მამუკა ხაზარაძის “ლელო” – საზოგადოებრივი მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

TBC ბანკის დამფუძნებელმა ახალი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა

ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც სათავეში TBC ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე უდგას, “ლელო” ერქმევა. ხაზარაძე ამბობს, რომ მისი ინსპირაცია გალაქტიონის ლექსია და ამის სადემონსტრაციოდ დღეს, ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე, ლექსიდან “მშობლიურო ჩემო მიწავ” ფრაგმენტიც კი წაიკითხა.

“ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება – ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა, ჩვენს ქვეყანას პერსპიქტივა არ აქვს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მისი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს. სამომავლო მიზნებისთვის, ხაზარაძე, ცნობილი პოლიტიკური სახეების ნაცვლად, 12 ლიდერს ეძებს, რომლებიც მრგვალი მაგიდის გარშემო დასხდებიან და ქვეყნის გადარჩენაზე იფიქრებენ: “მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში. მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს, ლიდერს სოფელში, 12 ლიდერ ქალს და მამაკაცს რაიონში. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო”, – აღნიშნა მოძრაობის დამფუძნებელმა.

ცნობილი ბიზნესმენი აცხადებს, რომ ქვეყანამ უიმედობა უნდა დაძლიოს, რეგიონსა და მსოფლიო რუკაზე ფუნქცია დაიბრუნოს და მერკანტილური ჭაობიდან გამოვიდეს.

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით, ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა აბსოლუტურად სხვა რეალობამ. საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებსაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროებში თქვენნაირად შექმნეს წარმატების ისტორია“,– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალი მოძრაობის დამფუძნებლებს, მამუკა ჯაფარიძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა “ფულის გათეთრებას” ედავება. მათ ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ბრალის წარდგენიდან 1 თვის შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა. 26 აგვისტოს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000 – 700 000 ლარი გადაიხადეს.

პარალელურად, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებდა, რომელსაც უკვე დღეიდან “ლელო” ჰქვია.

 

  • 6
  •  
  •  
  •  
  •