თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

ქართველმა მოჭიდავეებმა ყაზახეთში, ოლიმპიური თამაშების ოთხი ლიცენზია აიღეს

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში  მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ქართველი ფალავანი, გუშინ 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ შარიფოვთან დამარცხდა, რომელმაც ფინალში გააღწია, ოდიკაძეს კი ბრინჯაოს შანსი გაუჩნდა.

დღეს, დამამშვიდებელ წრეში, ოდიკაძემ კორეელი კონკურენტი 4:0 დაამარცხა და ექვსეულში ადგილი გაინაღდა, რითიც ავტომატურად ერგო ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, რომელიც თავისუფალი სტილიტ მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მეორეა. პირველი ლიცენზია სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ანგარიშზეა.

ჯამში, ნურ სულთანში, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ოთხი ლიცენზია აიღეს და ოთხივე მათგანი პრესტიჟულ მძიმე წონებში.

ბექა როყვას გუნდიდან ეს გიორგი მელიამ და იაკობ ქაჯაიამ მოახერხეს.

ელიზბარ ოდიკაძე კი მესამე ადგილისთვის, ბოლო ორი წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და ვიცე ჩემპიონს, ამერიკელ კაილ სნაიდერს დაეჭიდება.

  • 159
  •  
  •  
  •  
  •