ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი მელია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

გიორგი მელიამ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ტოკიოს 2020 წლის პირველი ლიცენზია მოუტანა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გიორგი მელია (97კგ) ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

გიორგი მელიამ ფინალში გამსვლელი დაპირისპირება სომეხ ალექსანიანთან 1:3 დათმო, თუმცა, 1/4 ფინალში, ფრანგ მეტოქესთან გამარჯვებით საქართველოს, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონატზე, უფროსებს შორის, დებიუტანტია.

რამდენიმე წუთში კი, ეროვნული გუნდის ორი წევრი, ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ლაშა გობაძე (82კგ) მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისა და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. წურწუმია მასპინძელ ხაკანშას დაეჭიდება, გობაძე კი – აზერბაიჯანელ ჰუსეინოვს.

წურწუმიასა და გობაძის წონები არაოლიმპიური კატეგორიებია, თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში, 12 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონები ეყოლება.

  • 126
  •  
  •  
  •  
  •