საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორეა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ წუთის მონაცემებით, 54 ქულით გუნდურ მეორე ადგილს იკავებს.

პირველ ადგილზე რუსეთია, რომელსაც 61 ქულა აქვს, რომელსაც ერთი ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს, თუმცა მათ 55 და 82 კგ წონით კატეგორიაში სპორტსმენებმა 8-8 ქულა შესძინეს.

საქართველოს ნაკრებს 25-25 ქულა, მსოფლიო ჩემპიონებმა, ნუგზარ წურწუმიამ (55გ) და ლაშა გობაძემ (82კგ) მოუტანეს, ხოლო 4 ქულით ეროვნულ გუნდს იური ლომაძე შეეწია. შეიძლება ითქვას, რომ მინიმუმ 8 ქულს მოუტანს გიორგი მელიაც (97კგ) ნაკრებს, თუმცა, ბრინჯაოს მოგების შემთხვევაში მის აქტივში 15 სარეიტინგო ქულა იქნება.

ამასთან, გიორგი მელია პირველია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში, რომელმაც ქვეყანას 97 კგ-ში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოუტანა.

მესამე ადგილზე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით მასპინძელი ყაზახეთის ნაკრებია.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დარჩენილი სამი წევრი – დავით ჩხარტიშვილი (60კგ), გელა ბოლქვაძე (77კგ) და იაკობ ქაჯაია (130კგ) ასპარეზობაში ხვალ ჩაერთვებიან და დარჩენილი მედლების კომპლექტებს გაითამაშებენ.

საქართველოს, ამ სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი 2007 წლის შემდეგ აღარ ჰყოლია, დღეს კი, ორმა მოჭიდავემ ერთად შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ყაზახეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნის აჟღერება.

  • 90
  •  
  •  
  •  
  •