ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დანიასთან მატჩი ფრედ დაასრულა

ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, “დინამო არენზე” დანიის ნაკრებთან გამართა და ფრედ – 0:0 დაასრულა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი, მისი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში პირველად, დღეს ყველაზე კარგად გამოიყურებოდა. თანაც, ორივე ტაიმში, გუნდმა ტემპი არ დააგდო და დანიელებს ტოლი არაფერში დაუდო.

რა თქმა უნდა, მატჩში ფავორიტის სტატუსი სტუმარ გუნდს ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ ირჯებოდა, ისევე როგორც შუახაზი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელებს მეორე სართულზე უჭირდათ ტექნიკური და ტანმაღალი დანიელების წინააღმდეგ თამაში, ვაისის გუნდს ბურთი არ დაუთმია მეტოქესთვის და მაქსიმალურად ცდილობდა ფონს კონტრშეტევებით გასულიყო.

აუცილებლად უნდა აიღინიშნოს ფრანგ მსაჯთა ბრიგადის გადაწყვეტილებები. მთელი მატჩის განმავლობაში, ფრანგი რეფერი საქართველოს სასარგებლოდ უმეტეს ეპიზოდებში არ იღებდა გადაწყვეტილებებს. ასეთი მომენტი იყო მეორე ტაიმში დანიელი ფეხბურთელის მხრიდან საჯარიმოში ხელით თამაში, სადაც ქართველი ფეხბურთელები 11 მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ერთ მომენტში ისე გაცხარდა ფრანგი მსაჯის მოქმედებებზე, რომ ემოციები ვერ დამალა და ამის გამო ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

მეორე ნახევარში საქართველომ და დანიამ ძელები გაცვალეს. ჯერ იყო და საჯარიმო ჩაწოდებულზე ვაკო ყაზაიშვილის დარტყმული ხარიხამ აისხლიტა, სხვაგვარად შმაიხელს შანსი არ ჰქონდა. ამ ეპიზოდიდან 1 წუთში კი უკვე კრისტიან ერიქსენს ჰქონდა გატანის შესაძლებლობა და მანაც ძელს გაარტყა ბურთი.

მატჩის ბოლოს თორნიკე ოქრიაშვილის შესრულებული საჯარიმო კასპერ შმაიხელს პირდაპირ ხელებში მიუვიდა და მატჩიც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მომდევნო თამაშს, საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

4 ტურის შემდეგ, საქართველოს ჯგუფში 4 ქულა აქვს და ბოლოს წინა, მეოთხე ადგილს იკავებს, დანიელებს კი 9 ქულა დაუგროვდათ და მეორე პოზიციაზე არიან.

ფოტო: სფფ

  • 107
  •  
  •  
  •  
  •