგეშიძის განცხადებით, წურწუმიამ მაქსიმუმი გააკეთა და ყველა რესურსი აქვს ლიცენზიის მოსაპოვებლად

მსოფლიოს ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია წონას იცვლის და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტი, ლადო გეგეშიძე, „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნუგზარ წურწუმიამ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც არაოლიმპიურ წონაში შეეძლო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნაკრების კონსულტანტის, ლადო გეგეშიძის განცხადებით, წურწუმიამ, არაოლიმპიურ წონაში მაქსიმუმი გააკეთა და ახალ წონაში, ყველა რესურსი აქვს ლიცენზიის მოსაპოვებლად.

– ნუგზარ წურწუმიაზე უნდა გკითხოთ, რადგან გულშემატკივარმაც გამოხატა გულისწყვეტა, რომ მისი წონა ოლიმპიური არ არის. უშვებთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ მომავალ წელს წურწუმიამ წონა შეიცვალოს და დარჩენილ ორ ტურნირზე ლიცენზიისთვის იბრძოლოს?

– ზოგადად, მაქსიმუმი, რაც ამ არაოლიმპიურ წონაში შეიძლება გააკეთო, მსოფლიო ჩემპიონობაა და ეს წურწუმიამ შეძლო. სპორტსმენის გადასაწყვეტია, აიწევს თუ არა ოლიმპიურ წონაში. ჩვენ, მწვრთნელები, ყველა მიმართულებით დავეხმარებით. ის მოსინჯავს ძალებს საქართველოს, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე. მან ყველაზე კარგად იცის საკუთარი ძალები. ჰყავს პირადი და არაერთი მწვრთნელი, რომლებიც ჩვენთან გაივლიან კონსულტაციას და ჩვენც რეკომენდაციას მივცემთ.

– როგორც ნაკრების კონსულტანტი, ფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეს წურწუმია ოლიმპიურ წონაში?

– ცუდი არ იქნება. მოსინჯოს. ჩემი აზრით, არავის არაფერს დაუთმობს და არც არავისზე ნაკლებია. ჭიდაობაში მთავარი ხასიათი, მომზადება და რეჟიმია, ეს ყველა კომპონენტი კი ნუგზარ წურწუმიას აქვს. გაივლის პირად მწვრთნელთან კონსულტაციას. მე თუ რჩევას მკითხავს, უნდა მოსინჯოს. მან მაქსიმუმი გააკეთა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მივესალმები, რაც უფრო ჯასაღი კონკურენცია იქნება ოლიმპიურ წონებში, მით უკეთესი, რადგან 4 ლიცენზია დაგვრჩა ასაღები. ვინც ძლიერი იქნება, ის წავა სალიცენზიო ტურნირებზე.
ნუგზრ წურწუმიამ „რეკორდერს“ დაუდასტურა, რომ ის წონას იცვლის და უკვე საქართველოს ჩემპიონატზე, ოლიმპიურ 60 კგ წონაში გამოვა.

ლადო გეგეშიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს „რეკორდერი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

  • 492
  •  
  •  
  •  
  •