2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი, 2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ბექა როყვას გუნდმა, 79 ქულა დააგროვა, რითიც საუკეთესო მესამე ადგილი დააფიქსირა. უზბეკეთმა საქართველოს მხოლოდ 1 ქულით გადაუსწრო. პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში რუსეთს ერგო.

ეს შედეგი ისტორიულია. 2007 წლის შემდეგ, ამ სტილით ჭიდაობაში, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია. 15 სექტემბერს, პირველი საფინალო დღის შემდეგ, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და ლაშა გობაძემ (82კგ) საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს და ეროვნული ჰიმნიც ორჯერ ააჟღერეს “ბარის არენაზე”.

დღეს კი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ბოლო საშეჯიბრო დღეს, მძიმეწონოსანმა იაკობ ქაჯაიამ (130კგ) ბრინჯაოს ფინალში გერმანელი პოპი 5:0 დაამარცხა და ნაკრებს 15 სარეიტინგო ქულა, მორიგი მედალი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა.

ტოკიოს ლიცენზია მოუტანა საქართველოს გიორგი მელიამაც (97კგ) და ათი სარეიტინგო ქულა, იური ლომაძის აქტივში კი 4 ქულაა.

დარჩენილ ოთხ ოლიმპიურ წონაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მომავალი წლის მარტსა და აპრილში ბუდაპეშტსა და სოფიაში იბრძოლებს.

ფოტო: ანა კახაბრიშვილი

 

 

  • 1.8K
  •  
  •  
  •  
  •