უსამა ბინ ლადენის შვილი აშშ-ის კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა

ხამზა ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია თავად დონალდ ტრამპმა დაადასტურა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ “ალ-ქაიდას” დამაარსებლის, უსამა ბინ ლადენის მემკვიდრე, ხამზა ბინ ლადენი აშშ-ის ოპერაციის დროს დაიღუპა. თუმცა, სად და როდის ჩატარდა ეს ოპერაცია, ინფორმაცია ამის თაობაზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. ხამზას ადგილსამყოფელის დასადგენად, მის სიკვდილამდე, ჯილდოს სახით, სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 მლნ დოლარი დააწესა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ალ-ქაიდას” დაჯგუფების გავლენიანი წევრისა და უსამა ბინ ლადენის ვაჟის სიკვდილი ამ ტერორისტულ დაჯგუფებას მნიშვნელოვნად დაასუსტებს.

თავად უსამა ბინ ლადენი ამერიკულმა სპეცდანიშნულების ძალებმა 2011 წელს, პაკისტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ოპერაცია აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ პირადად იყო სანქცირებული.

ხამზა ბინ ლადენმა 2015 წელს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მომხრეებს “ურწმუნოების წინააღმდეგ წმინდა ომის” გაგრძელებისკენ და აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმებისკენ მოუწოდებდა. მაშინ ის, დაახლოებით, 30 წლის იყო.

სულ, უსამა ბინ ლადენს, გავრცელებული ინფორმაციით, 13 ვაჟი ჰყავდა, თუმცა ხამზა მასთან ყველაზე ახლოს იყო. ამერიკულმა დაზვერვამ ხამზა ბინ ლადენისა და “ალ-ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერის, აბდულა აჰმედის, იგივე აბუ მუჰამედ ალ-მასრის ქალიშვილის ქორწინების ვიდეოჩანაწერი მოიპოვა. აბუ მუჰამედ ალ-მასრი ცნობილია 1998 წელს, ტანზანიასა და კენიაში აშშ-ის საელჩოებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებით. როგორც დასავლური მედია წერს, ქორწილი, სავარაუდოდ, ირანში შედგა.

წყარო: BBC

 

 

  • 1
  •  
  •  
  •  
  •