გიორგი მელიამ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ტოკიოს პირველი ლიცენზია მოუტანა

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გიორგი მელია ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მელიამ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

მელიამ, პლანეტის პირველობაზე, ჰონდურასელი და ყაზახი მეტოქეები ჩამოიშორა გზიდან, ნახევარფინალში გამსვლელი დაპირისპირება კი ფრანგ ნოუმოვნს მოუგო და უკვე ექვსეულში შევიდა. რა შედეგითაც არ უნდა დაასრულოს ასპარეზობა მან, საქართველოს 97 კგ წონაში ლიცენზია უკვე აქვს.

87 კგ წონით კატეგორიაში, გურამ ხეცურიანმა სტარტზევე წააგო და შემდეგ დამამშვიდებელ წრეში შეჯიბრის უფლებაც დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წონაში, საქართველოს გარჯა მომავალი წლის ორ სალიცენზიო ტურნირზე მოუწევს.

შმაგი ბოლქვაძემ ეგვიპტელ ელ საიედთან 9:1 წააგო და ახლა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა მისი დამმარცხებელი ფინალში გასვლას, რომ შემდეგ რეპეშაჟიდან გააგრძელოს მედლისთვის ბრძოლა.

დღეს კი, 16:00 საათიდან, 55 და 82 კგ წონით კატეგორიაში, ორი ქართველი ფალავანი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებს. ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ გუშინ, პირველი საშეჯიბრო დღე შთამბეჭდავად ჩაატარეს.

  • 797
  •  
  •  
  •  
  •