იაკობ ქაჯაია ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა, გარდა ბრინჯაოს მედლისა, ეროვნულ გუნდს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოუტანა, როდესაც რეპეშაჟში ჩილელი მეტოქე დაამარცხა და ექვსეულში ადგილი გაინაღდა.

იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს ფინალში გერმანელი პოპი 5:0 დაამარცხა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 15 სარეიტინგო ქულა მოუტანა, რითიც ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩათვლაში, 64 საუკეთესო გუნდს შორის მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა.

ბექა როყვას გუნდისთვის ეს შედეგი უნიკალურია. 2007 წლის შემდეგ, ამ სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი არ ჰყოლია. ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და ლაშა გობაძემ (82კგ), 12 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს.

  • 373
  •  
  •  
  •  
  •