თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პრობლემებით მიემგზავრება

გიორგი იანტბელიძე: მადლობა მათ, ვინც დადებითი ემოციებით გვავსებს

რამდენიმე დღე და ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში სტარტს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს. ტურნირს, წინა წლებისგან განსხვავებით, ძალიან პრინციპული და დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფინალური ექვსეული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახეთში პრობლემებით მიემგზავრება. როგორც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ნაკრების 70%-ს დღეს ტრავმები აქვს, ამიტომ დასახული მიზანი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებაა.

გენო პეტრიაშვილის უშუალო კონკურენტ თურქ ტაჰა აკგულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის წინააღმდეგ, კვლავ ქართველი მოჭიდავეები ამზადებენ, მაშინ, როდესაც მისთვის სპარინგ-პარტნიორი ჭიდაობის ფედერაციას უცხოეთიდან ჩამოჰყავს. იანტბელიძე ამბობს, რომ სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი საქმის კურსში არიან, მაგრამ პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

ხელი აქვს დაზიანებული ავთო კენჭაძესაც, რომელიც ნურ სულთანში განთესილი იქნება და ისეთ ძლიერ მეტოქეებს მინიმუმ ნახევარფინალამდე აცდება, როგორებიც ამერიკელი ბეროუზი, იტალიელი ჩამიზო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სიდაკოვია, რომელთანაც კენჭაძემ გასულ წელს, ბუდაპეშტში სადებიუტო მსოფლიოს ფინალი წააგო.

პრობლემა ბევრია, მიზანი კი უცვლელი – გიორგი იანტბელიძე აცხადებს, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად და ლიცენზიების მოსაპოვებლად, მომავალი წელი კი სრულად უნდა დაეთმოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას.

„ოლიმპიური დღიურების“ სტუმარი გიორგი იანტბელიძეა.

მაგდა კლდიაშვილი

– რამდენიმე დღეში, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი გელოდებათ. როგორ მოემზადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სადაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება?

– დასახელდა ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. უნდა აღვნიშნო, რომ პრობლემები გვაქვს. რამდენიმე სპორტსმენია ტრავმირებული. გენო პეტრიაშვილი ახლახანს შევიდა ხალიჩაზე და სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიში, მაგრამ კიდევ გვაკლია სრულყოფილ ფორმამდე. ასევე, ტრავმა აქვს ავთანდილ კენჭაძეს, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და რეაბილიტაციას გადის, ხელზე მკურნალობს. კიდევ აქვს რამდენიმეს მიკროტრავმა. არ მინდა ყველას დასახელება, მათ განწყობას ვუფრთხილდები, მაგრამ, სამწუხაროდ, პრობლემები გვაქვს. რაც შეეხება მზადებას, წლის განმავლობაში რაც შეჯიბრი და შეკრება გვქონდა, ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიგეგმა, რათა ყაზახეთში ჩვენი ნაკრები ღირსეულად გამოვიდეს. გავიარეთ მრავალი შეკრება. მზადებამ, შესაძლებლობის ფარგლებში, ნორმალურად ჩაიარა. გვინდა, რომ მეტი პირობა შევუქმნათ მოჭიდავეებს, მეტი ინფრასტრუქტურა გვჭირდება, მაგრამ რაც გვაქვს, იმ პირობების ფონზე, კმაყოფილი ვარ. ჩვენი სპორტსმენები ყველაფერს გააკეთებენ და ღირსეულად იასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

– გენო პეტრიაშვილმა, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. შარშან, ის ერთადერთი იყო, რომელმაც ეროვნულ გუნდს ოქროს მედალი მოუტანა. მას რთული წელი ჰქონდა, ოპერაცია გაიკეთა მუხლზე და ბოლომდე რეაბილიტირებული არ არის. ამდენი ტრავმის ფონზე, შეძლებს ის მესამედაც დაიცვას ჩემპიონის ტიტული?

– ჩვენი მონდომება მაქსიმალურია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გენომ შეძლოს და დაიცვას თავისი ტიტული. იმედია, მას ეს ტრავმა ხელს არ შეუშლის იმ დონეზე, რომ ეს მოლოდინი გაგვიცრუვდეს. სერიოზული კონკურენტი გვყავს თურქის სახით, რომელიც რევანშისთვის ემზადება. ჩვენ ის უნდა დავამარცხოთ. შემართება და მონდომება გვაქვს. გენოს ტრავმას რაც შეეხება, ახლა შედის ხალიჩაზე და არ ტკივა, მაინც ახალი ნაოპერაციებია. კონკრეტულ მომენტში რა პრობლემას შექმნის, არ ვიცით წინასწარ.

– რადგან თურქი ვახსენეთ, ტაჰა აკგულის, ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ახლაც სამი ქართველი მოჭიდავე ამზადებს. მახსოვს, თქვენ ამას აპროტესტებდით და ჩვენ ვნახეთ ევროპის ჩემპიონატზე, აკგულმა გენო დაამარცხა ფინალში. მაშინ, გენოს სპარინგპარტნიორის პრობლემაც ჰქონდათ, როგორ მოაგვარეთ ეს საკითხი და როგორ გადაჭრით ამ სამი ქართველის პრობლემასაც, რომლებიც სწორედ ქართველი მოჭიდავის წინააღმდეგ აძლიერებენ თურქს? რას აპირებთ?

რაც შეგვეხება ჩვენ და ფედერაციას, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი სპორტსმენები აქ იყვნენ და არ წავიდნენ მოწინააღმდეგესთან, კონკურენტებთან. სამინისტროც საქმის კურსშია და ოლიმპიური კომიტეტიც. ისინი ცდილობდნენ ამ მოჭიდავეებთან დაკავშირებას, მაგრამ, როგორც ვიცი, ამას შედეგი არ მოყოლია. ადრე, საუკეთესო სპარინგპარტნიორები გვყავდა და ყველა დაიშალა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, უცხო ქვეყნიდან მოგვეწვია მოჭიდავეები. ახლა პოლონელები გვყავს ჩამოყვანილი, გვეხმარებიან და გვერდით გვიდგანან. იმედია, გენო იპოვნის თავის თავს, შევა ფორმაში და ყველას გულის გასახარად და თურქის  გულის დასაწყვეტად, გამარჯვებას მოიპოვებს.

– ბოლო ორი წელია, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტსმენების განთესვა ხდება. ასეთები კი წელს ორი გვყავს – პეტრიაშვილი და ავთო კენჭაძე. მისი უშუალო კონკურენტები, რუსი სიდაკოვი, ამერიკელი ბეროუზი და იტალიელი ჩამიზო ბადის სხვა მხარეს იქნებიან და ნახევარფინალებამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან. კენჭაძემ სიდაკოვთან ორი პრინციპული დაპირისპირება დათმო – გასული წლის მსოფლიოს ფინალი და წელს, მინსკის თამაშების სტარტზევე მასთან დამარცხდა. ფსიქოლოგიური კომპლექსი ხომ არ ჩამოუყალიბდა მას სიდაკოვთან და ტრავმის ფონზე, რამდენად შეძლებს თავის გამოჩენას?

– სულ ათი წონითი კატეგორიაა. აქედან ოთხი არაოლიმპიურია, ასე გადაწყვიტა საერთაშორისო ფედერაციამ. 6 წონით კატეგორიაში, ყველა ცდილობს ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრას. ზოგი წონას იკლებს, ზოგი პირიქით, იმატებს. აქედან გამომდინარე, 74 კილოგრამშიც, 65-ის ანგარიშგასაწევი სპორტსმენები იკრიბებიან. 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ოთხეულის გარდა სხვა ძლიერი მოჭიდავეებიც არიან, მაგალითად უზბეკი და ირანელი. 8-10 მოჭიდავეა ისეთი, რომელი მოიგებს, წინასწარ ვერ იტყვით. სამწუხაროდ, ავთომ შეკრების დასრულების დღეს ხელის ტრავმა მიიღო, იდაყვი იტკინა. რეაბილიტაციას გადის, გვაქვს მუდმივი სატელეფონო კომუნიკაცია. მკურნალობას ექვემდებარება და ვფიქრობ, ეს ხელს არ შეუშლის.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ ბექა ლომთაძეზე, რომელსაც ფინალის წაგების კომპლექსი ჩამოუყალიბდა.  ყველას გვახსოვს, როდესაც წელს ის ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეტოქეს 8:0 ამარცხებდა და მაინც დამარცხდა. ამდენ წაგებულ ფინალს ლოგიკური ახსნა ექნება, რა კომპონენტზე მიდის მასთან მუშაობა?

– დიახ, ჩვენ ვნახეთ ის სამწუხარო ფინალი, რომელიც დათმო. მასთან ფსიქოლოგიური კუთხით მიდის მუშაობა. სამედიცინო პერსონალიდან, ზურა კახაბრიშვილია ჩართული. იმიტომ არა, რომ ჩვენი სპორტსმენია, ბექა ლომთაძე მართლა ძლიერია. ამ წონით კატეგორიაში (61კგ) ის საუკეთესოა და გვინდა, რომ ეს მანაც ირწმუნოს. ამისთვის ყველაფერი კეთდება. შეხვედრებზე, მუშაობაში, ვარჯიშზე, საუბრისას, ვცდილობთ, ისეთი გარემო შევქმნათ, რომ თავი ლიდერად იგრძნოს. ის მართლა ლიდერია და ბექამ უნდა დაიჯეროს. ვინც ჭიდაობას აკვირდება, დაინახავს, რომ როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ის კონკურენტებისგან, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური პრობლემა უნდა გადალახოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

– როდესაც ჩვენ ბოლოს ინტერვიუ ჩავწერეთ, ვისაუბრეთ, რომ რთული გადაწყვეტილების წინაშე იდგა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, თუ ვინ იჭიდავებდა მსოფლიო ჩემპიონატს 65 კგ წონით კატეგორიაში – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თუ ზურაბ იაკობიშვილი. ფაქტია, რომ ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება არ დაგჭირდათ. ყველა ელოდებოდა ამ ორი სპორტსმენის დაპირისპირებას, მაგრამ კონკურენციის აუცილებლობა არ დამდგარა. როგორ გადაჭერით ეს საკითხი?

– ბევრი განიხილავდა ამ საკითხს და ელოდა, ხინჩეგაშვილისა და იაკობიშვილის უშუალო დაპირისპირებას, მაგრამ მწვრთნელების გადაწყვეტილებით, იაკობიშვილისთვის წონის დაკლება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. ეს მის მომავალს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე სასიკეთოდ წაადგებოდა. გადავწყვიტეთ, რომ ზურამ გააგრძელოს თავის წონით კატეგორიაში ასპარეზობა და ის იბრძოლებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის. რაც შეეხება მისთვის წონის დაკლებას, შევისწავლეთ მისი ორგანიზმი, ცხიმოვნება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თავადაც ასე გადაწყვიტა.

– არ წყდება გული, რომ შესაძლოა თავისი კარიერის ერთადერთი ოლიმპიადა გამოტოვოს?

– კი, მაგრამ, მგონი დამეთანხმებით იმაში, რომ მსოფლიო რომ მოიგოს კიდევ რამდენჯერმე, ეს პატარა საქმე არ არის. ყველას უნდა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება, მაგრამ წესებს ჩვენ არ ვადგენთ, ამისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება არიან. ზურამ რომ დაიკლოს, ამას რა შედეგი მოჰყვება, ესეც ხომ უნდა განვიხილოთ. ამ ეტაპზე ასე ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მან თავის წონაში განაგრძოს ასპარეზობა.

– ოთხი მოჭიდავე, რომელიც მედალს გააკეთებს, სეზონის განმავლობაში განთესილი იქნება. თქვენ რა უპირატესობას გაძლევთ ეს?

რაც შეეხება განთესვას, თუ გადავხედავთ წინა მსოფლიო ჩემპიონატებს, გენო პეტრიაშვილის წონაში განთესვა ამართლებს, სხვა წონით კატეგორიებში ეს დიდად არაფერს წყვეტს. ვერ ვსარგებლობთ ამით. კი, კარგია, რომ ორი ძლიერი სპორტსმენი ფინალამდე არ ხვდება ერთმანეთს, მაგრამ არიან სხვა მოჭიდავეებიც, რომლებიც განთესვაში საერთოდ არ არიან, მაგრამ ძალიან ძლიერები არიან.

– ძალიან მნიშვნელოვანია ეს მსოფლიო ჩემპიონატი თქვენთვის, იმიტომ, რომ განსხვავებით ძიუდოსა და ძალოსნობისგან, სადაც სარეიტინგო ქულებს აგროვებენ, აქ გამარჯვებული პირდაპირ მიიღებს ტოკიოს საგზურს.  თამაშდება 6 ლიცენზია და  სულ ასეთი იქნება სამი საკვალიფიკაციო ტურნირი, ამდენი ტრავმის ფონზე მიზანი როგორ გაქვთ დასახული?

– ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა უმაღლესი საფეხური დაიკავონ და კვარცხლბეკზე ავიდნენ. მედლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მაგრამ მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ლიცენზია ავიღოთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. გასულ წლებთან შედარებით, სადაც უფრო მარტივი იყო ლიცენზიის აღება, ახლა უფრო გართულდა და ამიტომ, გვინდა, ეს საკითხი ამ მსოფლიო ჩემპიონატზევე დადებითად გადაწყდეს, რომ მომავალ წელს მთელი ყურადღება ოლიმპიურ თამაშებზე გადავიტანოთ. მასზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ლიცენზიებზე აღარ უნდა გვქონდეს საფიქრალი. გვირჩევნია, წელსვე დაკომპლექტდეს გუნდი და მომავალი წლიდან მზადებას შევუდგებით ოლიმპიადისთვის. მითუმეტეს, მომავალ წელს სულ ორი საკვალიფიკაციო ტურნირია. ერთი უნგრეთში, ევროპული ქვეყნებისთვის, ბულგარეთში კი მსოფლიოს მასშტაბით იქნება. ჩვენ შევეცდებით, ნურ სულთანში ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობა მოვიპოვოთ.

– ჭიდაობას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში. ისინი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ თქვენგან. გვახსოვს, ზედიზედ ევროპის ორ ჩემპიონატზე ასპარეზობა ოქროს გარეშე დაასრულეთ, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდათ თავს ფანებისგან. რა მოწოდება გექნებათ მათთვის მსოფლიოს წინ?

– საბედნიეროდ, ამ მსოფლიო ჩემპიონატს ისე ვუახლოვდებით, ჯერ სკანდალი არ აგორებულა და ბიჭებიც მშვიდად შეუდგებიან თავიანთ საქმეს. როდესაც ნეგატივია ირგვლივ, მაინც გეფიქრება, მოგდის ეს ცუდი მესიჯები და ჩვენზე ცუდად მოქმედებს. თითოეულ გულშემატკივარს მინდა, მადლობა გადავუხადო გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველას, ვინც დადებითი ემოციებით გვამარაგებს. ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა ასახელონ. 24 საათი შეკრებაზე და შრომაში ვართ. ჩვენზე ძალიან არავის უნდა მედლების აღება.

– საქართველომ ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, რუსეთისა და ამერიკის გვერდით,  გუნდურ მესამე ადგილი დაიკავა. რამდენად ადვილი იქნება წელს სამეულში მოხვედრა?

– სასიხარულოა და მართლაც ისტორიული შედეგი იყო ზედიზედ ორჯერ, ასეთი დიდი ქვეყნების შემდეგ სამეულში მოხვედრა. თუ ტრავმებმა არ შეგვიშალა ხელი, რომელიც ნაკრების 70%-ს აქვს, შევეცდებით გავიმეოროთ ეს ადგილი, მეტი მედალი და ლიცენზია მოვიპოვოთ.

– ასპარეზობას 19 სექტემბრიდან იწყებთ. როდის მიემგზავრებით ყაზახეთში?

– შეკრებას 14 სექტემბერს დავასრულებთ, 15-ში კი ნურ სულთანში გავფრინდებით. სამ დღიანი ადაპტაციის პერიოდი გვექნება, აკლიმატიზაციას გავივლით, 19 სექტემბრიდან კი 57 და 65 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაერთვებიან ასპარეზობაში.

 

  • 381
  •  
  •  
  •  
  •