სეოკმა და პარალიმპურმა კომიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი "საქართველოს ბანკი" პარალიმპური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა

ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი  “საქართველოს ბანკი” პარალიმპური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა.

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს პარალიმპურ კომიტეტს შორის. ასევე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ს.ს ,,საქართველოს ბანკსა“ და პარალიმპურ კომიტეტს შორის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა და პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა, შალვა მაისურაძემ.

სეოკსა და პარალიმპურ კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცებას, ოლიმპიური მოძრაობის წინაშე დასახული სტრატეგიული საქმიანობების ერთობლივ განხორციელებას ოლიმპიური დღის წესრიგი-2020-ის გათვალისწინებით.

საქართველოს ბანკი ქართველი პარალიმპიელებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერის მიზნით, პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა. შესაბამის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ და პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა, შალვა მაისურაძემ.

საქართველოს ბანკისა და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი პარალიმპელი სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის – 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც ქალაქ ტოკიოში გაიმართება. საქართველოს ბანკი ქართველი სპორტსმენების გენერალური მხარდამჭერი და ქომაგი იქნება. როგორც სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, ოლიმპიური კომიტეტი აქამდეც გვერდში ედგა ქართველ პარალიმპიელებს და დღეიდან ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ბანკი უკვე სამი წელიწადია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია და ჩვენ ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. მივესალმებით ბანკის ახალ ხელმძღვანელთა კეთილ ნებას ასევე ითანამშრომლონ პარალიმპურ მოძრაობასთან. ჩვენ წინ გველოდება სპორტული ოთხწლეულის უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება – ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ტოკიოში ჩატარდება. იქვე გაიმართება პარალიმპური თამაშებიც. იმედი გვაქვს, რომ ამ შეჯიბრებებზე ქართველი სპორტსმენები ღირსეულად გამოვლენ და ეს იქნება ჩვენი საერთო წარმატება”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •