ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატი: ლუხუმ ჩხვიმიანი 1/4 ფინალშია

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია

დღეს, საქართველოს დროით 06:00 საათზე, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სტარტი აიღო 2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელიც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ერთგვარი რეპეტიციაა.

პლანეტის პირველობას სწორედ ის დარბაზი მასპინძლობს, სადაც 2020 წელს ძიუდოისტები ოლიმპიური მედლებისთვის შეებრძოლებიან ერთმანეთს.

ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება, ამიტომ ყველა მონაწილისთვის ეს ტურნირი ორმაგად მნიშვნელოვანია.

საქართველოს ნაკრებს პირველ საშეჯიბრო დღეს ორი მონაწილე ჰყავდა. -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა და ამირან პაპინაშვილმა სტარტი წარმატებით აიღეს და 1/8 ფინალშიც გავიდნენ, სადაც პაპინაშვილი ყაზახ კირგიზბაიევთან დამარცხდა და 1/4 ფინალში გასვლა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, დაუმარცხებელია ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც 1/4 ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში უკრაინელი არტიომ ლესიუკი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალისთვის ჩინური ტაიპეის წარმომადგენელს, ვეი იანგ იუნგს დაეჭიდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 საათიდან დაიწყება.

  • 565
  •  
  •  
  •  
  •