საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარმილიონიანი გირაოს გადახდა დააკისრა

ტვ პირველის" მფლობელის, ვახტანგ წერეთლის განმარტებით, გირაოს გადასახდელად მას ტელეკომპანიის შენობის ჩადება მოუწევს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, 500 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

გენერალურმა პროკურატურამ, ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართა. საქალაქო სასამართლოში სხდომა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

როგორც წერეთელმა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილს განუმარტა, მისი ოჯახი დღეს ბიზნესებს აღარ ფლობს და შემოსავალი 180 ლარიანი პენსიაა. მოსამართლემ ვახტანგ წერეთელს სთხოვა, დაეკონკრეტებინა, თუ რა შემოსავალი აქვს ზოგადად წერეთლების ოჯახს, რათა გირაოს ოდენობა განესაზღვრა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ეს 10 ათასი ლარიც არ არის. ბრალდებული აცხადებს, რომ მათი ოჯახისთვის ხელისუფლებას “ტვ პირველის” წართმევა სურთ, მაგრამ ვერ მიიღებენ.

ავთანდილ წერეთლის შვილმა, “ტვ პირველის” მფლობელმა ვახტანგ წერეთელმა განმარტა, რომ გირაოს გადასახდელად მას ტელეკომპანიის შენობის ჩადება მოუწევს.

გამოძიება წერეთელს “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •