ნუგზარ წურწუმია: ჩემი მიზანი, დღეს, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობაა

ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატი 22 წლის ხობელი მოჭიდავისთვის, ნუგზარ წურწუმიასთვის რიგით მეორეა.

ბუდაპეშტის მსოფლიოს დებიუტანტს, შეიძლება ითქვას, რომ ფინალში გასასვლელად, აზერბაიჯანელ ელდაზინ აზიზლთან ცოტა იღბალი და მსაჯების წყალობა დააკლდა, თუმცა მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი არავის დაუთმო.

წლევანდელ ევროპაზე წურწუმიას სტარტი გაუცუდდა და მთლიან ჩათვლაში, მერვე ადგილი დაიკავა.

22 წლის ასაკში, უფროსებს შორის ეს მისთვის მეშვიდე დიდი ტურნირი იქნება.  ნუგზარ წურწუმიას აქტივში, 2019 წელს ორი ოქროს მედალი, ერთი სულ ცოტა ხნის წინ, პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა, 23-წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე კი, ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ოქროს მედალი აიღო.

წურწუმია ნურ სულთანში 14 სექტემბრიდან იასპარეზებს. ყაზახეთში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, „რეკორდერი“ ნუგზარ წურწუმიას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ პლანეტის პირველობაზე ერთი ფიქრით მიდის – დაამარცხოს ყველა, ვინც არ უნდა იყოს ის.

– თქვენთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატია უფროსებში. შარშან, ბუდაპეშტში ძალიან ცოტა დაგაკლდათ ფინალამდე. მზად ხართ, წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდე?

– შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბევრი ვიმუშავე იმ შეცდომებისა და ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც ვფიქრობ, რომ შარშან დამაკლდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მზად ვარ, ვიბრძოლო ჩემპიონობისთვის.

– ერთი ძალიან უხერხული მოწინააღმდეგე გყავს, აზერბაიჯანელი აზიზლის სახით. მასთან რამდენჯერმე დამარცხდი. ის თქვენზე გაცილებით ძლიერია თუ ფსიქოლოგიური ფაქტორია?

– კი, მართალია, რამდენჯერმე მომიგო, მაგრამ ერთი წუთითაც კი არ მიფიქრია, რომ ის ჩემზე ძლიერია. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და მივდივართ იმ განწყობით, რომ ვინც არ უნდა შემხვდეს, დავამარცხებ, თუნდაც აზიზლი იყოს ეს.

– თქვენი ჭიდაობის გამორჩეულ სტილს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მათთვისაც გულდასაწყვეტია ალბათ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მოსახვედრად ვერ იბრძოლებთ, რადგან ოლიმპიურ წონაში არ ასპარეზობთ. თავად არ გწყდებათ გული?

– რა თქმა უნდა, მწყდება, მაგრამ რეალურად შევხედოთ. ვინც ჭიდაობა იცის, ესმის და გარკვეულია, მიხვდება, თუ რამდენს ნიშნავს 5-6 კილოს მომატება, ან დაკლება. ჩემი მიზანი, დღეს, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობაა.

  • 1.3K
  •  
  •  
  •  
  •