ბექა როყვას ამბიციური განაცხადი – ოქრო მსოფლიოდან

„ოქროს მედალი - ეს არის ჩვენი უპირველესი ამოცანა“- ბექა როყვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2019 წლის ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას 14 სექტემბრიდან დაიწყებს. წლევანდელ მსოფლიოს დიდი მნიშვნელობა აქვს – ყაზახეთში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2007 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი არ ყოლია. ბოლო ორ წელიწადში გუნდის მონაპოვარი 4 ბრინჯაოს მედალია, წელს კი მიზანი საკმაოდ ამბიციურია. ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა „რეკორდერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ პროგრამა მინიმუმი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობაა, მთავარი კი ისაა, რომ ნურ სულთანიდან საქართველოში, მინიმუმ ერთი ოქროს მედალი ჩამოიტანონ.

ბექა როყვა „რეკორდერთან“ ინტერვიუში, პირველად ასახელებს იმ შემადგენლობასაც, რომელიც ყაზახეთში პლანეტის უძლიერესის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

„ოლიმპიური დღიურების“ სტუმარი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

მაგდა კლდიაშვილი

– მზადების დასკვნით ეტაპზე გადახვედით. არის თუ არა გუნდი მზად და რა შემადგენლობით მიდიხართ ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატზე?

– პირველ სექტემბერს დავიწყეთ დასკვნითი შეკრება ბორჯომში. 14 სექტემბერს კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავერთვებით. მზადების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. გვქონდა შეკრება, სადაც აქცენტი ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე გაკეთდა. ასევე, იყო შერეული მზადება – ტაქტიკურ-ფიზიკური. შეკრების ბოლო ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ყველა იმ კომპონენტზე, სადაც ვფიქრობთ, რომ მცირე ხარვეზები გვაქვს, იქნება ეს სისწრაფე, ტაქტიკა თუ ფსიქოლოგიური მომზადება. რაც შეეხება ნაკრების შემადგენლობას, ასეთია: 55 კგ – ნუგზარ წურწუმია, 60 კგ – დავით ჩხარტიშვილი, 63 კგ – ლევან ქავჟარაძე, 67 კგ – შმაგი ბოლქვაძე, 72 კგ – იური ლომაძე, 77 კგ – გელა ბოლქვაძე, 82 კგ – ლაშა გობაძე, 87 კგ – გურამ ხეცურიანი, 97 კგ – გიორგი მელია, 130 კგ – იაკობ ქაჯაია.

– ცალკეულ სპორტსმენებზე ვისაუბროთ – ჩხარტიშვილმა მინსკის ტურნირზე მედლისთვის ბრძოლა ემოციებით წააგო. მელია, რომელსაც ბევრი წაგებული ფინალი დაუგროვდა, შმაგი ბოლქვაძესაც ბოლო მომენტში დააკლდა რაღაც. დიდი ხანია მსოფლიო ჩემპიონი არ ყოლია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. მუშაობთ ამ დეტალების დახვეწაზე?

– რა თქმა უნდა. ვმუშაობთ მწვრთნელები, ფსიქოლოგები და ყველა ის ადამიანი, ვისაც უშუალოდ ეხება კონკრეტული საკითხი. ვმუშაობთ როგორც გუნდურად, ასე პერსონალურად და ინდივიდუალურად ბიჭებთან, რომ გამოსწორდეს ეს ნიუანსები. დიახ, ჩვენ დიდი ხანია მსოფლიო ჩემპიონი არ გვყოლია და მითუმეტეს, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ორმაგად საპასუხისმგებლობა. ზუსტად იმიტომ, რომ ჩემპიონი არ გვყოლია ათ წელზე მეტია და ამასთან, ეს ტურნირი არის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო. გასულ ოლიმპიადებზე, რიო, ლონდონი და მანამდე, სალიცენზიო ტურნირები შედარებით მარტივი იყო, ვიდრე წლევანდელი. თუკი მანამდე კვალიფიკაციაზე 20-21 სპორტსმენი მონაწილეობდა წონების მიხედვით, ახლა ეს 16 კაცამდე შემცირდა და ლოგიკურად, უფრო რთულია ლიცენზიის აღება. მსოფლიოს გარდა, მანამდე იყო სამი სალიცენზიო ტურნირი, ახლა, მონაწილეთა რაოდენობის შემცირების პირდაპირპროპორციულად, იკლო შეჯიბრების რაოდენობამაც. ახლა, მსოფლიო პირველობის გარდა, ორი ტურნირია – ერთი ევროპული ქვეყნებისთვის და ერთი მსოფლიო დონის.

– ნუგზარ წურწუმიაზე უნდა გკითხოთ, რომელსაც ჭიდაობის გამორჩეული სტილი აქვს და ძალიან პერსპექტიულადაც მიიჩნევა ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, თუმცა ის ოლიმპიურ წონაში არ ასპარეზობს. შესაბამისად, ვერც ლიცენზიისთვის იბრძოლებს. რატომ არ გადაიყვანეთ ის ოლიმპიურ წონით კატეგორიაში?

– ეს რთული საკითხია. წურწუმია 55 კილოგრამში ასპარეზობს, დაბალ წონაში. ვინმესთვის შეიძლება მარტივი იყოს და განსხვავებასაც ვერ ხედავდეს, თუკი ის 60 კილოში აიწევს, მაგრამ პროფესიონალურად და სპორტული თვალსაზრისით თუ შევხედავთ, პატარა წონისთვის არაა ადვილი მაღალ წონაში გადასვლა. მაღალ წონებში შესაძლოა უფრო მარტივად შეაცვლევინო მოჭიდავეს წონა და იმუშაო ფიზიკური ძალის მომატებაზე, დაბალ წონაში ეს ძალიან რთული პროცესია.

– თუმცა, წურწუმიას უშუალო კონკურენტი, აზერბაიჯანელი აზიზლი, ვიცით, რომ ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. წელს კი ჭიდაობს მსოფლიოს 55 კილოგრამში, მაგრამ მომავალი წლის სალიცენზიო ტურნირებში მაღალი წონით გამოვა…

– აზიზლის ამბავი ნამდვილად არ ვიცი. ჩვენს შემთხვევაში კი, ჯერ-ჯერობით, მსოფლიოს ველოდებით. ვნახავთ, როგორი შედეგი გვექნება ლიცენზიებიდან გამომდინარე და შემდეგ დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი. სამწვრთნელო შტაბი ითათბირებს და გადავწყვეტთ, რა და როგორ აჯობებს. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც ნაკრებსა და ქვეყანას წაადგება.
– მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტით, ექვსი ფინალისტი პირდაპირ მოიპოვებს ტოკიოს საგზურს. ნაკრების ბოლო დროინდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ორი ბრინჯაოა ის სტაბილური შედეგი, რასაც აჩვენებთ. ამის გათვალისწინებით, რამდენად შეძლებთ ლიცენზიების მაქსიმალური რაოდენობის პირველივე საკვალიფიკაციო შეჯიბრზე მოპოვებას?
– აღვნიშნე უკვე, რომ ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა, პირობას გაძლევთ, რომ შევეცდებით და ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ. ჩვენი დევიზია, რაც შეიძლება მეტი ლიცენზია ავიღოთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა მსოფლიო ჩემპიონი გვინდა აუცილებლად და ეს არის ჩვენი უპირველესი ამოცანა.

– ვიყოთ გულწრფელები, ვის აქვს ყველაზე რეალური შანსი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების?

– რომ გითხრათ, ყველასგან ოქროს მედალს ველოდებით, ან კონკრეტულად რომელიმე მოჭიდავე გამოვარჩიო, არ იქნება სწორი და კორექტული. როგორც ოლიმპიურ თამაშებზეა რთული პროგნოზის გაკეთება და მედლის დაგეგმვა, ასევეა სალიცენზიო მსოფლიოზეც. წინასწარ ფსონს რომელიმე კონკრეტულ სპორტსმენზე ვერ გააკეთებ. მსოფლიო ჩემპიონატის წინ, სხვადასხვა ქვეყნებიც ცვლიან შემადგენლობებს, ზოგი წონას იკლებს ან სხვა პრობლემა აქვთ. შეიძლება სულაც ახალი სახელები და გვარები ვიხილოთ და ჩვენთვისაც სიურპრიზი იყოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მსოფლიოზე ჩვენ ჩემპიონი გვეყოლება. არავის ეგონოს, რომ თავს ვიზღვევ, მაგრამ რთულია წინასწარ პროგნოზების გაკეთება. ოქრო და მეტი ლიცენზია – ესაა ჩვენი ამოცანა.

– ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვება თქვენი პროგრამა მინიმუმია თუ მაქსიმუმი?

– რა თქმა უნდა, ეს პროგრამა მინიმუმია. ლიცენზიებთან ერთად მედლები კი საუკეთესო ვარიანტი იქნება.

– ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველად იქნება ისე, რომ ოთხი მედალოსანი, მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ ოთხეულის მოჭიდავე და შესაბამისად, განთესილი იქნება. რა უპირატესობა აქვს ამას?

– ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ორი წელია, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება ძლიერ სპორტსმენებს განთესავს ბადის სხვადასხვა მხარეს, რომ კვალიფიკაციაზე, ან ნაადრევ ეტაპზე ისინი ერთმანეთს არ შეხვდნენ. მათი ინტერესიც არის, რომ ძლიერმა კონკურენტებმა ერთმანეთი თავიდანვე არ გამოთიშონ ასპარეზობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარფინალამდე ან ფინალამდე არ შეხვდები შენს უშუალო კონკურენტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ რობერტ კობლიაშვილზე, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მოიგო ევროპა, გახდა ევროპის ვიცე ჩემპიონი და ზედიზედ ორ მსოფლიოზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ახლა კი ის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმაა დარჩენილი. მაშინ, როდესაც თქვენი ნაკრების მსოფლიოზე მოპოვებული ორი მედლიდან ერთი კობლიაშვილზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მას წელს ჩავარდნა ჰქონდა, ეს გადაწყვეტილება სამართლიანია?

– მიუხედავად იმისა, რომ კობლიაშვილი წლევანდელ მსოფლიოზე არ მიემგზავრება, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ მოიაზრება ამ ოლიმპიური ციკლის მზადების პროცესში სხვა დანარჩენ მოჭიდავეებთან ერთად. წელს რამდენიმე შეჯიბრი გვქონდა, სხვადასხვა წონითი კატეგორიების მიხედვით. გავსინჯეთ ეს ბიჭები და რობერტის საკითხიც შედეგიდან გამომდინარე გადწყდა. მას ჰქონდა წელს ჩავარდნა და მან უშუალო შეხვედრა წააგო რუმინეთში გურამ ხეცურიანთან. სამწვრთნელო შტაბმა ამის გამო გადაწყვიტა, რომ ყაზახეთში ხეცურიანმა იჭიდაოს.

– ხეცურიანი მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტია. დებიუტანტებისთვის არ იქნება რთული სალიცენზიო მსოფლიოს ჭიდაობა?

– რთულია, მაგრამ ამას ვერ გავექცევით. დებიუტანტი ყოველთვის შეიძლება გყავდეს, რამეთუ ნაკრები ცოცხალი ორგანიზმია და როტაცია ბუნებრივი პროცესია. იყო შიდა საკონკურენციო ტურნირი რუმინეთში, სადაც იმ წონით კატეგორიებში, სადაც უნდა გამოვლენილიყვნენ ის მოჭიდავეები, რომლებიც მსოფლიოზე შემადგენლობაში დადგებოდნენ. სწორედ, რუმინეთის ტურნირმა ჩამოაყალიბა გუნდის ძირითადი ბირთვი და ეს დატვირთვა ჰქონდა ამ შეჯიბრში მონაწილეობას.

– იური ლომაძის გარშემო ბოლო პერიოდში სასიამოვნო პროცესები არ განვითარდა, თუმცა, მან შეძლო და მოიგო რუმინეთის შეჯიბრზე მესამე ადგილისთვის ბრძოლა. მზადაა ის ფსიქოლოგიურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის?

– ლომაძე ისეთ სტილს ჭიდაობს, არაპროგნოზირებადია. ფსიქოლოგიურ მომენტს რაც შეეხება, მან წელს ორ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, სადაც შედეგის გარეშე არ დარჩენილა. ერთი იყო ესტონეთი და მეორე რუმინეთში, სადაც შიდა კონკურენციაში აჯობა დავითაიასა და ზოიძეს. მათთან უშუალო დაპირისპირებებიც მოიგო. მსოფლიოზე იასპარეზებს და მასზე ვამყარებთ დიდ იმედებს. ის ახალგაზრდაა და ყველას კარგად გვახსოვს მისი გამოსვლა შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრები აჩვენა. ამიტომ, მისგან ველოდებით მედალს.

– რუმინეთში ლომაძემ ზოიძეს მოუგო მესამე ადგილისთვის ფინალში, რომელიც ასევე ძალიან პერსპექტიულად მიიჩნევა. იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე განვითარებული მოვლენების ფონზე, რამდენად ჯანსაღად მიმდინარეობს შიდა კონკურენცია ნაკრებში?

– ამ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. ვგულისხმობ შიდა კონკურენციას. რაც მეტია კონკურენცია, მით უფრო უკეთესია შედეგი. ეს ჩვენი მუშაობის დროს არ დამტკიცებულა, სპორტში ასეა საერთოდ. როდესაც სპორტსმენს მდევარი ჰყავს, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე ჩაგანაცვლოს, იცი, რომ გარანტირებული არ გაქვს ადგილი შემადგენლობაში და მეტად მონდომებული ხარ, არ დუნდები. ჩემი აზრით, ეს ჯანსაღი პროცესია და ძალიან კარგია.

– ნიშანდობლივია ისიც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატრამდე 1-2 თვით ადრე ყოველთვის გორდება სკანდალი ჭიდაობის ფედერაციის, ან ნაკრების წევრების გარშემო. ეს მოქმედებს თქვენს მზადებაზე?

– გიჟი უნდა იყო ადამიანი, რომ ცილისწამებას ან ასეთ ნეგატიურ მოვლენებს გულგრილად შეხედო. ჩვენ, მწვრთნელები, ხელმძღვანელობა და სპორტსმენებიც, მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის გულშემატკივარსაც, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ქმედებებისგან, მითუმეტეს ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის წინ. ეს ყველაფერი დადებით გავლენას არ ახდენს სპორტსმენზე და ეს ბიჭები ჩვენ ან მხოლოდ საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ეს ნაკრები ქვეყნის და ერის სახელი და პრესტიჟია.

– როდის მიეგზავრებით ყაზახეთში და როგორ განწყობაზეა ნაკრები?

– ხასიათს რაც შეეხება, როგორც გითხარით, 1 სექტემბერს დავიწყეთ მზადება. სტარტი მშვენიერია და განწყობა – კარგი. 11 სექტემბერს ღამე მივემგზავრებით და 14 სექტემბრიდან ჩავერთვებით პლანეტის პირველობაზე.

ფოტო: სალომე ბალახაშვილი

  • 1.5K
  •  
  •  
  •  
  •